წითელი ხარი: დუბლი მესამე ფორმულაში

AutoSharing Option
"სუზუკას" ავტოდრომზე კვირის დილა კვალიფიკაციით დაიწყო, რომელიც შაბათის თავსხმა წვიმის გამო ერთი დღით გადაიდო. პირველი სესიის საუკეთესო შედეგი "რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა აჩვენა, რომელმაც თავდაპირველი ლიდერის, "უილიამსის" გერმანელი მრბოლის ნიკო ჰიულკენბერგის დრო გააუმჯობესა.

მეორე სესიაში სწრაფი წრე "ფერარის" ლიდერ ფერნანდო ალონსოს გამოუვიდა, ვისი შედეგიც წუთის შემდეგ ფეტელის თანაგუნდელმა მარკ უებერმა გააუმჯობესა, თუმცა პირველობა კვლავ ფეტელს დარჩა.

კვალიფიკაციის შედეგებით, პოულიც სწორედ ფეტელს ერგო, ვინ თავის დასკვნით ცდაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა – 1:30,785. მეორე ადგილი უებერმა დაიკავა, ხოლო მესამე – "მაკლარენის"
პილოტმა ლიუის ჰემილტონმა. თუმცა მერე გაირკვა, რომ ბრიტანელმა მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გამოცვალა, რისთვისაც ხუთი პოზიციის დაკარგვით დაისაჯა, ხოლო სტარტის მესამე ნომერი "რენოს" პოლონელ ავტომრბოლ რობერტ კუბიცას შეხვდა.

სტარტი კი რამდენიმე პილოტისთვის ფინიშად იქცა. რუსმა ვიტალი პეტროვმა მე-13, თარსი პოზიციიდან დაიწყო რბოლა და, როგორც ჩვევია ხოლმე, ეგრევე წინ მყოფების გასწრება სცადა. მარჯვნივ გადაინაცვლა და თავისი "რენოს" მარცხენა ბორბლით შეყოვნებული ჰიულკენბერგის "უილიამსს" შეეხო. ამ კონტაქტის შედეგად პეტროვის ბოლიდი ტრასიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეაჯახა. წამების შემდეგ ფელიპე მასას "ფერარიმ" ვიტანტონიო ლიუცის მანქანა ლამის დაშალა და იტალიელს სრული უფლება ჰქონდა, ბრაზილიელის მოქმედება გააპროტესტებინა, რადგან მასას შეტევამდე რადიოთი თქვა, რომ კარგი სიჩქარე აკრიფა და ექვს მეტოქეს გადაუსწრო. იქვე მწყობრიდან ლუკას დი გრასის ბოლიდიც გამოვიდა და კი ტრასაზე პეისკარიც გამოჩნდა...

რაც შეეხება "რენოს", რბოლიდან პეტროვის გამოთიშვით ამ გუნდის პრობლემები როდი დასრულებულა. რობერტ კუბიცამ სტარტზე იყოჩაღა, მეორე ადგილზე გავიდა და ლიდერ ფეტელს თითქოს კვალში თითქოს დამაჯერებლად ჩაუდგა და უცებ, პოლონელი პილოტის მანქანას უკანა მარჯვენა საბურავი გაძვრა, ანუ "რენოსთვის" რბოლა მესამე წრეზე დასრულდა.

შედეგად, პოდიუმისთვის ბრძოლა საერთო ჩათვლის პირველი ხუთეულის წევრებს შორის გაიმართა – ფეტელი, უებერი, ალონსო, ბატონი და ჰემილტონი დანარჩენებს სტარტიდანვე საგრძნობლად დაშორდნენ, ხოლო მყარ მეექვსე პოზიციაზე მიხაელ შუმახერი დამკვიდრდა. ყველაზე სწრაფ წრეებს კი "რედ ბულის" პილოტები ითვლიდნენ. ამასობაში, რბოლის მსვლელობისასვე, სტიუარდებმა ორივე სასტარტო ავარიის გამოძიება დაიწყეს – პეტროვ-ჰიულკენბერგისა და მასა-ლიუცის. "კარგი სტარტი ავიღე, შემდეგ კი წინ მავალი მანქანა მოულოდნელად მარცხნივ გადაადგილდა. იგივე გავიმეორე და ბორბლით შევეხე", - თქვა პეტროვმა...

წინ კი სულ საინტერესო ამბები მოხდა – ჰემილტონმა მეხუთე პოზიცია "BMW-ზაუბერის" იაპონელ კამუი კობაიაშის დაუთმო, ვინც პიტ-სტოპის გარეშე კარგა ხანს იარა. სხვათა შორის, მსგავსი ტაქტიკა ბატონმაც აირჩია, ვისაც ფეტელის ბოქსებში დაყოვნებამ ლიდერობა მოუტანა. თუმცა, ბუნებრივია, მოგვიანებით პიტ-ლეინზე გადახვევა ბრიტანელსაც მოუხდა და იაპონელსაც, ხოლო ლიდერობა ფეტელს დაუბრუნდა, რომელმაც ეს მოვლენა უსწრაფესი წრით აღნიშნა. ამასობაში როსბერგმა შუმახერს გაუსწრო და სახელიანი თანაგუნდელი მეშვიდე ადგილზე ჩამოაქვეითა. მაგრამ ეტაპის ბოლოსკენ, 47-ე წრეზე როსბერგის ბოლიდის ბორბალმა ფიქსატორი დაკარგა და მეექვსე პოზიციაზე ყოფილი "წითელი ბარონი" დაბრუნდა, თუმცა როსბერგი ფინიშამდე მაინც მივიდა.

ჰემილტონის ბოლიდს კი, ისევე, როგორც კვალიფიკაციაში, გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდა და ბრიტანელი ლიდერებს თანდათანობით ჩამორჩა – ლიუისმა ინჟინრებს შეატყობინა, რომ მესამე გადაცემა საერთოდ აღარ უმუშავებდა. ამან ჰემილტონს რამდენიმე წამი დააკარგვინა, რაც ბატონმა სათავისოდ გამოიყენა და ერთი პოზიციით დაწინაურდა. კობაიაშიმ კი მშობლიურ ავტოდრომზე თავი გამოიდო და ჩასათვლელ ზონაშიც მოხვდა. იაპონელმა ჯერ "ტორო როსოს" ესპანელ ალგერსუარის გაუსწრო, შემდეგ კი "უილიამსის" ვეტერანი რუბენს ბარიკელოც მოიტოვა უკან, რის შედეგადაც ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა.

საინტერესო კიდევ ის მოხდა, რომ 44-ე წრეზე ადრიან სუტილის ბოლიდის ცეცხლმოკიდებული ძრავიდან ტრასაზე ზეთი გადმოიღვარა, მაგრამ გერმანელმა მანქანა არ მიატოვა, თავისივე დაღვრილ ზეთზე მოსრიალდა და საპირისპირო მიმართულებით, ბოქსებისკენ აალებული ბოლიდით გაემართა, არადა ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა, მანქანა აფეთქებულიყო...

"რედ ბულმა" კი სეზონში მესამე დუბლი შეასრულა, დაიკავა რა ორი მოწინავე ადგილი. ფეტელმა რბოლა უებერზე არასრული წამით ადრე დაამთავრა და კარიერაში მერვე გრან-პრი მოიგო, თუმცა სუზუკას ეტაპის საუკეთესო წრის ავტორმა ავსტრალიელმა საერთო ჩათვლაში უახლოეს მდევრებთან უპირატესობა 11-დან 14 ქულამდე მაინც გაზარდა.

იაპონიის დიდი პრიზი. XVI ეტაპი

სუზუკა (53 წრე, 307.471 კმ)

1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:30:27.323
2(2). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +0.905
3(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, ესპანეთი) +2.721
4(6). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +13.522
5(3). ლიუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +39.595
6(10). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +59.933
7(14). კამუი კობაიაში (BMW-ზაუბერი, იაპონია) +1:04.038
8(11). ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი, გერმანია) +1:09.648
9(8). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) +1:10.846
10(18). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) +1:12.806
11(16). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე
12(20). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 1 წრე
13(19). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 2 წრე
14(22). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 2 წრე
15(23). ბრუნო სენა (HRT F1, ბრაზილია) 2 წრე
16(24). საკონ იამამოტო (HRT F1, იაპონია) 3 წრე
17(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 6 წრე
18(15). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 9 წრე
19(4). რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) 51 წრე
20(9). ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) 53 წრე
21(12). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) 53 წრე
22(13). ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) 53 წრე
23(17). ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) 53 წრე
24(21). ლუკას დი გრასი (ვირჯინი, ესპანეთი) 53 წრე

საერთო ჩათვლა
1. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 220 ქულა (4 მოგება); 2. ფერნანდო ალონსო (ფერარი, ესპანეთი) - 206 (4); 3. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 206 (3); 4. ლიუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 192 (3); 5. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 189 (2); 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 128; 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 122; 8. რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) - 114; 9. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 54; 10. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 47; 11. რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) - 41; 12. კამუი კობაიაში (BMW-ზაუბერი, იაპონია) - 27; 13. ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) - 19; 14. ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) - 17; 15. ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) - 13; 16. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 8; 17. პედრო დე ლა როსა (BMW-ზაუბერი, ესპანეთი) - 6; 18. ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი, გერმანია) - 4; 19. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) – 3.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 426 ქულა; 2. მაკლარენი - 381; 3. ფერარი - 334; 4. მერსედესი - 176; 5. რენო - 133; 6. ფორს ინდია - 60; 7. უილიამსი - 58; 8. BMW-ზაუბერი - 37; 9. ტორო როსო - 11.


ლელო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული