ალონსო თუ უებერი? ან იქნებ ფეტელი

AutoSharing Option
სეზონის ბოლო ეტაპის წინ გავეცნოთ ჩემპიონობის პრეტენდენტთა წინასარბოლო განწყობას, თუმცა მანამდე ტრადიციულად შემოგთავაზებთ ლეგენდარული ავსტრიელის, ნიკი ლაუდას პროგნოზს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს კვლავინდებურად მიაჩნია, რომ აბუ დაბის ტრასა ალონსოსთვის ან უებერისთვის იქნება ფეხბედნიერი.

- ბრაზილიის გრან-პრის წინ აცხადებდით, რომ ფეტელს ჩემპიონობის შანსი აღარ დარჩა, მან კი რბოლა მოიგო და ალონსოსთან ჩამორჩენა 15 ქულამდე დაიყვანა. კვლავაც არ გჯერათ მისი გაჩემპიონობის?
- მე ის პრეტენდენტთა სიიდან არასოდეს ამომიღია, უბრალოდ ქულებს ვითვლი - ტიტული ალონსოს ან უებერს შეხვდება.

- თუ ფეტელი ისევ შეძლებს გამარჯვებას?
- ათასგვარი ვარიანტია შესაძლებელი. ფეტელი ერთ-ერთი კანდიდატია, მაგრამ გული მიგრძნობს - სებასტიანი მარკს ფინიშზე გაატარებს, რადგან გერმანელი უტიტულოდ დარჩება იმ შემთხვევაში, თუ ალონსო მესამე მივა ფინიშთან. ეს იქნება ნამდვილი ჯენტლმენის ჟესტი და მადლობის გადახდა გუნდისთვის, რომელიც ბოლომდე კორექტული იყო პილოტების მიმართ და არ იყენებდა გუნდურ ტაქტიკას.

- ეთანხმებით "რედ ბულის" საქმისადმი მიდგომას, რომელიც არ ითვალისწინებს გუნდური ტაქტიკის გამოყენებას?
- "რედ ბულის" სიტუაცია უპრეცედენტოა ფორმულა 1-ში. ერთის მხრივ, ეს კერძო გუნდია, რომელმაც შეძლო გამოცდილი მოწინააღმდეგეების დამარცხება და კონსტრუქტორთა თასის აღება. მეორეს მხრივ, დიტრიხ მატეშიცმა ზუსტად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია - მის გუნდში ნებისმიერი პილოტმა შეიძლება გაიმარჯვოს. საჯინიბო სპორტში ოლიმპიურ იდეალებს მისდევს, სადაც გუნდური ტაქტიკა ნორმად არის ქცეული. ასეთი მიდგომა პატივისცემას იმსახურებს.

- იქნებ გუნდმა უნდა თხოვოს ფეტელს ბოლო წრეებზე აქსელერატორის სატერფულს ფეხი აუშვას და უებერი გაატაროს?
- პილოტმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ის - გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია. არ ღირს ისე მოქცევა, რაც "ფერარიმ" ჰოკენჰაიმზე გააკეთა ალონსოსთან და მასასთან მიმართებაში. მაშინ ყველამ მოტყუებულად მიიჩნია თავი.

- სავარაუდოდ, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გუნდურ ტაქტიკასთან დაკავშირებით უფრო ცხადი წესები უნდა შეიმუშავოს.
- ეს პარაგრაფი შეცდომად მიმაჩნია. ყოველთვის ვამბობდი, რომ აკრძალვას მაშინ აქვს აზრი, თუ შედეგის გაყალბებას ავიცილებთ თავიდან. ხოლო, როცა ერთ პილოტს ყველანაირი შანსი აქვს დაკარგული და შეუძლია დახმარება გაუწიოს თავის პარტნიორს - ეს დასაშვები უნდა იყოს. სწორედ ასეთი სიტუაცია იქნება მომავალ გრან-პრიზე.

- წელს რომელმა პილოტმა მოახდინა თქვენზე საუკეთესო შთაბეჭდილება?
- ყველაზე მეტად უებერმა გამაოცა - არ მეგონა, თუ ის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებდა. ფეტელმაც მიაღწია პროგრესს, მაგრამ ჯერ ბევრ შეცდომას უშვებს და ვერ ახერხებს თავისი პოტენციალის სრულად რეალიზებას. ჰემილტონმა მართვის აგრესიული სტილის გამო რამდენიმე რბოლა ჩააგდო, მაგრამ ის ერთ-ერთ უძლიერეს პილოტად მიმაჩნია. ყველაზე ძლიერი კი ფერნანდო ალონსოა, რომელიც თავის თავში ყველა საჭირო თვისებას აერთიანებს. გარდა ამისა, მას უდიდესი გამოცდილება აქვს.

- მიხაელ შუმახერი? საქმე ასაკშია თუ ის არამომგებიანი მანქანის საჭესთან დაჯდა?
- ასაკის ფაქტორს ვერ ვხედავ - მიხაელი ძველებურად კონკურენტუნარიანია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ "მერსედესმა" უკეთესი მანქანა უნდა შექმნას 2011 წლისთვის - ასე გაგრძელება არ შეიძლება. სწორედ მაშინ დავინახავთ, რამდენად სწრაფი იქნება მიხაელი. სავარაუდოდ, ის არ ელოდა, რომ სეზონი მისთვის ასე რთულად წარიმართებოდა.


"რედ ბული" მზადაა ჩემპიონატი წააგოს
მართლაც, მომავალ რბოლაში "რედ ბულის" პილოტთა ტაქტიკის შესახებ ბევრს ბჭობენ. ერთადერთი, ვინც ძველ პოზიციაზე დგას, ავსტრიული საჯინიბოს შეფი დიტრიხ მატეშიცია. სათაურად გამოტანილი სიტყვები სწორედ მას ეკუთვნის. ავსტრიელი პირდაპირ ამბობს, რომ აკრძალა ე. წ. გუნდური ტაქტიკის გამოყენება.

"არასოდეს გვიფიქრია ჩვენს პილოტებს შორის ბრძოლაში ჩარევა, - განაცხადა მატეშიცმა. - მირჩევნია ჩემპიონატი წავაგო, ვიდრე "ფერარის" მაგალითს მივბაძო. მას შემდეგ, რაც "სკუდერიამ" გერმანიაში გააკეთა, იტალიელებს მკაცრი კრიტიკისა და ზეწოლის გადატანა მოუწია, მაგრამ ჩვენ, რომლებიც საჯაროდ ვაცხადებთ უარს ასეთი მეთოდებზე - რატომღაც იდიოტებს გვეძახიან. იქამდე, სანამ ჩვენი ორივე პილოტი ინარჩუნებს ჩემპიონობის მოგების თუნდაც მინიმალურ შანსს, არც ერთ მათგანს არ მიენიჭება უპირატესობა. ბოლოს და ბოლოს, ალონსოს ყოველთვის არ გაუმართლებს. აბუ დაბიში შეიძლება სხვას გაუღიმოს ბედმა".

ასე რომ, ბევრი რამ უშუალოდ რბოლის დროს გადაწყდება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სებასტიან ფეტელის პოზიცია. სხვათა შორის, გუშინ გერმანელმა ირიბად მიანიშნა, რომ მზად არის პარტნიორის დასახმარებლად.

"ჯერ ნაადრევია კვირის რბოლაზე ლაპარაკი. წინ კვლიფიკაციია, რომელსაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. მაგრამ თუ რბოლაში სიტუაცია უებერის სასარგებლოდ განვითარდება, მაშინ ორივენი გავიხსენებთ, რომ ერთი გუნდის წევრები ვართ. ხანდახან ტრასაზე გვერდიგვერდ ვმდგარვართ და ეს ორივესთვის ცუდად დამთავრებულა. მნიშვნლოვანია, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს, დანარჩენი კი ეტაპის მსვლელობისას გამოჩნდება", - ამბობს ფეტელი.

ამასთან, გერმანელმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში, საკუთარ გამარჯვებაზე იქნება კონცენტრირებული და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს ტიტულისთვის ბრძოლის ვარიანტებზე: "ჩვენს წინაშე ზუსტად ჩამოყალიბებული მიზანია. "რედ ბულის" მანქანა მთელი სეზონის განმავლობაში სხვებზე სწრაფი იყო, მაგრამ ჩემპიონატმა რთულად ჩაიარა. კარგად ვხვდები, რომ ფავორიტები ფერნანდო და მარკი არიან, მე კი შევეცდები მაქსიმალური შედეგის მიღწევას, დანარჩენი კი იმაზე იქნება დამოკიდებული, სად აღმოჩნდებიან ალონსო და უებერი".


მაქსიმალისტი ალონსო
საერთო ჩათვლის ლიდერი ფერნანდო ალონსო ცნობილია გადამწყვეტ მომენტებში ცივი გონების შენარჩუნებითა და მაქსიმალური შედეგის მიღებით. აბუ დაბის გრან-პრის წინ ესპანელმა აღიარა, რომ საერთოდ არ ფიქრობს არითმეტიკაზე. მისი მიზანია არ დაუთმოს კონკურენტებს ინიციატივა და შეეცადოს სხვის შედეგებზე არ იყოს დამოკიდებული.

"ინტერლაგუშის რბოლამ საშუალება მოგვცა ჩემპიონატის ფინიშისთვის საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი გავმხდარიყავით: პირველი ან მეორე ადგილის შემთხვევაში, არანაირი არითმეტიკა არ დაგვჭირდება - ჩემპიონები გავხდებით, - დაწერა საკუთარ ვებგვერდზე ესპანელმა. - გუნდში ყველა დარწმუნებულია, რომ ზედმიწევნით ზუსტად შესრულდება ყველაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიზანს ვერ მივაღწევთ. და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები ჩვენზე სწრაფები არიან. "რედ ბულს" უდავოდ ყველაზე სწრაფი მანქანა ჰყავს, მაგრამ ისიც გვახსოვს, რომ ისინი ყოველთვის ვერ ახერხებენ ამ უპირატესობის რეალიზებას. ასე რომ, კონკურენტის ძალის აღიარება არ ნიშნავს მათთან ბრძოლაში წინასწარ დანებებას".
მოკლედ, ალონსო პირველ ან მეორე ადგილზე გასვლას გეგმავს და არ აპირებს თავისი ბედი მეტოქეთა შედეგებს დაუკავშიროს. ესპანელის მაქსიმალისტია, მაგრამ ამჯერად უკან დასახევ გზასაც იტოვებს: "ბრწყინვალე სეზონის ფინიშზე ვიმყოფებით და როგორც არ უნდა დასრულდეს ის, წლევანდელი ჩემპიონტი ყოველთვის სასიამოვნოდ მომაგონდება".


ლუისი ბედს შეურიგდა
ჩემპიონობის კიდევ ერთმა კანდიდადმა, ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა, როგორც იქნა, საღად შეაფასა შექმნილი სიტუაცია და 2010 წლის ტიტულის მოპოვების შესახებ ყველანაირი აზრი ამოიგდო თავიდან. ყოველ შემთხვევაში, ლუისი აბუ დაბიში აბსოლუტურად დამშვიდებული და მოდუნებული ჩავიდა და პრესას განუცხადა, რომ ამ ულამაზეს ავტოდრომზე სიამოვნების მიღებას აპირებს.

"კარიერაში ორჯერ ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, როცა ჩემპიონობის ბედი ფინალურ რბოლაში ირკვეოდა. ამიტომაც კარგად ვიცი რას გრძნობ მაშინ, როცა ტიტული ერთი ხელს გაწვდენაზეა, - ამბობს 2008 წლის ჩემპიონი. - ეს არის არანორმალური ფსიქოლოგიური პრესინგი. ტყუის ყველა, ვინც ამბობს, რომ სიმშვიდეს ინარჩუნებს და არ ფიქრობს ჩემპიონობაზე. ფიქრობს და მერე როგორ! ჩემთვის კი წლევანდელი შეგრძნებები განსხვავებულია - მართალია, თეორიულად ჯერ კიდევ შემიძლია ტიტულის მოპოვება, მაგრამ კარგად მესმის, რომ ფერნანდოსთან 24-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება პრაქტიკულად შეუძლებელია - მე უნდა მოვიგო რბოლა, ის კი ქულათა ზონაში არ უნდა მოხვდეს. არ მინდა ვინმეს წარუმატებლობა ვუსურვო, მირჩევნია ფსიქოლოგიური ტვირთისგან განვთავისუფლდე, უბრალოდ მანქანის საჭეს მივუჯდე და რბოლისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეტაპზე გამარჯვებას იოლად დავთმობ, მოტივაციის მხრივაც ყველაფერი წესრიგში მაქვს. ამასთან, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ წლევანდელი ჩემპიონატი განსაკუთრებულია და იქ სიტუაცია კალეიდოსკოპიური სისწრაფით იცვლება. ამიტომაც ყველაფარი შეიძლება მოხდეს. საკუთარი გამოცდილებით ვიცი - ტიტულისთვის ბრძოლა მაშინ მთავრდება, როცა ბოლო პრეტენდენტი გადაკვეთს ფინიშის ხაზს. მხოლოდ ამის შემდეგ ითვლება ქულები. ამიტომაც შევეცდები ფინიშზე რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავო".


* * *
აბუ დაბის გრან-პრი გუშინ თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო. გაიმართა ორი სესია, რომლებშიც გამარჯვებები გაცვალეს ლუის ჰემილტონმა და სებასტიან ფეტელმა. გთავაზობთ ჩემპიონობის პრეტენდენტთა გუშინდელ შედეგებს:

პირველი სესია
1. ფეტელი (რედ ბული) 1:42.760
2. ჰემილტონი (მაკლარენი) 1:43.369
4. უებერი (რედ ბული) 1:43.840
6. ალონსო (ფერარი) 1:44.121

მეორე სესია
1. ჰემილტონი (მაკლარენი) 1:40.888
2. ფეტელი (რედ ბული) 1:41.145
3. ალონსო (ფერარი) 1:41.314
4. უებერი (რედ ბული) 1:41.315

აბუ დაბის გრან-პრი
შაბათი, 16:55 - კვალიფიკაცია
კვირა, 16:50 - რბოლა

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული