ინტერლაგუშზე მხოლოდ ალონსო გაჩემპიონდება

AutoSharing Option
სეზონის ბოლოსწინა რბოლის წინ მრავლად გვესმის პროგნოზები და გათვლები ტიტულის მაძიებელთა შანსების შესახებ. სტატისტიკოსები ითვლიან - ვინ შეიძლება მოგებული დარჩეს ბრაზილიის ეტაპის შემდეგ ან საერთოდ დაკარგოს ამ სეზონში წარმატების შანსი.

ერთადერთი პილოტი, ვისაც შეუძლია სან პაულუში ნაადრევად გაინაღდოს ჩემპიონობა - "ფერარის" წევრი ფერნანდო ალონსოა, რომელიც საერთო ჩათვლას ლიდერობს. კარიერაში მესამე ტიტულის მოსაპოვებლად ესპანელს პოდიუმზე ფინიში სჭირდება.

ალონსო ჩემპიონი გახდება თუ:
- მოიგებს რბოლას და მარკ უებერი მეხუთე ადგილზე ზემოთ ვერ აიწევს;
- მეორე მივა ფინიშთან, უებერი კი მერვე პოზიციას ვერ
ასცდება;
- მესამე იქნება რბოლაში, უებერი პირველ ცხრა პილოტს შორის ვერ შევა.

როგორც ხედავთ, ალონსოს ბოლო ეტაპამდე გაჩემპიონებაში ხელს მხოლოდ მარკ უებერი თუ შეუშლის. ამასთან, თავად ავსტრალიელს საჩემპიონო შანსების შესანარჩუნებლად ფერნანდოს პოდიუმის მიღმა დარჩენა სჭირდება.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონობის შანსები ლუის ჰემილტონს, სებასტიან ფეტელსა და ჯენსონ ბატონსაც აქვთ. მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს ტრიო უკვე ინტერლაგუშში გამოეთხოვება საჩემპიონო იმედებს. ამისთვის შემდეგი უნდა მოხდეს.

ჰემილტონი ვერ გახდება ჩემპიონი თუ:
- ალონსო მოიგებს რბოლას;
- ალონსო მეორეზე გავა, ჰემილტონი მეოთხე პოზიციის ზემოთ ვერ აიწევს;
- ალონსო მესამე იქნება, ჰემილტონი მეხუთე ან უფრო დაბლა;
- უებერი მოიგებს, ჰემილტონი კი მეოთხე ადგილზე ქვემოთ იქნება;
- უებერი მეორე მივა ფინიშთან, ჰემილტონი მეცხრე პოზიციაზე (ან უფრო დაბლა) აღმოჩნდება.

ფეტელი ტიტულის შანსებს დაკარგავს თუ:
- ალონსო მოიგებს რბოლას;
- ალონსო ათეულში შევა, ფეტელი კი მის უკან აღმოჩნდება;
- უებერი მოიგებს, ფეტელი კი მეოთხე ადგილზე ქვემოთ იქნება;
- უებერი მეორე მივა ფინიშთან, ფეტელი მეშვიდ პოზიციაზე (ან უფრო დაბლა) აღმოჩნდება;
- უებერი მესამეზე გავა, ფეტელი მერვე ადგილზე ზემოთ ვერ აიწევს;
- უებერი მეოთხეა, ფეტელი პირველ ცხრა პილოტს შორის ვერ მოხვდება;
- ჰემილტონი მოიგებს, ფეტელი მერვე ან უფრო დაბალ ადგილზე გავა.

ბატონი დაკარგავს ყველა შანსს თუ:
- ალონსო ექვსეულში შევა;
- ალონსო მე-7-10 ადგილზე გავა, ბატონი კი რბოლას ვერ მოიგებს;
- უებერი გაიმარჯვებს;
- უებერი მე-2-4 ადგილზე გავა, ბატონი ვერ მოიგებს.

როგორც ხედავთ, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ყველაზე რთული ამოცანა აქვს. ალონსომ ქულაც რომ ვერ აიღოს, ბატონს ტიტულის შანსების შესანარჩუნებლად უებერის ხუთეულის მიღმა დარჩენა სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული