ხუთი პილოტი ფინიშის სწორზე

AutoSharing Option

წლევანდელი სეზონის დასრულებამდე ოთხი ეტაპია დარჩენილი, ტიტულისთვის კი კვლავაც ხუთი პილოტი აგრძელებს ბრძოლას. ბრიტანული "ავტოსპორტი" თითოეულის შანსებს აფასებს და საკუთარ ფავორიტსაც ასახელებს.

ჯენსონ ბატონი
მე-5 ადგილი, ლიდერთან ჩამორჩენა: 25 ქულა
გადამწყვეტი რბოლების წინ ყველაზე არასახარბიელო სიტუაციაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი იმყოფება. მაგრამ ამ საკითხს შეიძლება მეორე მხრიდანაც შევხედოთ - სეზონის წინ ბრიტანელის "მაკლარენში" გადასვლას შეცდომას უწოდებნენ და ჯენსონს ლუის ჰემილტონთან ბრძოლაში სრულ კრახს უწინასწარმეტყველებდნენ. მიუხედავად ამისა, ბატონი ჯერჯერობით იბრძვის ტიტულის დასაცავად და თანაგუნდელს სულ ხუთი ქულით ჩამორჩება.
დადებითი არგუმენტები: ბატონი

- გონიერი პილოტია. ის დიდ ყურადღებას უთმობს ტაქტიკას და მეტწილად სწორედ ამის ხარჯზე აღწევს წარმატებას. გარდა ამისა, ძალიან სტაბილურია, გააჩნია ტიტულისთვის ბრძოლის გამოცდილება, რითაც "რედ ბულის" პილოტებისგან განსხვავდება. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ტექნიკური განახლებები, რომელსაც "მაკლარენი" იაპონიის გრან-პრისთვის ამზადებს - ეს ჯენსონისთვის, შესაძლოა, სერიოზული არგუმენტი აღმოჩნდეს.
უარყოფითი არგუმენტები: და მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ბატონის შანსები არც ისე მაღალია. მას მეტად დამაჯერებელი სტარტი გამოუვიდა - პირველ ოთხ რბოლაში ორ გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ მას შემდეგ არაფერი მოუგია. თანდათან საჩემპიონო რბოლაში აუთსაიდერად ჩამოყალიბდა და ამ მომენტისთვის უბრალოდ სისწრაფე აკლია. თავად ბატონმა აღიარა, რომ ამ სეზონში სისწრაფეში ჩამორჩება თანაგუნდელ ჰემილტონს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ მომენტისთვის "მაკლარენი" შესაძლებლობების მიხედვით მესამე გუნდია, ბატონი არამარტო ლუისთან, არამედ "რედ ბულთან" და "ფერარისთანაც" აგებს. ბრიტანელი ასევე სუსტია საკვალიფიკაციოში: პირველ სამეულში მხოლოდ ერთხელ მოხვდა, იმ დროს, როცა ჰემილტონის ანგარიშზე პოული მოდის. გაუგებარია, რის ხარჯზე აპირებს დარჩენილ რბოლებში სიტუაციის შეცვლას ჩემპიონი.


სებასტიან ფეტელი
მე-4 ადგილი, ლიდერთან ჩამორჩენა: 21 ქულა
სებასტიან ფეტელი, რომელიც პირველი ეტაპების შემდეგ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, ბოლო რბოლების წინ მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს. ეს არც არის გასაკვირი: ახალგაზრდა გერმანელი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა.
დადებითი არგუმენტები: ფეტელი შეუჩერებელი და არანორმალურად სწრაფია. რა თქმა უნდა, ამაში მანქანაც უწყობს ხელს, რომელიც წელს საუკეთესოა, მაგრამ პილოტის ოსტატობასაც დიდი როლი ენიჭება. სებასტიანი განსაკუთრებით ძლიერია კვალიფიკაციაში: სეზონის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ვერ მოხვდა პირველ სამეულში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მან კარგად წარმართა რბოლები იტალიასა და სინგაპურში. იმის გათვალისწინებით, რომ მონცაში "რედ ბული" არც ისე ძლიერი იყო, დანაკარგი მინიმუმამდე დაიყვანა და მეოთხე ადგილზე გავიდა. სინგაპურში კი კვალიფიკაცია წააგო ფერნანდო ალონსოსთან, რბოლაში კი მუდმივ ზეწოლას ახდენდა ესპანელზე, მაგრამ სულელურ შეტევებზე არ წასულა, როგორც ეს თურქეთსა და ბელგიაში იყო. ვითომ გერმანელი დაბრძენდა?
უარყოფითი არგუმენტები: სებას მხოლოდ ორი მოგება აქვს ამ სეზონში - მის ზემოთ მყოფ პილოტებს უფრო მეტჯერ გაუმარჯვიათ. წარმატებისთვის არა მხოლოდ სისწრაფე, არამედ სტაბილურობაც აუცილებელია, ამაში კი გერმანელი მოიკოჭლებს. დაუშვებელია ისეთი შეცდომების დაშვება, როგორიც თურქეთსა და ბელგიაში ვიხილეთ. ამან მას ბევრი ქულა დააკარგვინა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს: შესაძლოა, ფეტელმა მოიპოვოს სტაბილურობა და მაინც მოახერხოს ჩემპიონობა. მაგრამ სებასტიანი წელს ზედიზედ სამჯერ პოდიუმზე არ ასულა, წინ კი ოთხი ეტაპია და თითოეულში საჭიროა საუკეთესო სამეულში მოხვედრა. ფაქტობრივად, გერმანელს გარდამტეხი მომენტი უდგას: მან უნდა დაამტკიცოს, რომ უკვე გაიზარდა ჩემპიონობისთვის. სავსებით შესაძლებელია, რომ სებამ ეს გამოცდა ვერ ჩააბაროს და მაშინ საკუთარი ამბიციების დადასტურება მომავალი წლისთვის უნდა გადადოს.


ლუის ჰემილტონი
მე-3 ადგილი, ლიდერთან ჩამორჩენა: 20 ქულა
სეზონის ამ ეტაპზე მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ლუისმა არც ისე დამაჯერებლად დაიწყო ჩემპიონატი, მაგრამ თანდათან გამოასწორა სიტუაცია. თუმცა სეზონის მეორე ნაწილი თავად ჰემილტონმა გაფუჭა.
დადებითი არგუმენტები: მიუხედავად იმისა, რომ "რედ ბულს" მთელი სეზონის განმავლობაში ტექნიკური უპირატესობა ჰქონდა, ლუისი საკმაოდ კარგად გამოდიოდა და საერთო ჩათვლაში პირველ ადგილს ინარჩუნებდა. ბრიტანელის სისწრაფესა და ნიჭში ეჭვი არავის ეპარება. "მაკლარენმა" მანქანის სერიოზულ განახლებას მიაღწია, რითაც, შესაძლოა, შესამჩნევად შეამციროს "ფერარისთან" და "რედ ბულთან" სიჩქარეში ჩამორჩენა. გარდა ამისა, ჰემილტონს ტიტულისთვის ბრძოლაში დიდი გამოცდილება აქვს და ორიდან ერთ ასეთ შემთხვევაში წარმატებას მიაღწია.
უარყოფითი არგუმენტები: უნგრეთიდან სინგაპურამდე მონაკვეთი ჰემილტონისთვის კოშმარული იყო: ოთხი რბოლიდან სამი ვერ დაასრულა, აქედან ორჯერ მან საკუთარ თავს უნდა დააბრალოს წარუმატებლობა: მონცასა და სინგაპურში სხვა მრბოლელთან კონტაქტის გამო გავარდა ტრასიდან. პილოტს, რომელიც ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის, უბრალოდ არ აქვს ასეთი შეცდომების დაშვების უფლება. ასევე მნიშვნელოვანია იმის გახსენება, 2007 და 2008 წლებში, როცა ლუისი ჩემპიონობისთვის იბრძოდა, სეზონის ბოლო სტარტებს არც ისე ძლიერად ატარებდა, განსაკუთრებით გადამწყვეტ ეტაპებს. თუმცა ახლა ლუისი სხვა სიტუაციაშია - ის არა ლიდერის, არამედ მდევრის როლში იმყოფება. მაგრამ მისი მანქანა საუკეთესო არ არის, რაც ბრიტანელის ამოცანას კიდევ უფრო ართულებს და ტიტულზე მის შანსებს ამცირებს.


ფერნანდო ალონსო
მე-2 ადგილი, ლიდერთან ჩამორჩენა: 11 ქულა
მარკ უებერთან ჩამორჩენის მიუხედავად, ალონსო პირველობის უმთავრესი კანდიდატია. ფერნანდოსთვის ეს სეზონი არაერთგვაროვანია: ბაჰრეინში სასტარტო ეტაპის მოგების შემდეგ, ის სტაბილურად ვერ ხვდებოდა პოდიუმზე, მაგრამ ბოლო ევროპულ რბოლებში შეძლო ბრძოლაში გარდატეხის შეტანა. რაღაც ეტაპზე ისე ჩანდა, რომ ალონსო უკვე გამოეთიშა ტიტულისთვის ბრძოლას, მაგრამ სამმა გამარჯვებამ ის ამ ბრძოლაში დააბრუნა.
დადებითი არგუმენტები: ესპანელი ბრწყინვალე სპორტულ ფორმაში შევიდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ალონსო პრაქტიკულად ყოველთვის ძლიერად ატარებდა სეზონის დასკვნით ნაწილს, მით უმეტეს, რომ "ფერარიმ" მანქანასთან მიმართებაში დიდ პროგრესს მიაღწია. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი: "მაკლარენისგან" და "რედ ბულისგან" განსხვავებით, ალონსო ჩემპიონობის ერთადერთი პრეტენდენტია, რომლის გუნდის ყველა რესურსი და პარტნიორის დახმარება მხოლოდ მასზე იქნება მიმართული. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ტიტულიც ფერნანდოს უდავო პლუსია: მასზე უკეთ არავინ იცის, როგორ გაუმკლავდეს უდიდეს ზეწოლას.
უარყოფითი არგუმენტები: არ უნდა დავივიწყოთ, რომ მიმდინარე სეზონში ალონსო ხშირად უშვებდა გაუმართლებელ შეცდომებს და არ არის გამორიცხული, დარჩენილ რბოლებშიც ვიხილოთ მსგავსი ლაფსუსები. მართალია, "ფერარიმ" შესამჩნევ პროგრესს მიაღწია, მაგრამ მას მაინც არ ჰყავს ჩემპიონატში საუკეთესო მანქანა და სისწრაფეში აგებს "რედ ბულთან", რამაც შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს ჩემპიონის გამოვლენაში.


მარკ უებერი
საერთო ჩათვლის ლიდერი
ალონსოს მთავარი მეტოქე მარკ უებერი იქნება. ავსტრალიელი მიმდინარე სეზონში საგრძნობლად შეიცვალა და სამართლიანად იკავებს ლიდერის პოზიციას.
დადებითი არგუმენტები: წელს უებერმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია ძალიან სწრაფი იყოს. 34 წლის ავსტრალიელი მეორე ახალგაზრდობას განიცდის: ასე დამაჯერებელი ის არასოდეს ყოფილა. ამ სეზონში მან წარმატებით გააქარწყლა საზოგადოებრივი აზრი იმის შესახებ, რომ არ შეუძლია ახალგაზრდა სებასტიან ფეტელთან ბრძოლა. რაც არ უნდა იყოს, უებერს სებასტიანზე მეტი გამოცდილება აქვს. როგორც მიმდინარე სეზონმა აჩვენა, ავსტრალიელს სიმშვიდეც გამოარჩევს და სტაბილურად ავსებს ქულათა მარაგს. თანაც მას საუკეთესო მანქანა ჰყავს პელოტონში.
უარყოფითი არგუმენტები: უებერს სუსტი მხარეებიც აქვს. ერთ-ერთია - ავსტრალიელის შედარებითი სტაბილურობა. მართალია, ის სხვა პრეტენდენტებზე ხშირად აგროვებს ქულებს და პოდიუმზე ასრულებს რბოლებს, მაგრამ ერთადერთი მონაკვეთი, რომლის დროსაც მარკი სტაბილურად ძლიერად გამოვიდა, ესპანეთის, მონაკოსა და თურქეთის რბოლები იყო. ხშირად "რედ ბულის" პილოტი ერთ ტრასაზე დამაჯერებლად გამოიყურება, მეორეზე - ნელა მოძრაობს. ამის მაგალითია სინგაპური: უებერმა თავად აღიარა, რომ მას არ გამოსდიოდა ზოგიერთ მოსახვევში შესვლა, რის გამოც მარკმა ერთი სწრაფი წრეც ვერ გაიარა. არადა, წინ არის კორეას ტრასა, რომელსაც არავინ იცნობს და ამან შეიძლება პრობლემა გამოიწვიოს, მანამდე კი "სუზუკას" ურთულესი ტრასა ელოდება. ამასთან, თურქეთისა და ბრიტანეთის გახსენებისას, არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ სეზონის ფინიშზე გუნდში ისევ წარმოიშვას დაძაბული სიტუაცია: "ფერარისგან" განსხვავებით, უებერს არ მიუღია ნომერ პირველი პილოტის სტატუსი და მისი მეწყვილე ასევე ინარჩუნებს ტიტულის შანსებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული