"რედ ბულის" პირველი კანადური ტრიუმფი

AutoSharing Option
სებასტიან ფეტელის ტრიუმფით დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპი, რომელსაც მონრეალის ჟილ ვილნევის სახელობის ტრასამ უმასპინძლა.

"რედ ბულის" გერმანელი პილოტი კანადაში საერთო ჩათვლის ლიდერის რანგში ჩავიდა და მონრეალის ეტაპის შემდეგ კიდევ უფრო გაიმყარა პირველობა გენერალურ კლასიფიკაციაში. მის უახლოეს კონკურენტებს შორის კი ერთგვარი როქი განხორციელდა: "ფერარის" პილოტი ფერნანდო ალონსო, რომელმაც მეტად სოლიდური და საკმაოდ რთული რბოლა ჩაატარა, მეორე ადგილზე გადავიდა - უკან ჩამოიტოვა "ლოტუსის" წევრი კიმი რაიკონენი, ვინც განვლილი ეტაპის ერთ-ერთ ანტიგმირად შეიძლება მოვნათლოთ.

საერთოდ, კანადის გრანპრის ხშირად ახასიათებს სიგიჟეები, მაგრამ ამჯერად
მსგავსი არაფერი გვინახავს. ყოველ შემთხვევაში, პირველი ადგილისთვის ბრძოლა არ ყოფილა. როგორც კი პოულის მფლობელმა ფეტელმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოიგო სტარტი, მაშინვე გასაგები გახდა - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი თავის შანსს ხელიდან არ გაუშვებდა.

პირველი წრის შემდეგ ის უახლოეს კონკურენტს ორ წამს უგებდა. წინ გერმანელს არავინ აწუხებდა და უკანაც დიდად არავინ მიახლოებია. ეს "რედ ბულის" ყველაზე საყვარელი საქმიანობაა.

ფეტელი კადრში მხოლოდ პიტსტოპების დროს და პოდიუმზე გამოჩნდა. თუმცა იყო კიდევ ერთი მომენტი, როცა გერმანელმა კადრში გაიელვა და მის გულშემატკივრებსა და "რედ ბულის" წევრებს გული გადაუქანდათ - ერთ-ერთ მოსახვევში სება სწრაფად შევიდა და მილიმეტრებში ჩაუარა ბეტონის კედელს... ამის შემდეგ გერმანელმა თავი ხელში აიყვანა და შეცდომა აღარ დაუშვია.

რბოლაში მთავარი მოვლენები კი ლიდერის უკან ვითარდებოდა. ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა მეორე ადგილისთვის ხანგრძლივი და დაძაბული ბრძოლა ალონსოსა და ლუის ჰემილტონს შორის. ესპანელი ძალიან ხისტად უტევდა, ბრიტანელი არანაკლებ უკომპრომისოდ იცავდა თავს, შემდეგ კი კონტრშეტევაც განიზრახა.

ბოლიდებს შორის რამდენიმე სანტიმეტრი სივრცე იყო. მიუხედავად ამისა, მათ კონტაქტი თავიდან აიცილეს და ფერნანდომ "მაკლარენში" ყოფილ თანაგუნდელს მეორე ადგილი წაართვა.

დიდი ბრძოლა გამართა ტრასაზე "ფერარის" მეორე პილოტმა ფელიპე მასამ, რომელიც ლიდერი იყო გასწრებების რაოდენობით. ბოლო წრეზე მან კიმი რაიკონენი ჩამოიცილა გზიდან და სასტარტო პოზიციასთან შედარებით, რვა ადგილი მოიგო.

კიდევ უფრო მეტი - 10 პოზიცია მოიგო საკვალიფიკაციო ადგილთან შედარებით პოლ დი რესტამ, მაგრამ, თუ ფელიპე მასამ ეს თავისი შეტევებით გააკეთა, შოტლანდიელმა - რისკიანი და ბრძნული ტაქტიკით. მან 70-წრიანი რბოლა ერთი პიტსტოპით გაიარა და ამან საკმაოდ მაღალი - მეშვიდე ადგილი მოუტანა (მასა მერვეზე გავიდა).

საბურავებთან ასეთი ეკონომიური მოპყრობის მხრივ, პელოტონში ასევე კიმი რაიკონენი და ჯენსონ ბატონი გამოირჩეოდნენ, მაგრამ მათ ნაკლებად გაუმართლათ. თუ რაიკონენი მაინც მოხვდა ქულათა ზონაში (თუმცა წრე წააგო ფეტელთან!), ბატონი მხოლოდ მე-12 მივიდა ფინიშთან.

უნდა აღინიშნოს აგრეთვე "ტორო როსოს" პილოტის, ჟან-ერიკ ვერნის ბრწყინვალე შედეგი - მეექვსე ადგილი. კვალიფიკაციაში მესამე ადგილზე გასულ ფინელს, ვალტერი ბოტასს ("უილიამსი") კი არ გაუმართლა. ბრიტანულ საჯინიბოში ყველა წვიმას ნატრობდა, "უილიამსის" ბოლიდის სარბოლო მახასიათებლებიც, სავარაუდოდ, წვიმისა იყო. ამიტომაც მზიან ამინდში დებიუტანტ სკანდინავიელს უსწრებდა ყველა, ვისაც კი არ ეზარებოდა.

სტარტიდან პირველი მოსახვევის შემდეგ ბოტასი უკვე მეხუთე ადგილამდე იყო ჩამოქვეითებული, მეორე წრის ბოლოს კი ძლივს ინარჩუნებდა ადგილს ქულათა ზონაში.

დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ ფეტელის დამაჯერებელმა გამოსვლამ "რედ ბულს" არსებობის ისტორიაში პირველად მოაგებინა კანადის გრანპრი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მონრეალში წვიმს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული