კორეას რბოლა დაუმტკიცეს

AutoSharing Option

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ინსპექციამ ორი დღე მოანდომა სამხრეთ კორეის ტრასის შემოწმებას, რის შემდეგაც ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ამ ქვეყნის გრან-პრი დადგენილ ვადებში ჩატარდება. ინსპექციას ფედერაციის წარმომადგენელი ჩარლი უაიტინგი მეთაურობდა.

სამხრეთ კორეის გრან-პრი 24 ოქტომბერს გაიმართება. ავტოფედერაციის წესების თანახმად, მისი მშენებლობა რბოლამდე სამი თვით ადრე უნდა დასრულებლიყო, მაგრამ მშენებლები გრაფიკს სერიოზულად ჩამორჩნენ და გრან-პრიმდე მხოლოდ 11 დღით ადრე ჩააბარეს ობიექტი. ამასთან, ორგანიზატორებმა ასფალტის ბოლო ფენის დაგება მხოლოდ გასულ კვირას დაასრულეს და ბოლო მომენტამდე დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ ისტორიაში კორეის პირველი რბოლა ოქტომბრის

ბოლოს გაიმართებოდა.
მაგრამ ჩარლი უაიტინგმა განაცხადა, რომ ის საბოლოოდ დარწმუნდა ტრასის მზადყოფნაში. "ტრეკის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - განაცხადა ფედერაციის სარბოლო დირექტორმა. - დღესვე მივცემთ ავტოდრომს ლიცენზიას. კორეის გრან-პრი აუცილებლად გაიმართება".

კორეის ტრასა დედაქალაქ სეულიდან 400 კილომეტრში, პროვინცია ჩოლა-ნამდოში მდებარეობს. ტრეკის სიგრძე 5,615 კილომეტრს უდრის. ის 18 მოსახვევისგან შედგება, ტრასის გავლის სავარაუდო დრო კი წუთსა და 40 წამს შეადგენს. რბოლის ორგანიზატორებმა და მსოფლიოს ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ გრან-პრის ჩატარებაზე შვიდწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. არსებობს ხელშეკრულების კიდევ ხუთი წლით გაგრძელების პუნქტი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული