1. ფერნანდო ალონსო. ერთ რბოლაში გამარჯვება და მეორეში - მეექვსე ადგილი ესპანელს ჩემპიონის ტიტულს მოუტანს.
ალონსო შეიძლება ვადაზე ადრე გახდეს ჩემპიონი, თუ ბრაზილიაში მარკ უებერს 15 ქულით მოუგებს. ამისთვის მას გამარჯვება ესაჭიროება, მარკი კი მეხუთე ადგილზე ზემოთ არ უნდა ავიდეს. ამ შემთხვევაში ფერნანდოს სხვა კონკურენტები ხელს ვერ შეუშლიან.
2. მარკ უებერი. ჩემპიონი გახდება ორივე რბოლის მოგების შემთხვევაში. ალონსო ორივეჯერ მეორეზეც
3. ლუის ჰემილტონი. ასევე საჭიროა ორი გამარჯვება, ამასთან ალონსო ერთ რბოლაში მესამე ადგილზე ზემოთ არ უნდა ავიდეს, მეორეში - მეოთხე ადგილზე ზემოთ. უებერს შეუძლია ორჯერ დაასრულოს რბოლა მეორე ადგილზე - ლუისი მას მაინც ოთხი ქულით გაასწრებს.
4. სებასტიან ფეტელი. გერმანელმა ორივე რბოლა უნდა მოიგოს, თანაც ალონსომ არ უნდა დააგროვოს 25 ქულაზე მეტი (მაგალითად, მესამე და მეხუთე ადგილზე ზემოთ არ უნდა ავიდეს). თუ უებერი ორივეჯერ მეორე ადგილზე გავა, ის ქულებით გაუთანაბრდება ფეტელს (256 ქულა), მაგრამ წააგებს გამარჯვებების რაოდენობით (ოთხი ხუთის წინააღმდეგ).
5. ჯენსონ ბატონი. ბრიტანელის შანსი თეორიულია. ორი რბოლის მოგების შემთხვევაში აუცილებელია რამდენიმე პირობის შესრულება:
- ალონსომ ორი რბოლაში არ უნდა მოიპოვოს რვა ქულაზე მეტი. მაშინ თანაბარი ქულების შემთხვევაში ბატონი ჩემპიონი გახდება უფრო მეტი მეორე ადგილის რაოდენობით.
- უებერმა არ უნდა დააგროვოს 18 ქულაზე მეტი. არ შეიძლება მარკთან ქულებით თანაფარდობა, რადგან გამარჯვებებისა და მეორე ადგილების ერთნაირი რაოდენობისას, ავსტრალიელს ერთით მეტი მესამე ადგილი ექნება.
- 29 ქულაზე მეტი არ უნდა დააგროვოს ჰემილტონმა.
- დაბოლოს, ფეტელმა არ უნდა აიღოს 33 ქულაზე მეტი. მაგალითად, თუ გერმანელი მეორე და მესამე ადგილებზე გავა, ქულების თანაფარდობის შემთხვევაში ბატონი უფრო მეტი გამარჯვების წყალობით გახდება ჩემპიონი.
* * *
"რენოს" ყოფილ შეფს ფლავიო ბრიატორეს მიაჩნია, რომ მხოლოდ ფატალური უიღბლობა თუ შეუშლის ხელს "ფერარის" პილოტ ფერნანდო ალონსოს ჩემპიონობის მოპოვებაში.
"ალონსო მხოლოდ რაიმე კატასტროფის შემთხვევაში დაკარგავს ტიტულს. ფეტელსა და ჰემილტონს უკვე აღარ აქვთ ჩემპიონობის შანსი. პრეტენდენტი მხოლოდ ორია: ალონსო და უებერი. ახლა ფერნანდო 11-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს ჩემპიონატს და მისი საბოლოო გამარჯვების შანსს 80 პროცენტით ვაფასებ", - ამბობს ბრიატორე.
იტალიელმა კვლავ გააკრიტიკა "რედ ბულის" ტაქტიკა, რადგან გუნდმა აქცენტი არა ერთ, არამედ ორ პილოტზე გააკეთა და თანაგუნდელებმა - ფეტელმა და უებერმა ერთმანეთს ბევრი ქულა დააკარგვინეს.
"რედ ბულს" მაშინ ექნება შანსი, როცა სტრატეგიას შეიცვლის. ფეტელი უიმედოდ ჩამორჩა და ის უებერს უნდა დაეხმაროს. მაგრამ შეიძლება ეს უკვე დაგვიანებული სვლა იყოს. ფერნანდომ "ფერარის" სტაბილურობა მოუტანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციაში - ესპანელი ნაკლებ შეცდომებს უშვებს და მანქანისგან მაქსიმუმს იღებს. თუ "რედ ბულს" ტიტულის ძალით წაგება სურს, "ფერარი" ამ შანსს კარგად გამოიყენებს", - განაცხადა ბრიატორემ.