22 რბოლა რეალურია?

AutoSharing Option
ახალი სეზონის სტარტის წინ ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ 2014 წლის სეზონის წინ აპირებს მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდრის 22 ეტაპამდე გაფართოებას.

როგორც იცით, წლევანდელი ჩემპიონატი 19-ეტაპიანი იქნება, რადგან ერთი წლით გადაიწია ნიუ ჯერსიში რბოლის დებიუტმა, მისთვის შემცვლელი კი ვერ იპოვეს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ექლსტოუნი აპირებს გუნდებთან მოლაპარაკების წარმოებას არსებული ლიმიტის 22 ეტაპამდე გაზრდაზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ 2014 წელს გაიმართება რუსეთის გრანპრი. იყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეს ეტაპი 2015 წელს გადაეტანათ იმ შემთხვევაში, თუ სოჭში ავტოდრომის მშენებლობას
ხელს შეუშლიდა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება. გარდა ამისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტაილანდსა და მექსიკაში რბოლების გამართვაზე.

"მთავარია, რბოლები ჩავატაროთ საჭირო ადგილებში. დარწმუნებული ვარ, გუნდები მოახერხებენ 22 ეტაპში მონაწილეობის მიღებას, - ამბობს ექლსტოუნი. – გარდა ამისა, ჩემი ნება რომ იყოს, ფორმულა 1-ს სამხრეთ აფრიკაში დავაბრუნებდი. მე უკვე შემომთავაზეს რბოლის დურბანში ჩატარება, მაგრამ, ჩემი აზრით, ქეიფთაუნი უფრო მოსახერხებელია".

სხვათა შორის, ბოლოს სამხრეთ აფრიკაში ფორმულა 1-ის ეტაპი 1993 წელს, პრეტორიაში გაიმართა. ასევე ჰქონდა ფორმულა 1-ის ეტაპის მასპინძლობის პატივი მექსიკას – მეხიკო-სიტიში ძმები როდრიგესების სახელობის ტრასაზე 15 გრანპრი გაიმართა, მათ შორის ბოლო 1992 წელს. ექლსტოუნს უკვე ჰქონდა კალენდარში მექსიკის დაბრუნების სურვილი – 2006 წელს იგეგმებოდა ეტაპის ჩატარება ტურისტულ ქალაქ კანკუნში, მაგრამ გეგმა ადგილობრივმა მთავრობამ ჩაშალა. ახლა კი, ექლსტოუნის განცხადებით, ლაპარაკია მეხიკოს ავტოდრომზე.

"მექსიკის დედაქალაქი საუკეთესო ადგილია რბოლის ჩასატარებლად, ვიდრე კანკუნი, - აღნიშნა ბრიტანელმა. – შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იკითხოთ, სად მდებარეობს მეხიკო და ყველა დადებით პასუხს გაგცემთ, მაგრამ თუ იკითხავთ, სად არის კანკუნი, პასუხს, ალბათ, ვერ ეღირსებით".

თუ მექსიკასთან დაკავშირებით ჯერ სიცხადე არ არსებობს, ტაილანდის წარმომადგენლებთან, როგორც ჩანს, ყველაფერი მოგვარებულია. უკვე მიღწეულია შეთანხმება ბანგკოკის ქუჩებში ღამის რბოლის ჩატარების შესახებ. თუმცა ჯერ ლაპარაკია ერთწლიან კონტრაქტზე, კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.

თავდაპირველად გრანპრის ჩატარების ინიციატორები აცხადებდნენ, რომ რბოლა უკვე 2014 წელს გაიმართებოდა, მაგრამ ექლსტოუნმა ეს ვარაუდი ეჭვქვეშ დააყენა. "მათ შემდეგ წელზე აქვთ იმედი, მე კი ვამტკიცებ, რომ 2015 წლამდე რბოლის ჩატარება არ მოხერხდება. მაგრამ გავიმეორებ - ჩვენ გვინდა ტაილანდში ჩასვლა და იქ დიდი ხნით დარჩენა", - განაცხადა ექლსტოუნმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული