ოფიციალურად: მარკ უებერი დიდი ცირკიდან მიდის

AutoSharing Option
"რედ ბულის" ავსტრალიელმა პილოტმა მარკ უებერმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფორმულა 1-დან წასვლა გადაწყვიტა. 36 წლის ავსტრალიელი 2014 წელს შეუერთდება კონცერნ "პორშეს", რომელიც გეგმავს "ლე მანის 24-საათიან" რბოლაში გამოსვლას.

როგორც BBC იუწყება, უებერი კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა, მაგრამ, საბოლოოდ, ფორმულა 1-ის დატოვება და სხვა სერიაში გადასვლა არჩია. "დიდი იმედი მაქვს, რომ "პორშე" ახალი გამოწვევა იქნება ჩემს კარიერაში. მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი მანქანის საჭესთან დავჯდები", - ასეთი კომენტარი გააკეთა თავის გადაწყვეტილებაზე უებერმა.

ფორმულა 1-ში გატარებული 12
სეზონის განმავლობაში ავსტრალიელმა ცხრა ეტაპი მოიგო და 36-ჯერ ავიდა პოდიუმზე. ასევე, მის ანგარიშზეა 11 პოული და 15 სწრაფი წრე. უებერმა ორჯერ დაასრულა ჩემპიონატი გენერალური კლასიფიკაციის მესამე ადგილზე.

უებერი უკვე იღებდა მონაწილეობას "ლე მანის 24 საათში" 1998 და 1999 წლებში. მაშინ ავსტრალიელი "მერსედესის" მანქანის საჭესთან იჯდა. რაც შეეხება "პორშეს", ის 1998 წლის შემდეგ ბრუნდება ფრანგულ ავტომარათონში.

* * *
უებერის გადაწყვეტილების შემდეგ "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა აღნიშნა, რომ გუნდი დაინტერესებულია "ლოტუსის" ამჟამინდელი პილოტის, კიმი რაიკონენის გადაბირებით. მისი სიტყვებით, თუ ფინელი თავისუფალი იქნება მოლაპარაკებებისთვის, ავსტრიული საჯინიბო ამ ფაქტორს გამოიყენებს. მან იმაზეც მიუთითა, რომ ჯენსონ ბატონი "რედ ბულში" ნამდვილად არ გადავა.

"არ დავმალავ: რაიკონენის კანდიდატურა მართლაც საინტერესოა "რედ ბულისთვის", - ამბობს ჰორნერი. - ჩვენ მასთან მოლაპარაკებას ვგეგმავთ. ბევრ პილოტს სურს "რედ ბულში" გამოსვლა, რაც აიოლებს ჩვენს ამოცანას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არ უნდა ვიჩქაროთ. რაც შეეხება ბატონს, ის... ის "მაკლარენზეა" დაქორწინებული".

ჟურნალისტები კიმი რაიკონენის გარდა, "რედ ბულში" მოხვედრის კანდიდატებად ასახელებენ "ტორო როსოს" პილოტებს - დანიელ რიკარდოსა და ჟან-ერიკ ვერნს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რედ ბულმა" ომი გამოაცხადა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული