ფერნანდო ალონსო: ფული ჩემს ჩემპიონობაზე დადეთ

AutoSharing Option

ბრიტანულ "ავტოსპორტთან" ინტერვიუში ფერნანდო ალონსომ განიხილა საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლის ვარიანტები, ახსნა რას ნიშნავს "ფერარის" ბოლიდით გამოსვლა და ივარაუდა, რომ 10 წლის შემდეგ მხოლოდ დასვენებაზე იფიქრებს.


- ფერნანდო, ზედიზედ  ორი რბოლა მოიგეთ. ახლა შეიძლება ჩემპიონობაზე ფიქრი?
- ტიტულის მოგების ყველაზე დიდი შანსი იმ პილოტს ექნება, ვინც დარჩენილ რბოლებს პოდიუმზე დაასრულებს. ჯერჯერობით ტიტულის ყველა კანდიდატი არასაკმარისად სტაბილურია, ამიტომაც ეტაპზე გამარჯვება აუცილებელი არ არის - ოთხი მესამე ადგილიც საკმარისი იქნება. მაგრამ თუ სიმართლე გაინტერესებთ, გირჩევნიათ ფული ჩემზე დადოთ (იცინის).

- მაგრამ, სანამ თქვენზე

ფულს დავდებთ, მეტი ინფორმაცია გვჭირდება. უკვე მეოთხედ იბრძვით ჩემპიონობისთვის - ორჯერ გაიმარჯვეთ, ერთხელ კი დამარცხდით. ეს გამოცდილება თქვენს ფავორიტობაზე მეტყველებს?
- დღეს ფავორიტი არ არსებობს. ისევ ვაგებ რამდენიმე ქულას მარკ უებერთან, მაგრამ ჩვენი გუნდი უკეთ მუშაობს. მუდმივად უნდა გავაუმჯობესოთ მანქანა, კონცენტრირებული უნდა ვიყოთ მიზნის შესრულებაზე და არ დავუშვათ შეცდომები. გარდა ამისა, იღბალიც საჭიროა.

- რამდენია დამოკიდებული პილოტზე? თუ ყველაფერს მანქანა წყვეტს?
- წარმატების 70 პროცენტი მანქანაზეა დამოკიდებული, 30 პროცენტი - მრბოლელზე. ყველა ბოლიდი ერთნაირი რომ იყოს, საპირისპირო სიტუაცია გვექნებოდა. მაგრამ პილოტმა უნდა შეამციროს შეცდომების რიცხვი და ინჟინრებთან ერთად კარგად უნდა იმუშაოს მანქანასთან. საბოლოოდ, ყველაფერი დამოკიდებულია გუნდურ სამუშაოზე. ტრასაზე კი პილოტი ყოველთვის 100 პროცენტით იხარჯება. 98 პროცენტი საკმარისი არ არის.

- არაერთი რეკორდი გაქვთ დამყარებული: გრან-პრის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული და ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ხართ... ახლა გამოცდილი პილოტი გქვიათ და სებასტიან ფეტელს ებრძვით. როგორ აფასებთ მის ნიჭსა და ოსტატობას?
- ის ყველა რბოლაში ამტკიცებს, რომ ღირსეული პილოტია. შემთხვევით არ გამხდარა შარშან მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. მხოლოდ იღბალის წყალობით მეორე ადგილის მოპოვება შეუძლებელია. მას დიდი მომავალი ელოდება და ერთხელ აუცილებლად გახდება მსოფლიოს ჩემპიონი.

- მაგრამ სინგაპურში შეძელით მისი დამარცხება. "ფერარით" მოპოვებული გამარჯვება - განსაკუთრებულია?
- ორივე ტიტულის მოგების შემდეგ მამაჩემს ვეუბნებოდი: "ოცნება ავისრულე". ის მიყურებდა, თავს იქნევდა და მპასუხობდა: "ფერარიში რომ გადასულიყავი და იქ მოგეგო ჩემპიონატი, შენი ცხოვრება იდეალური გახდებოდა. ამის შემდეგ შეგიძლია კარიერა დაასრულო". და უნდა გითხრათ, რომ მართალს ამბობდა. "ფერარიში" სხვანაირად გრძნობ თავს, თითქოს ერთი დიდი ოჯახის წევრი ხარ.

- ყველა პილოტი ოცნებობს "ფერარიში" მოხვედრაზე. თქვენთვის ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც წარმოგედგინათ?
- უფრო უკეთესად. 2001 წელს, როცა "მინარდის" მანქანით გამოვდიოდი, ჩემს მშობლებს გერმანული ტელევიზიით უხდებოდათ რბოლების ყურება, რადგან ესპანეთში ფორმულა 1-ს პირდაპირ ეთერში არ გადასცემდნენ. ახლა "ფერარიში" ვარ და მხოლოდ ესპანეთში არ მიჭერენ მხარს. მთელს მსოფლიოში ათასობით ფანი გვყავს - იაპონიიდან დაწყებული, ბრაზილიით დამთავრებული. "ფერერის" წევრობა განსაკუთრებული პატივია.

- მაგრამ "ფერარიში" გამოსვლის ოცნება შეიძლება კოშმარად იქცეს, როგორც ეს ჰოკენჰაიმზე მოხდა.
- "ფერარი" ტრადიციებითა და ემოციებით ცხოვრობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის დიდ ზეწოლას განიცდის. ეს ბიზნესია და მარანელოში ეს კარგად იციან.

- ჰოკენჰაიმზე მასამ ყოველგვარი ბრძოლის გარეშე გაგატარათ წინ და ისევ წარმოიშვა დისკუსია გუნდური ტაქტიკის შესახებ. რას ფიქრობთ ამ პრობლემაზე?
- ჰოკენჰაიმზე გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ის უკვე წარსულს ჩაბარდა. ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება გამოიტანა და ჩვენ ის მივიღეთ. მაგრამ ასევე გამოაცხადეს, რომ წესი ბუნდოვანია და ის გადახედვას მოითხოვს. ეს მახარებს.

- "ფერარის" ყოველ პილოტს აუცილებლად მიხაელ შუმახერს ადარებენ. თქვენთვის ეს პრობლემას წარმოადგენს?
- არა. დღეს სულ სხვა წესებია და არც ერთ გუნდს არ შეუძლია ჩემპიონატში ისე დომინირება, როგორც ამას თავის დროზე "ფერარი" აკეთებდა. ასევე ვერავინ გაიმეორებს შუმახერის რეკორდს. მას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ გამარჯვების სურვილი ორივეს ერთნაირი გვაქვს. ყველა მრბოლელს უნდა მოგება.

- თქვენ თქვით, რომ უცხო ადამიანები არასწორად გაფასებენ. სინამდვილეში როგორი ხართ?
- საკმაოდ მშვიდი და რომანტიული. საერთოდ, ნორმალური ბიჭი ვარ. ცოტათი მორცხვი, თუმცა ეს არ მაწუხებს.

- გერმანიისა და იტალიის ფარგლებს გარეთ შუმახერს აფასებდნენ, მაგრამ არ უყვარდათ. ამ მომენტისთვის გერმანიაში ფორმულა 1-ის ბევრი ისეთი გულშემატკივარია, რომლებსაც არ უყვარხართ. ასეთია პილოტის ხვედრი?
- ის, ვინც მდევრის როლშია, ყოველთვის უყვართ. ეს სპორტის დაუწერელი კანონია. მაგრამ თითოეულ ჩვენთაგანს მთელს მსოფლიოში ჰყავს ფანები. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი სამშობლოდან არიან. ეს ნორმალურია.

- თქვით, რომ კარიერის დასრულება "ფერარიში" გინდათ. შუმახერიც ასე ამბობდა, მაგრამ 41 წლის ასაკში ისევ ტრასაზეა. თქვენ რას ფიქრობთ მის დაბრუნებაზე?
- ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როცა შუმახერის დაბრუნების შესახებ შევიტყვე, რადგან მას შეეძლო  შინ დარჩენილიყო და დასვენება გაეგრძელებინა. მაგრამ მრბოლელის ცხოვრება ძალიან ინტენსიურია და ჩვენთვის რთულია ნორმალურ ცხოვრებასთან შეგუება. თუ ისევ მოგეცათ რბოლის საშუალება, ამაზე უარის თქმა შეუძლებელია.

- თქვენ სად იქნებით 10 წლის შემდეგ?
- შინ კომფორტულად დავისვენებ.

- შუმახერი ამბობდა, რომ თავისი კარიერიდან რომელიმე ინციდენტის ამოშლა რომ შეეძლოს, 1997 წელს ხერესში ვილნევთან შეტაკებას აირჩევდა. თქვენს კარიერაში არის ასეთი მომენტი?
-  არც ერთი. უბრალოდ, ყველას აქვს აღზევებისა და დაცემის მომენტები. გამონაკლისი არც მე ვარ.

- დაასახელეთ თქვენს კარიერაში საუკეთესო რბოლა.
- როცა სამი წლის ვიყავი, პირველად მივიღე მონაწილეობა კარტინგებით რბოლაში. გამოვარდი და ბოლო ადგილზე გავედი, მაგრამ მაინც მომცეს თასი.

- უკვე გაქვთ ჩამოყალიბებული გეგმები, რას გააკეთებთ ფორმულა 1-ის შემდეგ? რა ეტაპზეა იდეა ალბერტო კონტადორთან ერთად ველოსაჯინიბოს შექმნის შესახებ?
- ველოსიპედით რბოლა ჩემი გატაცებაა. კარგი იქნებოდა ტოპ-გუნდის ჩამოყალიბება და ტურ დე ფრანსის მოგება. ეს დიდი გამოწვევა იქნება. მაგრამ ეს არ არის პატარა საქმე. საჭიროა კარგი მრბოლელები, კარგი მწვრთნელი, საჭირო აღჭურვილობა და რა თქმა უნდა, ბევრი სპონსორი.

- თქვენ თავად ხართ ველომრბოლი. კონტადორთან ერთად ყოფილხართ ტრასაზე?
- ალბერტომ რამდენჯერმე შემომთავაზა ერთად ვარჯიში, მაგრამ ყოველთვის დაკავებული ვიყავი. სამაგიეროდ, ერთხელ ოლიმპიურ ჩემპიონ სამუელ სანჩესთან ერთად ვივარჯიშე, რომელიც ჩემსავით ქალაქ ოვიედოდანაა. ეს იყო ძალიან ენერგიული ვარჯიში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული