დიდი უქმეების მოლოდინში

AutoSharing Option
ამ კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა ეტაპია, რომელიც ხვალ ბრაზილიაში გაიმართება. საყოველთაო ყურადღება ტიტულის ორი მთავარი პრეტენდენტის - მარკ უებერისა და ფერნანდო ალონსოს მისამართით არის მიპყრობილი.

"რედ ბულის" ავსტრალიელი პილოტი "ო'გლობოსთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა თანაგუნდელ სებასტიან ფეტელისგან დახმარებას არ ელის.

- საკმაოდ დიდი ხანი ლიდერობდით ჩემპიონატს. რა შეიცვალა ახლა, როცა ბოლო ორი ეტაპის წინ მდევრის როლში აღმოჩნდით?
- განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. დიდი გ
ანსხვავება არ არის მაშინ, როცა კონკურენტებს 5, 8, 11 ან 14 ქულით უსწრებ. ჩემი აზრით, შესამჩნევი სხვაობაა ისაა, როცა უპირატესობა 20 ქულას აჭარბებს. რამდენიმე რბოლის განმავლობაში ვლიდერობდი საერთო ჩათვლას, პირველ ადგილის მფლობელს კი მხოლოდ ერთადერთი გზა აქვს - ქვემოთ ეშვება. ახლა მეორე ვარ და ბოლო ორ გრან-პრიზე შევეცდები დაკარგულის ანაზღაურებას.

- ბრაზილიაში ალონსოს "ნომერ პირველ მტრად" აღიქვამენ: ეს აიოლებს თქვენს ამოცანას?
- ეს არანაირად არ აისახება შექმნილ სიტუაციაზე. ამით ალონსო უფრო ნელა ხომ არ იმოძრავებს ტრასაზე?!

- მიგაჩნიათ, რომ ბრაზილიაში ალონსო იქნება თქვენი მთავარი კონკურენტი?

- რთულია ამის თქმა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენ ვერ მოვიგებთ ჩემპიონატს თუ ესპანელის უკან აღმოვჩნდებით. მაქსიმალურად მაღალი შედეგი გვჭირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "რედ ბულმა" ფერნანდოს უნდა გაუსწროს. თუ მას რაიმე ტექნიკური პრობლემა შეექმნება, ეს საქმეს გაგვიმარტივებს, წინააღმდეგ შემთხვევაში - მისი დამარცხება მოგვიწევს. თუ ფერნანდოს რამდენიმე ქულას ავართმევთ, ესეც მიღწევა იქნება.

- გქონდათ საუბარი სებასტიან ფეტელთან მომავალ უქმეებზე მისი როლის შესახებ?
- ჩვეულებრივი რბოლა გველის.

- მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის...
- მაინც ამ აზრზე ვრჩები.

- შეიძლება თუ არა კვირას გუნდმა შეცვალოს სტრატეგია თქვენი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე? აქ ლაპარაკი არ არის გუნდური ტაქტიკის გამოყენებაზე, უბრალოდ "რედ ბულის" ერთ-ერთი პილოტი მეორეს მდგომარეობაში უნდა შევიდეს...

- ეს ვარიანტი არ არის გამორიცხული, მაგრამ ნიუანსებზე მხოლოდ მაშინ ვილაპარაკებთ, როცა გაირკვევა სარბოლო უქმეების მსვლელობა... მაგალითად, ჩვენს შორის შეიძლება ადრიან სუტილი ან სხვა რომელიმე პილოტი აღმოჩნდეს ან ამინდი გაფუჭდეს. რბოლამდე სამი დღით ადრე რთულია ამაზე ლაპარაკი.

- როგორ ფიქრობთ, ფეტელს ვინმემ უნდა მიუთითოს თქვენი მხარდაჭერისკენ?
- თუ ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა, არც არასოდეს მოხდება.

- მაგრამ ადრე სხვა სიტუაცია იყო...
- ჩემთვის და სებასტიანისთვის ბოლო ხუთი-ექვსი რბოლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჩემპიონატს ახლა სხვა ლიდერი ჰყავს.

- არსებობს თუ არა იმის რისკი, რომ თუ თქვენ და ფეტელი არ ითანამშრომლებთ, "რედ ბულს" არც ერთი ტიტული არ შეხვდება? რა აზრის არის ამაზე გუნდი?
- ეს გუნდის ხელმძღვანელებს უნდა ჰკითხოთ. მე პილოტი ვარ და ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომით რისკი იზრდება - ხომ შეიძლება ერთმანეთთან ბრძოლისას რომელიმე ჩვენთაგანი რბოლას გამოეთიშოს. მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილება არ არის.

- ფეტელს თქვენზე მეტი ქულა რომ ჰქონდეს, თავად თუ დაეხმარებოდით რბოლის დროს?
- რთული საკითხია... მე და სებასტიანი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ვიმყოფებით. ის ახალგაზრდაა, ჩემთვის კი ეს შეიძლება ბოლო შანსი აღმოჩნდეს. ასე რომ სიტუაცია არც ისე მარტივია. რა ტაქტიკაც არ უნდა ავირჩიოთ, მხოლოდ აბუ დაბის გრან-პრის შემდეგ გაირკვევა, რამდენად მართლები ვიყავით ამ არჩევანში.

- რამდენად გამართლებული იქნება ტიტულის დაკარგვა "რედ ბულისთვის", რომელმაც წელს 17-დან 14 კვალიფიკაცია მოიგო?
- საკვალიფიკაციო რბოლებზე ბევრი ლაპარაკია, მაგრამ შაბათის გამოსვლებისთვის ქულები არ გვენიჭება: ეს მხოლოდ კვირას ხდება და სწორედ იმ დროს უნდა მოიპოვოთ ქულები.

- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გუნდისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას არ გრძნობთ...
- ტექნიკური თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია.

- პირად ურთიერთობებში?
- ეს ისედაც ცხადია. ასე არ არის?!

- წაგების შემთხვევაში ჩათვლით, რომ ღირსეულად დამარცხდით?
- დიახ.

- და ეს სიტუაცია დაგაკმაყოფილებთ?
- ვხვდები რასაც გულისხმობთ. ფერნანდომ ჰოკენჰაიმის რბოლა არა გუნდური ტაქტიკის გამოყენების, არამედ სისწრაფის ხარჯზე მოიგო.

- მაგრამ ეს ასე არ არის...
- ეს ასეა. მან გაუსწრო მასას და მალე დიდი მანძილით ჩამოიტოვა უკან. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ფერარის" პილოტებისთვის შეიძლება ყველაფერი შეჯახებით დასულებულიყო. მასას შედარებით დაბალი ტემპი რომ არ ჰქონოდა, მაშინ სხვა შედეგს მივიღებდით.

- თქვენი შეფის კრისტიან ჰორნერის თქმით, არასწორი იქნება ალონსოს ჩემპიონატში გამარჯვება, რადგან "რედ ბული" "ფერარისგან" განსხვავებით პატიოსან თამაშს ეწეოდა.
- თუ ფერნანდო გაიმარჯვებს, ეს არ იქნება გუნდური ტაქტიკის წყალობით მოგებული მისი პირველი ჩემპიონატი.

- "რედ ბული" ბრაზილიაშიც ყველაზე სწრაფი იქნება?
- წესით, კარგად უნდა გამოვიდეთ ამ ტრასაზე და ლიდერებს შორის უნდა ვიყოთ, ასე რომ, მაღალი შედეგის მიღწევის კარგი შანსი გვაქვს.


რედ ბულმა პოზიცია შეცვალა?
არაერთხელ ვწერდით იმის შესახებ, რომ თითქმის ყველა ექსპერტი "რედ ბულს" ტაქტიკის შეცვლასა და აქცენტის უებერზე გადატანას ურჩევს, მაგრამ აქ მოყვანილი ინტერვიუდანაც აშკარად ჩანს, რომ ავსტრიული საჯინიბოს ხელმძღვანელობა არ აპირებს გადაუხვიოს თავის პრინციპებს. ყოველ შემთხვევაში დღემდე ასე იყო, მაგრამ როგორც ჩანს, სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით გუნდის შეფი კრისტიან ჰორნერი:

"ვფიქრობ, უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდით - ჩვენს გარდა არც ერთ გუნდში ორი პილოტს არ აქვს ჩემპიონობის რეალური შანსი. "ფერარიმ" დიდი ხანია აქცენტი ალონსოზე გააკეთა, "მაკლარენში" ბატონს მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. ჩვენთან კი უებერი ალონსოს უახლოესი მდევარია და მასთან 11 ქულას აგებს, ფეტელი კი მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება ესპანელს.
რა თქმა უნდა, მომავალი ეტაპის სტარტზე ერთნაირად დავუჭერთ მხარს ორივე პილოტს, მაგრამ მათემატიკას აუცილებლად გავითვალისწინებთ. ასეთ სიტუაციაში ყველაფერი დამოკიდებული იქნება არა ამ უქმეებზე, არამედ ერთი კვირის შემდეგ, აბუ დაბის რბოლის წინ ძალთა გადანაწილებაზე. მანამდე კი ჩვენს პილოტებს რეალური შანსი აქვთ. მართალია, მარკი უკეთეს სიტუაციაშია, მაგრამ ორივენი აგრძელებენ ბრძოლას".

ჰორნერის აზრით, "რედ ბული" სტრატეგიული ხასიათის მოქმედებას იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ ფეტელი საერთო ჩათვლაში არამომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება: "ყველასთვის ცნობილია, რომ გუნდური ტაქტიკა აკრძალულია, მაგრამ რიცხვებს აუცილებლად უნდა გადავხედოთ: თუ ბრაზილიაში ფერნანდო სებასტიანს გაასწრებს, ჩვენი პილოტისთვის სეზონი წაგებული იქნება.

ორივე პილოტს ცხადად ესმის ეს ვარიანტები, ორივენი ერთ გუნდში გამოდიან და მაქსიმალურად მაღალი შედეგის მიღწევას ცდილობენ. მაგრამ ჯერჯერობით ორივეს აქვს შანსი და ისინი თანაბარ მხარდაჭერას მიიღებენ. შემდეგ კი საქმეში მათემატიკა ჩაერთვება".


უებერს ფერარიში უშვებენ
BBC Radio 5-ის ეთერში სეზონის დასრულების შემდეგ გუნდების შემადგენლობებში სავარაუდო ცვლილებების საინტერესო სცენარი გაჟღერდა.
ბრიტანელი ჟურნალისტების ცნობით, მარკ უებერმა, შესაძლოა, დატოვოს "რედ ბული" და მომავალი წლისთვის "ფერარისთან გააფორმოს კონტრაქტი. ავსტრალიელი "სკუდერიაში" ფელიპე მასას შეცვლის. ამ შემთხვევაში მარკის ადგილს "რედ ბულში" სებასტიან ბუემი დაიკავებს.
ჯერჯერობით ეს ჭორი არაფრით არ არის დადასტურებული...

მასას დაპატიმრებით დაემუქრნენ
ბრაზილიის სპეციალური კრიმინალური სასამართლოს პროკურორი პაოლო კასტილიო დაპატიმრებით დაემუქრა "ფერარის" პილოტ ფელიპე მასას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კვირას ბრაზილიის გრან-პრიზე "სკუდერია" გუნდურ ტაქტიკას გამოიყენებს და ბრაზილიელი პილოტი წინ გაუშვებს თავის თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს.
"თუ ის ასე მოიქცევა, ინტერლაგუშის ტრასას ხელბორკილებით დატოვებს", - ამბობს კასტილიო Folha-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ამ განცხადებისას პროკურორი სპეციალურ კანონს იშველიებს, რომელიც იცავს მაყურებლის უფლებას სპორტში პატიოსანი თამაშის ხილვის შესახებ.

ალონსოს მანქანას ძრავას გამოუცვლიან
გუშინ ინტელაგუშზე თავისუფალი პრაქტიკა დაიწყო. პირველმა სესიამ "რედ ბულის" ბოლიდების დომინირებით ჩაიარა, შემდეგ იყვნენ "მაკლარენის" პილოტები. რაც შეეხება "ფერარის", იტალიურ გუნდს დაბალი შედეგები ჰქონდა - ალონსო და მასა შესაბამისად მე-13 და მე-14 ადგილზე გავიდნენ.

პირველი სესიის დასრულების შემდეგ ჩემპიონატის ლიდერმა ფერნანდო ალოსნომ მანქანა ტრასაზე გააჩერა. F10-ის შემოწმების შემდეგ გუნდმა ძრავის შეცვლა გადაწყვიტა, რომელმაც საბოლოოდ ამოწურა თავისი რესურსი.

მეორე სესიისთვის ალონსოს მანქანას ახალი ძრავა დაუყენეს, რომელიც წინა ეტაპების დროსაც გამოიყენებოდა. ამასთან, ესპანელი ამ ცვლილებისთვის არ დაისჯება, რადგან სეზონში რვა ძრავის გამოყენების ლიმიტი არ დაურღვევია.

პირველი პრაქტიკა:
1. ფეტელი (რედ ბული) 1:12.328
2. უებერი (რედ ბული) +0.482
3. ჰემილტონი (მაკლარენი) +0.517
4. ბატონი (მაკლარენი) +0.939
5. კუბიცა (რენო) +1.042
6. როსბერგი (მერსედესი) +1.188
7. ბარიკელო (უილიამსი) +1.218
8. შუმახერი (მერსედესი) +1.315
9. სუტილი (ფორს ინდია) +1.590
10. ჰაიდფელდი (ზაუბერი) +1.672
11. კობიაში (ზაუბერი) +1.676
12. ჰიულკენბერგი (უილიამსი) +1.827
13. ალონსო (ფერარი) +1.918
14. მასა (ფერარი) +1.939
15. პეტროვი (რენო) +2.042
16. ლიუცი (ფორს ინდია) +2.159
17. ალგერსუარი (ტორო როსო) +2.290
18. ბუემი (ტორო როსო) +2.406
19. ტრული (ლოტუსი) +3.275
20. გლოკი (ვირჯინი) +3.532
21. კოვალაინენი (ლოტუსი) +3.729
22. დ'ამბროზიო (ვირჯინი) +4.379
23. კლინი (HRT) +4.511
24. სენა (HRT) +5.032

ბრაზილიის გრან-პრი
შაბათი - კვალიფიკაცია, 19:55
კვირა - რბოლა, 19:50

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული