ფეტელი ჩემპიონი უნდა იყოს

AutoSharing Option
სებასტიან ფეტელი ერთადერთი პილოტია გერმანიიდან, რომელიც მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძვის. შესაბამისად, გერმანული პრესა ყურადღებით აკვირდება ახალგაზრდა პილოტის წარმატებებსა თუ ჩავარდნებს. საჩემპიონო რბოლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია - მანქანის საიმედოობა. ამიტომაც Blick-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რა სიტუაცია იქნება საერთო ჩათვლაში, მანქანებს ტექნიკური პრობლემები არ შექმნოდათ.

ჩემპიონატის მსვლელობის გაანალიზებისას გერმანელები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სებასტიან ფეტელს ინტერლაგუშის რბოლისთვის გარანტირებული უნდა ჰქონოდა ჩემპიონის ტიტული. სებამ ტექნიკური პრობლემების გამო სამ რბოლაში დაკარგა ქულები: ბაჰრეინში პირველიდან მეოთხე ადგილამდე დაეშვა ძრავის პრობლემების გამო, მელბურნში ლიდერობდა, როცა წინა მარჯვენა
საბურავის სამაგრი დაზიანდა და გერმანელი ტრასიდან გადავარდა, კორეაში ფეტელს კი ძრავამ უღალატა, არადა გამარჯვებას მხოლოდ ცხრა წრე აშორებდა.

ამ დაზიანებებმა სებასტიანს 63 ქულა დააკარგვინა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ Blick-ის ჟურნალისტების გამოთვლები მხოლოდ თეორიულ ხასიათს ატარებს, რადგან ფორმულა 1-ში წარმატებას ის პილოტი აღწევს, რომელიც სისწრაფესა და მანქანის საიმედოობას შორის ოპტიმალურ ბალანსს ირჩევს.



ყავარჯენი ბერნისთვის
ამასობაში, სებასტიან ფეტელის გუნდმა - "რედ ბულმა" კორეის გრან-პრის წინ უნიკალური საჩუქარი გაუკეთა ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერ ბერნი ექლსტოუნს, რომელიც რამდენიმე დღეში 80 წლის გახდება, მაგრამ ძველებურად ენერგიული, მხნე და საქმიანია.

ბერნი იუმორით შეხვდა "რედ ბულის" მიერ დამზადებულ უცნაურ საჩუქარს: ეს არის ინვალიდებისთვის განკუთვნილი ორიგინალური ყავარჯენი, რომელზეც დამაგრებულია წინა ანტიფრთა და ცნობილი ენერგეტიკული სასმელის ორი ქილა. მაგრამ საჩუქრის ყველაზე ორიგინალური დეტალია საჭე: მასზე გათვალისწინებულია შემდეგი ღილაკები - "ვიაგრა", "ექთანი", "ადვოკატი", "ბუღალტერი" და პასკუალე ლატენედუს გამოსაძახება. ეს კაცი ექლსტოუნის უახლოესი თანაშემწეა.

ექლსტოუნს საჩუქარი "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა და სებასტიან ფეტელმა გუნდის ბოქსებში გადასცეს და ბერნიმ ის დიდი ხალისით მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული