ჯენსონ ბატონი და ბანდიტები

AutoSharing Option
ბრაზილიის გრან-პრის დღეებში ხშირად ხდება სხვადასხვა კრიმინალური ინციდენტი. წინა წლებში გუნდების თანამშრომლები, პილოტები და ტურისტები არაერთხელ გამხდარან თავდასხმის მსხვერპლნი. გამონაკლისი არც წლევანდელი უქმეები ყოფილა - შაბათს ღამით, საკვალიფიკაციო რბოლის შემდეგ "მაკლარენმა" ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

"შაბათს საღამოს ინტერლაგუშის ტრასიდან სასტუმრო Hilton Morumbi-სკენ (სან პაულუ) მიმავალ გზაზე შეიარაღებულმა მძარცველებმა იმ მანქანის გაჩერა სცადეს, რომელშიც ჯენსონ ბატონი იჯდა. არც პილოტი და არც მისი მგზავრები - ჯენსონის მამა ჯონი, ფიზიოთერაპევტი მაიკ კოლერი და მენეჯერი რიჩარდ გოდარტი არ დაზარალებულან. საბედნიეროდ, გუნდმა ჯენსონსა და მის თანაგუნდელ
ლუის ჰემილტონს დაჯავშნული მანქანები გამოუყო, რომლებმაც სპეციალურად გაწვრთნილი შეიარაღებული პოლიციელები მართავენ.

მძღოლებმა წამში მოახდინეს სახიფათო სიტუაციაზე რეაგირება, სწრაფად გაიკვლიეს გზა მანქანებს შორის და ბატონი სასტუმროში მიიყვანეს. ასევე ეფექტურად მოქმედებს სან პაულუს მთავრობა. ისინი კვირას უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიიღებენ ჯენსონისა და გუნდის სხვა თანამშრომელთა დასაცავად", - წერია განცხადებაში.

უფრო მოგვიანებით შაბათის თავდასხმის დეტალების შესახებ ბრიტანულმა პრესამ დაწერა. Mercedes B 200-ის მძღოლმა ჟურნალისტებს მოუყვა, რომ მათ ექვსი ადამიანი დაესხა თავს - ისინი ბეისბოლის ჯოხებითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ შეიარაღებული. ინციდენტის შესახებ კომენტარზე არც ბატონმა თქვა უარი.

"თავიდან სიმპატიური ძაღლი დავინახე, შემდეგ წამს კი - იარაღიანი კაცი. ჩვენი მძღოლი არ დაიბნა, გვერდით გაუხვია და მთელი სიჩქარით წინ გაიჭრა. იმ მომენტში ექვსი შეიარაღებული ბანდიტი შევამჩნიეთ, რომლებმაც ალყა შემოგვარტყეს. მძღოლმა გადაგვარჩინა - გაქცევისას ხუთი მანქანა დავაზიანეთ, მაგრამ მაინც გავძვერით. მიხარია, რომ მანქანაში არ იყო ჩემი შეყვარულებული ჯესიკა", - განაცხადა ბატონმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული