თავის ერთ-ერთ საყვარელ ტრასაზე - "სუზუკაზე" მეექვსე ადგილის დაკავების შემდეგ
შუმახერის ასეთი "აღიარება" საკუთარ თავში არადამაჯერებლობის ნიშანია. ამას ადასტურებს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი, რომელთან ერთადაც მიხაელმა "ფერარიში" ხუთი ტიტული მოიგო.
"მიხაელი გარეგნულად მშვიდი ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, - განაცხადა ტოდტმა კორეის ეტაპის დროს. - შუმის კარგად უნდა იცნობდე, რომ მისი ნამდვილი გრძნობები გამოიცნო. მიხაელმა დაწვრილებით დაგეგმა ფორმულა 1-ში დაბრუნება და რა თქმა უნდა, უფრო მაღალი შედეგების იმედი ჰქონდა, მაგრამ რაოდენ ნიჭიერი და წარმატებულიც არ უნდა იყო, სამწლიანი პაუზა მაინც თავისას შვება, თან არ ჰყავს ჩემპიონატის საუკეთესო მანქანა. ამიტომაც მიმაჩნია: თუ მან დაბრუნება გაბედა, შეიძლება წასვლასაც არ მოერიდოს. ამჯერად საბოლოოდ".
ტოდტის სიტყვები ყველამ სერიოზულად აღიქვა და უკვე კორეაში დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მომავალ სეზონში შუმახერი "მერსედესის" კონსულტანტი გახდება ან სულაც ნორბერტ ჰაუგს შეცვლის Mercedes Motor Sport-ის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე.
მიუხედავად ამისა, კორეული რბოლის შემდეგ, სადაც შუმახერმა სეზონში თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა (მე-4 ადგილი), "მერსედესის" შეფმა როს ბრაუნმა აღტაცება ვერ დამალა შუმის გამოსვლით. მართლაც, წვიმის რბოლა მიხაელმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
"მიხაელმა ძალიან კარგი რბოლა ჩაატარა, - განაცხადა ბრაუნმა. - მან კარგად გამოიყენა ყველა შესაძლებლობა და ურთულეს პირობებში ერთი შეცდომაც არ დაუშვია".
მაგრამ პრესას ბრაუნის სხვა სიტყვებიც ახსოვს - თუ შუმახერი მისი დონის შესაფერის შედეგს ვერ აჩვენებს, ეჭვქვეშ დადგება მისი მომავალი "მერსედეს გრან-პრიში".
ჯენსონი ლუისს არ დაეხმარება
"მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა სეზონის დარჩენილ ორ რბოლაში უარი თქვა თანაგუნდელ ლუის ჰემილტონისთვის დახმარებაზე. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის თქმით, ტიტულის შენარჩუნების მხოლოდ თეორიული შანსის მიუხედავად, ის ბოლომდე აპირებს პირველობისთვის ბრძოლას.
17 ეტაპის შემდეგ ბატონის ანგარიშზე 189 ქულაა. ეს 42 ქულით ნაკლებია ლიდერ ფერნანდო ალონსოს მონაგარზე. ბრიტანელს დარჩენილ ორ რბოლაში მაქსიმუმ 50 ქულის მოპოვება შეუძლია, რაც მას ჩემპიონობის თეორიულ შანსს უნარჩუნებს. თუმცა ბატონი ახლა მეხუთე ადგილზეა და ალონსოს გარდა ჰემილტონი, მარკ უებერი და სებასტიან ფეტელი უსწრებენ.
"მაკლარენის" მეორე პილოტი ლუის ჰემილტონი ლიდერთან არც ისე ბევრს - 21 ქულას აგებს და ტიტულის მოპოვების რეალური შანსი გააჩნია. კორეის რბოლის შემდეგ ლუისმა პარტნიორს დახმარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ჯენსონის მხარდაჭერა მისთვის უმნიშძნელოვანესი იქნება. მაგრამ თავად ბატონი მიიჩნევს, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია.
"პირველი ადგილთან საკმაოდ ბევრს ვაგებ, მაგრამ მთელი ცხოვრება სანანებელი გამიხდება ბრძოლა ნაადრევად რომ შევწყვიტო, - ამბობს ჩემპიონი. - ფორმულა 1-ში ყველამ იცის, რომ ჩემპიონატი ბოლო რბოლის ფინიშამდე გრძელდება".
სახელოვანი ბიძის ნაკვალევზე
ესპანური HRT-ის მრბოლელი ბრუნო სენა მოლაპარაკებებს აწარმოებს "ლოტუსთან" - წერს ბრაზილიული გაზეთი "ო'გლობო". ლეგენდარული აირტონ სენას ძმისშვილმა მალაიზიურ საჯინიბოში, შესაძლოა, იტალიელი ვეტერანი იარნო ტრული შეცვალოს.
ბრაზილიელ პილოტთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, "ლოტუსში" გადასვლისთვის ბრუნომ უნდა დაადასტუროს სპონსორული პაკეტი და ამ მომენტისთვის უმცროსი სენას მენეჯმენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამასთან, "ო'გლობო" წერს, რომ "ლოტუსი" უახლოეს დღეებში დაადასტურებს კონტრაქტის გაფორმებას ძრავების ახალ მიმწოდებელთან - ფრანგულ კომპანია "რენოსთან". ასე რომ, ამ გარიგების შემთხვევაში, აღორძინდება ლეგენდარული ტრიო: სენა-"ლოტუსი"-"რენო", რომელიც პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა.
1985-86 წლებში აირტონ სენა "ლოტუსის" ღირსებას იცავდა, რომელიც მაშინ "რენოს" ძრავებით იყო აღჭურვილი. ამ საჯინიბოს ბოლიდით ბრაზილიელმა 32 რბოლა ჩაატარა, ოთხი მოიგო და 10-ჯერ ავიდა პოდიუმზე. ორივე ჩემპიონატი სენამ მეოთხე ადგილზე დაასრულა.
დღევანდელ "ლოტუსს" არაფერი აქვს საერთო კოლინ ჩეპმენის მიერ დაარსებულ ინგლისურ გუნდთან, რომელიც 1994 წელს გაკოტრდა. თუმცა ახალი გუნდის მეპატრონემ ტონი ფერნანდესმა Team Lotus-ის ბრენდის გამოყენების უფლება მისი მფლობელისგან - დევიდ ჰანტისგან შეიძინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"