მიხაელ შუმახერისთვის სინგაპურის გრან-პრი ყველაზე წარუმატებელი ეტაპი იყო წლევანდელ სეზონში - წერს BBC-ის მიმომხილველი მარკ ჰიუზი. ბრიტანელი მიმომხილველის აზრით, გერმანელმა დაკარგა თავისი რამდენიმე უნიკალური თვისება.
ახლა უკვე კანონზომიერებად აღვიქვამთ იმ ფაქტს, რომ საკვალიფიკაციო რბოლებში მიხაელ შუმახერი რამდენიმე მეათედ წამს აგებს თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან, როგორც ეს სინგაპურის რბოლაში იყო. მაგრამ უსისტემო, ნელმა, ინციდენტებითა და შეცდომებით სავსე რბოლამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაბრუნების შემდეგ პირველ სეზონში შუმახერი ყოველი ეტაპის შემდეგ დეგრადირების გზას ადგას.
ასეთ დასკვნას შემდეგ კითხვამდე მივყავართ - უნდა გააგრძელოს
თუ ფინალურ საკვალიფიკაციო სეგმენტებს გადავხედავთ, რომლებშიც "მერსედესის" ორივე პილოტი იღებდა მონაწილეობას, შუმახერი საშუალოდ 0,3 წამით ჩამორჩებოდა როსბერგს და ახალგაზრდა გერმანელმა 12 მიკროდუელი მოუგო ვეტერანს, რომელმაც, თავის მხრივ, მხოლოდ სამჯერ დაამარცხა ნიკო. რბოლებში კი მიხაელმა როსბერგზე 38 პროცენტით ნაკლები ქულა დააგროვა.
შუმახერს კიდევ უფრო მეტად უნდა აწუხებდეს ის ფაქტი, რომ ტენდენცია ნეგატიურია - სეზონის დასაწყისში ის უფრო ახლო იყო თანაგუნდელთან, ვიდრე დღეს. თუ სეზონის განვლილ ნაწილს პირველ შვიდ და მომდევნო რვა რბოლად გავყოფთ, შუმახერი პირველ ნაწილში როსბერგზე 0,136 წამით ნელი იყო და მეორეში - 0,359 წამით ნელი.
სინგაპურის გრან-პრიზე კვალიფიკაციაში ის 0,4 წამით ჩამორჩა როსბერგს, ხოლო მისი საშუალო სარბოლო ტემპი სტარტსა და საბურავების გამოცვლას შორის 0,9 წამით ნელი იყო თანაგუნდელის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ 20 წრის განმავლობაში დროის დიდი ნაწილი ორივე მანქანის წინ ცარიელი ტრასა იყო და მრბოლელები ერთნაირი ტიპის საბურავებს იყენებდნენ.
შუმახერი თავიდან მერვე ადგილზე იყო, მაგრამ უფრო სწრაფი მარკ უებერის ზეწოლით მეხუთე მოსახვევიდან გამოსვლისას შეცდომა დაუშვა და "რედ ბულის" პილოტს გასწრების საშუალება მისცა. შემდეგ იყო დაყოვნება პიტსტოპზე, რომელმაც გერმანელი კიდევ უფრო უკან დაწია. ამის შემდეგ მიხაელმა სცადა ნიკ ჰაიდფელდის გასწრება, რამაც შეჯახება გამოიწვია.
ასეთი სტატისტიკა ახალბედა პილოტს რომ ჰქონოდა, საეჭვოა, რომ მას შემდეგი სეზონისთვის ფორმულა 1-ში ადგილი შეენარჩუნებინა. დიახ, მიხაელს ბევრი გაუცდა, მაგრამ უნდა დაიწყოს სერიოზული დისკუსია იმის შესახებ, რატომ უნდა გააგრძელოს მან 2011 წელს "სამეფო რბოლაში" გამოსვლა.
მინახავს მიხაელი სპორტული ფორმის პიკში და ვხედავ მას რბოლებში დაბრუნების შემდეგ - რეგრესი აშკარაა. როცა ის "ფერარის" ბოქსებიდან გამოსვლის შემდეგ პირველ წრეს გადიოდა, თქვენს წინაშე ნამდვილი გენიოსი იყო. ის მაქსიმუმის ზღვარზე ატარებდა მანქანას და კიდევ რომ მოემატებინა სიჩქარისთვის, აუცილებლად ტრასიდან გადავარდებოდა. ბალანსის ასე ზუსტად განსაზღვრა მას კონკურენტების იოლად გასწრების საშუალებას აძლევდა. მაგრამ ახლა ეს თვისება წარსულს ჩაბარდა. 2010 წელს შუმახერს ასეთი რამ აღარ აქვს.
რა თქმა უნდა, "მერსედესი" დღის ისეთი კონკურენტუნარიანი არ არის, როგორიც მიხაელის დროინდელი "ფერარი" იყო. თანაც ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ შუმახერი რეგულარულად აჩვენებდა თავის დონეს 1996 და 2005 წლებში, როცა "სკუდერია" სისწრაფეში კონკურენტებს ჩამოუვარდებოდა.
სინგაპურის ქუჩებში შუმახერი ისევე გამოიყურებოდა, როგორც მთელი წლის განმავლობაში. მოსახვევში შესვლისას შეეძლო დაეჭირა ისეთივე სიჩქარე, როგორიც ადრე ჰქონდა, მაგრამ ამასთან, მანქანასაც ებრძოდა, ვერ გრძნობდა ტექნიკას და ძველებურად წინასწარ ვერ თვლიდა ბოლიდის მოქმედებას.
ბევრი ისეთი კადრი არსებობს, რომელშიც ჩანს როგორ არადამაჯერებლად აკონტროლებს მანქანას მიხაელი - ძირითადად იმიტომ, რომ უკვე ვეღარ საზღვრავს ბოლიდის მოქმედებას და უბრალოდ რეაგირებს იმაზე, რასაც მანქანა აკეთებს. არასპეციალისტებისთვის ბოლიდთან ასეთი ბრძოლა საინტერესოა, მაგრამ ეს აშკარა სიგნალია მანქანის შეგრძნების ნაკლებობაზე. სინგაპურში შუმახერი იშვიათად გადიოდა ზედიზედ ორჯერ ერთნაირი ტრაექტორიით მოსახვევებს.
შუმახერი ამბობს, რომ საქმე "ბრიჯსტოუნის" საბურავების არასაკმარის მოჭიდებაშია. ამის გამო მანქანის წინა ნაწილის ტრასასთან მოჭიდება დაბალია, არადა, ეს შუმის სტილისთვის არის აუცილებელი. დღევანდელი საბურავები არ იძლევა ასეთ სტილში მანქანის მართვის საშუალებას.
შუმახერმა უნდა გამოსცადოს "პირელის" 2011 წლის საბურავები, განსაკუთრებით მომავალი სეზონის ბოლიდზე. მაგრამ იმ შემთხვევაშიც თუ საბურავების და ახალი მანქანის ეს კომბინაცია შუმახერის სტილისთვის იქნება მორგებული, შეძლებს თუ არა მიხაელი ძველ დონეზე დაბრუნებას?
პილოტირების სტილი გამომდინარეობს მანქანის მგრძნობელობასა და ბალანსის განსაზღვრისგან. ამ კომპონენტში მიხაელი თავის კონკურენტებთან შედარებით სულ სხვა დონეზე იდგა. 2010 წელს მისმა გამოსვლამ დაგვანახა, რომ ეს მგრძნობელობა სადღაც გაქრა და თან გერმანელს სტილის ადაპტირებაც აღარ ეხერხება. თუ ის ამ თვისებების აღდგენას ვერ მოახერხებს, ღირს კი გაისად კარიერის გაგრძელება?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"