სეულიდან 400 კილომეტრში

AutoSharing Option
ჟურნალისტებს კორეის გრან-პრის აკრედიტაციასთან ერთად ეტაპის შესახებ ტრადიციული სტატისტიკურ მასალებსაც გადასცემენ. ამჯერად, ტრასის დებიუტის გამო, საქაღალდე საკმაოდ თხელი გამოვიდა - ავტოდრომის ხელმძღვანელობის მისასალმებები ტექსტი, სეზონის გასული ეტაპების შედეგები და რამდენიმე სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც მეტად საინტერესოა...
ავტოდრომი სამხრეთ კორეის სამხრეთ დასავლეთით, ჩოლა-ნამდოს პროვინციის დაბა იონამში, სეულიდან დაახლოებით 400 კილომეტრში მდებარეობს. კორეის ტრასა - მეხუთეა ფორმულა 1-ის კალენდარში, სადაც მოძრაობა საათის ისრის საწინააღმდეგოდ იქნება. ასე ხდება სტამბოლში, სინგაპურში, ინტერლაგუშსა და აბუ დაბიში.

ავტოდრომზე ორი ტრასაა - 3.71-კილომეტრიანი (10 მოსახვევი) და 5.615-კილომეტრიანი, რომელზეც
მომავალი ეტაპი გაიმართება. მას 18 მოსახვევი აქვს, სიგანე 13-15 მეტრია.

ყველაზე ციცაბო აღმართია - 5.5%, ყველაზე ციცაბო დაღმართი - 3.1%. ტრასა ზღვის დონიდან შვიდ მეტრზე მდებარეობს. სავარაუდო საშუალო სიჩქარეა - 205 კმ/სთ, მაქსიმალური - 320 კმ/სთ. სტარტ-ფინიშისა და პიტ-ლეინის სწორი მონაკვეთი 616 მეტრს უდრის. ყველაზე გრძელი სწორი მონაკვეთი 1160 მეტრი სიგრძისაა.

ტრიბუნების საერთო ტევადობაა - 120 ათასი მაყურებელი, მათ შორის მთავარ ტრიბუნაზე 16 ათასი ადამიანი ეტევა. ავტოდრომზე მანქანებისთვის განკუთვნილი 34 ინდივიდუალური ბოქსია, ასევე შესაძლებელია ტერიტორიაზე 14 მოტორჰოუმის დაბინავება. რბოლის კონტროლის თანამედოვე ცენტრი უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი - ტრასაზე დამონტაჟებულია დისტანციური მართვის 48 კამერა. სამედიცინო ცენტრი ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის სტანდარტებს შეესაბამება. 48 მონიტორით აღჭურვილი პრესცენტრი 400 ჟურნალისტს მიიღებს. ფოტოგრაფებისთვის გამოყოფილია 100 ადგილი. შესაძლებელია 10 ათასი მანქანის პარკირება.

მასა ალონსოსთვის ირბოლებს
კორეის გრან-პრის წინ "ფერარის" პრესსამსახურმა ფელიპე მასას კომენტარი გამოაქვეყნა. ბრაზილიელი ცადსახად აცხადებს, რომ კორეაში შეეცდება მაქსიმალური დახმარება გაუწიოს იტალიურ საჯინიბოსა და თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს.

ფელიპე მასა: "კორეაში მომიწევს იაპონიასა და სინგაპურში ნაჩვენები სუსტი შედეგების გამოსწორება. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მეტი ქულის მოპოვება, რათა "სკუდერიას" ორივე ჩემპიონატის მოგებაში დავეხმარო.

სიმულატორის დახმარებით ახალ ავტოდრომს გავეცანი და პირველი შთაბეჭდილება ასეთია: ეს არის გრძელი ტრასა, ამიტომაც სუზუკას რბოლაზე ორი წრით მეტის გავლა მოგვიწევს. აქ არის ძალიან გრძელი სწორი მონაკვეთი, აგრეთვე სწრაფი და ნელი მოსახვევების კომბინაცია, ამიტომაც მანქანისგან მაქსიმალურად ეფექტური მუშაობა იქნება საჭირო. სწორი მონაკვეთებისთვის აუცილებელია მაღალი მაქსიმალური სიჩქარე, ამასთან დაგვჭირდება მაღალი მოჭიდების ძალა.

ამ შთაბეჭდილებების მიხედვით, კორეის ტრასა შანხაის ავტოდრომს მოგვაგონებს, თუმცა აქ არის სექციები, როგორსაც ბაჰრეინში ვხვდებით: მკვეთრი დამუხრუჭების ზონები ნელი მოსახვევების წინ. ერგება თუ არა ამ პირობებს Ferrari F10?

იმ რბოლების გარდა, როცა "რედ ბულს" მეტოქეებზე დიდი უპირატესობა ჰქონდა, "ფერარი" დანარჩენ ტრასებზე კონკურენტუნარიანი იყო და ახლაც ასე იქნება. წელს ჩვენ დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ზუსტად მუშაობა პარასკევის ვარჯიშებზე, რათა ტექნიკასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქმნას.

ასევე იქნება ამ უიქ ენდზე - პარასკევს პირველი წრეების გავლისთანავე მივხვდებით - რამდენად ზუსტი იყო ის სამუშაო, რომელიც მარანელოში სიმულატორზე გავწიეთ. ასევე გავარკვევთ, ასფალტთან მოჭიდების რა დონეა კორეის ტრასაზე. ამის გაგება რთულია იქამდე, სანამ მანქანა საწყის წრეებს არ გაივლის.

თუ ამ უიქ ენდზე ჩემს ამოცანებზე ვილაპარაკებთ, პირველ ყოვლისა კარგად უნდა ჩავატარო შაბათის კვალიფიკაცია. კვირას რბოლის დროს კი მოვლენათა ეპიცენტრში მოხვედრასა და ტიტულის ხუთ პრეტენდენტთან ბრძოლას ვისურვებდი. ეს არის საუკეთესო, რაც "ფერარისა" და ფერნანდოს დასახმარებლად შემიძლია გავაკეთო.

კორეა შორეული აღმოსავლეთის სამი რბოლიდან ბოლოა და სან პაულუში საშინაო გრან-პრის წინ კარგი შედეგის მიღწევა მსურს. ვიცი, რომ გუნდის ყველა წევრი მზად არის ჩემპიონატის ფინალისთვის და მეც მინდა საერთო საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა".


მერსედესი - 300
კორეაში გასამართი ეტაპი "მერსედესისთვის" რიგით მე-300 რბოლა იქნება ფორმულა 1-ში. რა თქმა უნდა, ამ რიცხვში შედის ის რბოლებიც, რომელშიც კომპანია სხვა გუნდებისთვის ძრავების მიმწოდებლის რანგში გამოდიოდა. იმის გამო, რომ კორეის გრან-პრის დებიუტი აქვს, "მერსედესის" წევრები ნიკო როსბერგი და მიხაელ შუმახერი წარმატებული გამოსვლის იმედად არიან.

ნიკო როსბერგი: "ახალ ტრასაზე ძალიან საინტერესო გამოცდა გველოდება. ქაღალდზე ყველაფერი კარგად გამოიყურება. იმედი მაქვს, ასფალტი გაუძლებს - ის ხომ სულ ახლახანს დააგეს. ჩვეულებრივ, ახალ ტრასებზე ყოველთვის თავიდანვე ვახერხებ სწრაფი წრეების გავლას, სიამოვნებით ვსწავლობ ტრეკის ნიუანსებს. ამიტომაც მოუთმენლად ველოდები მომავალ უიქ ენდს".
მიხაელ შუმახერი: "როგორც იქნა ისეთ ტრასაზე გამოვდივარ, რომელიც არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც ახალი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ავტოდრომი ბოლო მომენტში ააშენეს, დარწმუნებული ვარ ეტაპი კარგად ჩაივლის. ვემხრობი ახალი რბოლების გამოჩენას, რადგან ეს ავტოსპორტის პოპულარიზაციას ემსახურება.

ტრასის კონფიგურაციის შესწავლა რთული არ იქნება - ჩვენ შეჩვეული ვართ ახალ პირობებთან სწრაფად შეგუებას. გასულმა ეტაპმა იაპონიაში კარგად ჩაიარა - იმედი მაქვს, შევძლებთ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაწევას და კორეის ისტორიულ რბოლაში წარმატებით გამოსვლას".


ფავორიტების გზა
ტიტულის ხუთ მაძიებელს შორის ვერცერთმა შეძლო სეზონის მსვლელობისას სტაბილურობის მიღწევა. გენერალურ კლასიფიკაციაში სიტუაცია პრაქტიკულად ყოველი რბოლის შემდეგ იცვლებოდა და ამ ხუთეულიდან ოთხი მრბოლელი გარკვეული დრო ლიდერობდა ჩემპიონატის მსვლელობისას. შესაბამისად, ასევე არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს სამი დასკვნითი ეტაპი. მოდით გავიხსენოთ, როგორ მიდიოდა ბრძოლა ხუთ ფავორიტს შორის...

გრან-პრი უებერი ალონსო ფეტელი ჰემილტონი ბატონი

ბაჰრეინი 4 25 12 15 6
ავსტრალია 6 37 12 23 31
მალაიზია 24 37 37 31 35
ჩინეთი 28 49 45 49 60
ესპანეთი 53 67 60 49 70
მონაკო 78 75 78 59 70
თურქეთი 93 79 78 84 88
კანადა 103 94 90 109 106
ევროპა 103 98 115 127 121
ბრიტანეთი 128 98 121 145 133
გერმანია 136 123 136 157 143
უნგრეთი 161 141 151 157 147
ბელგია 179 141 151 182 147
იტალია 187 166 163 182 165
სინგაპური 202 191 181 182 177
იაპონია 220 206 206 192 189

სულ
მოგება 4 4 3 3 2
გავარდნა 1 1 2 3 2
წრეები 899 939 895 820 842
კილომეტრი 4609,754 4815,171 4591,86 4221,141 4413,948
% დისტანცია 94,63 98,78 94,25 86,70 89,70


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული