წითელი ხარების შავი დღე

AutoSharing Option
მარკ უებერის ("რედ ბული") შეცდომამ და სებასტიან ფეტელის ("რედ ბული") ბოლიდზე ძრავის პრობლემებმა ფერნანდო ალონსოს ("ფერარი") ისტორიაში პირველი კორეული რბოლა მოაგებინა და საერთო ჩათვლაში დაწინაურების საშუალება მისცა.

შაბათის პროგნოზის შესაბამისად, იონამში მთელი ღამე წვიმდა და ტრასა იმდენად დასველდა, რომ მის გაშრობაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მით უმეტეს, რომ მცირე წვიმა დილითაც გრძელებოდა და უშუალოდ სტარტის წინ. თავიდან რბოლის დაწყება 10 წუთით გადაიტანეს, შემდეგ პილოტები ოთხი წრე უსაფრთხოების მანქანას ედგნენ კვალში - ასე დასრულდა ეტაპის პირველი ნაწილი. ტრასაზე წითელი დროშები გამოფინეს და
რბოლა ერთი საათით გადადეს. ამ დროის გასვლის შემდეგ პილოტები ისევ ბოლიდებში ჩასხდნენ და მათ კვლავ წინ გაუძღვა უსაფრთხოების მანქანა. ასე იარა პელოტონმა 17 წრე, რის შემდეგაც რესტარტის ნიშანი მიიღო და ბრძოლა დაიწყო.

"პირველ" წრეზე სერიოზული ავარიები არ მომხდარა, მაგრამ იყო მნიშვნელოვანი გასწრებები. ნიკო როსბერგმა ("მერსედესი") მესამე მოსახვევში წარმატებით შეუტია ლუის ჰემილტონს ("მაკლარენი"), მიხაელ შუმახერმა ("მერსედესი") კი რობერტ კუბიცას ("რენო") გაუსწრო და იერიში მიიტანა მოქმედ ჩემპიონ ჯენსონ ბატონზე ("მაკლარენი"). მაგრამ გერმანელს არ დასცალდა, რადგან ტრასაზე ისევ უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.

მე-19 წრეზე, მეორე პოზიციაზე მყოფი მარკ უებერი ძალიან ფართოდ შევიდა მოსახვევში და მოსრიალდა - "რედ ბულის" მანქანა კედელს შეეჯახა. სწორედ იმ მომენტში როსბერგი მთელი სვლით შეასკდა ლიდერის მანქანას. ორივესთვის რბოლა დასრულებული იყო, დანარჩენები კი პეისკარმა სამი წრე ატარა.

"ეს ჩემი ბრალი იყო. შევეცადე მანქანის დამორჩილება, მაგრამ არაფერი გამომივიდა. სეზონში მხოლოდ მეორე რბოლა ვერ დავასრულე. ჩემპიონატის ბოლომდე ორი ეტაპია დარჩენილი და შევეცდები ლიდერობის დაბრუნებას", - განაცხადა გავარდნის შემდეგ უებერმა.

რესტარტის შემდეგ ლიდერებმა შეინარჩუნეს პოზიციები, შუმახერმა კი მაინც მოახერხა ბატონის გასწრება - 26-ე წრეზე მიხაელმა მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ლიდერებს შორის ყველაფერი მშვიდად იყო პიტსტოპების პირველ ტალღამდე, რომელიც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის მორიგ გამოსვლას დაემთხვა.

ამჯერად ამის მიზეზი სებასტიან ბუემი ("ტორო როსო") გახდა. შვეიცარიელმა პილოტმა მესამე მოსახვევში დამუხრუჭება დააგვიანა და ტიმო გლოკს ("ვირჯინი") შეეჯახა. ტრასაზე მანქანის ნამსხვრევები დარჩა და სწრაფად რბოლა შეუძლებელი იყო. ლიდერები პიტსტოპზე წავიდნენ. ფეტელმა და ალონსომ ეს სხვებზე ერთი წრით გვიან გააკეთეს და ფერანდომ პოზიცია წააგო ჰემილტონთან. ამაში "ფერარის" ინჟინრების ბრალიც იყო - მათ პიტსტოპისას შეცდომა დაუშვეს. ყველაზე მეტად ჯენსონ ბატონი დაზარალდა, რომელმაც საბურავების შეცვლა უსაფრთხოების მანქანის გამოსვლამდე გადაწყვიტა.

მორიგი რესტარტის შემდეგ, ალონსომ 34-ე წრეზე ერთი საფეხურით წინ წაიწია - ჰემილტონი პირველი მოსახვევის გავლისას შეცდა. რაც შეეება ბატონს, ის ქულათა ზონაში შესვლისთვის იბრძოდა. წარუმატებელი პიტსტოპის შემდეგ ბრიტანელი მე-12 ადგილზე აღმოჩნდა, მერე ადრიან სუტილთან ("ფორს ინდია") გამართა ბრძოლა, მაგრამ წინსვლის ნაცვლად, სამი საფეხურით უკან დაიწია.
43-ე წრეზე ლიდერობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა. ალონსომ ძალიან მოუმატა ტემპს, ფეტელს კი პირველ მოსახვევში ხილვადობის პრობლემები შეექმნა. ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე ფერნანდომ მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა, 46-ე წრეზე კი რბოლასა და მთლიანად გენერალურ კლასიფიკაციაში კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია. ფეტელმა პირველ მოსახვევში გაატარა ალონსო, ცოტა ხანში კი ძრავა დაეწვა. "რენოს" ძრავამ ისევ ვერ გაუძლო ესპანელის შეტევებს (პირველად ეს ბაჰრეინში მოხდა).
"რა თქმა უნდა, კოშმარული შედეგია. ვლიდერობდი და შემეძლო 25 ქულა მომეპოვებინა, მაგრამ ფინიშამდე ცხრა წრით ადრე დავასრულე რბოლა. ახლა მხოლოდ წინსვლაზე უნდა ვიფიქროთ. კარგია, რომ სიჩქარის ამაღლებაზე ფიქრი არ გვჭირდება, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია", - ამბობს ფეტელი.

პეტროვისა ("რენო") და სუტილის გავარდნას თუ არ ჩავთვლით, რბოლის დასკვნითმა ნაწილმა მშვიდად ჩაიარა და ალონსო ჩემპიონატის ლიდერი გახდა როგორც ქულების, ასევე გამარჯვებების რაოდენობით - ესპანელის ანგარიშზე ხუთი გრან-პრი მოდის. უებერი ახალ ლიდერს 11 ქულით ჩამორჩება, ჰემილტონი მესამეზეა 21-ქულიანი ჩამორჩენით, ფეტელი 25 ქულას აგებს, ბატონი კი 42-ს და ჩემპიონი უნდა ამოვშალოთ ტიტულის პრეტენდენტთა სიიდან.

"ჩემპიონატის ლიდერი გავხდი, მაგრამ სიტუაცია თითქმის არ შეცვლილა, რადგან ქულათა დარიცხვის ამჟამინდელმა სისტემამ შეიძლება ერთ რბოლაში ყველაფერი კარდინალურად შეცვალოს. სწორედ ასე მოხდა დღეს. კორეაში "რედ ბულის" პილოტებს არ გაუმართლათ, მაგრამ პრეტენდენტთა რიცხვი კვლავაც ხუთია. როგორც არაერთხელ მითქვამს - წარმატების გარანტია სტაბილური შედეგებია: უნდა გავაგრძელოთ პოდიუმების მოპოვება", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ალონსომ, რომელმაც ბოლო ოთხ რბოლაში სამჯერ მოიგო.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი რბოლაა დარჩენილი: 7 ნოემბერს ბრაზილია , 14 ნოემბერს - აბუ დაბი.

კორეის გრან-პრი. XVII ეტაპი
იუნამი (55 წრე, 309.155 კმ)
1(3). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 2:48.20,810
2(4). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +14,999
3(6). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +30,868
4(9). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +39,688
5(8). რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) +47,734
6(18). ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) +53,571
7(10). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) +1.09,257
8(12). კამუი კობაიაში (BMW-ზაუბერი, იაპონია) +1.17,889
9(13). ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი, გერმანია) +1.20,107
10(11). ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) +1.20,851
11(16). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) +1.24,146
12(7). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.29,939
13(21). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 1 წრე
14(24). ბრუნო სენა (HRT F1, ბრაზილია) 2 წრე
15(23). საკონ იამამოტო (HRT F1, იაპონია) 2 წრე
16(14). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 9 წრე
17(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 10 წრე
18(15). ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) 14 წრე
19(20). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 23 წრე
20(17). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 24 წრე
21(19). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 28 წრე
22(22). ლუკას დე გრასი (ვირჯინი, ესპანეთი) 28 წრე
23(5). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 36 წრე
24(2). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) 36 წრე

საერთო ჩათვლა
1. ფერნანდო ალონსო - 231 (5 გამარჯვება); 2. მარკ უებერი - 220 ქულა (4); 3. ლუის ჰემილტონი - 210 (3); 4. სებასტიან ფეტელი - 206 (3); 5. ჯენსონ ბატონი - 189 (2); 6. ფელიპე მასა - 143; 7. რობერტ კუბიცა - 124; 8. ნიკო როსბერგი - 122; 9. მიხაელ შუმახერი - 66; 10. ადრიან სუტილი - 47; 10. რუბენს ბარიკელო - 47; 12. კამუი კობაიაში - 31; 13. ვიტანტონიო ლიუცი - 21; 14. ვიტალი პეტროვი - 19; 15. ნიკო ჰიულკენბერგი - 18; 16. სებასტიან ბუემი - 8; 17. პედრო დე ლა როსა (BMW-ზაუბერი, ესპანეთი) - 6, 17. ნიკ ჰაიდფელდი - 6; 19. ხაიმე ალგერსუარი - 3.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 426 ქულა; 2. მაკლარენი - 399; 3. ფერარი - 374; 4. მერსედესი - 188; 5. რენო - 143; 6. ფორს ინდია - 68; 6. უილიამსი - 65; 8. BMW-ზაუბერი - 43; 7. ტორო როსო - 11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული