შუმახერი საზარელ ავარიაში მოყვა [+VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი მოულოდნელად დასრულდა. იმ დროს, როცა ექსპერტთა უმრავლესობა ჩემპიონობას ფერნანდო ალონსოსა ("ფერარი") და მარკ უებერს ("რედ ბული") უწინასწარმეტყველებდნენ, ტიტული სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") მოიპოვა. გერმანელმა პირველი ნაბიჯი შაბათს, კვალიფიკაციის მოგებით გადადგა, გუშინ რბოლაში კი მის უშეცდომო გამოსვლას რამდენიმე იღბლიანი მომენტი დაემატა - უსაფრთხოების მანქანა და რამდენიმე პილოტის ნაადრევი პიტ-სტოპი...

მაგრამ სტარტზე ლიდერთა შორის ბრძოლაზე უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია გრანდიოზულმა ავარიამ, რომელშიც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი ("მერსედესი") მოხვდა. პირველი წრის დროს ნიკო როსბერგის ("მერსედესი") მანევრის წყალობით შუმი მოცურ
და და მის მანქანას ვიტანტონიო ლიუცი ("ფორს ინდია") შეეჯახა. ინციდენტი საშინელი სანახავი იყო, რადგან იტალიელის ბოლიდი "მერსედესის" ცხვირზე ახტა და შუმახერის ჩაფხუტს სულ მილიმეტრებში ჩაუფრინა [ვიდეო]. საბედნიეროდ, გერმანელი გადარჩა. მიხაელმა და ვიტანტონიომ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და სეზონის ნაადრევად დაასრულეს.

ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა და პელოტონს სათავეში ჩაუდგა. სანამ ტრასას "ფორს ინდიას" ნამსხვრევებისგან წმენდნენ, შესაძლებელი გახდა პირველი წრის შედეგების შეფასება. სასტარტო სწორ მონაკვეთზე ლუის ჰემილტონი ("მაკლარენი") თითქმის გაუთანაბრდა სებასტიან ფეტელს, მაგრამ მაინც მეორე პოზიციით მოუწია დაკმაყოფილება. ამასობაში, ჯენსონ ბატონმა ("მაკლარენი") გაუსწრო ფერნანდო ალონსოს, რითაც ჩამოყალიბდა მეტად სახიფათო დუეტი - ალონსო-უებერი. და იქვე ყველამ გამოთვალა, რომ თუ ავსტრალიელი გაუსწრებდა ესპანელს, ამით ტიტულს ფეტელს მოუტანდა. ასეთი საინტერესო სიტუაცია შეიქმნა პირველი წრის შემდეგ.

მაგრამ რესტარტის შემდეგ უებერმა ვერაფრით მოეხარხა ალონსოსთან მიახლოება, უკანა საბურავების მოქმედების გამო წაიწუწუნა და პირველი გაეშურა პიტ-სტოპზე. შემდეგ მოხდა საინტერესო მომენტი, რომელმაც უებერის პოზიციაზე იმოქმედა. ტრასაზე დაბრუნების შემდეგ, ავსტრალიელმა რამდენიმე წრე ხაიმე ალგერსუარის ("ტორო როსო") უკან იარა - ესპანელმა არაფერი დაუთმო ავსტრალიელს. შესაძლოა, სწორედ ამ შეფერხებამ არ მისცა საშუალება "რედ ბულის" პილოტს ალონსოზე წინ აღმოჩენილიყო მას შემდეგ, რაც თავის მხრივ, ესპანელი გაემართა საბურავების შესაცვლელად. ამ შემთხვევაში კი სიტუაცია უცვლელი დარჩა.

ამასობაში, ალონსო და უებერი რუს ვიტალი პეტროვს ("რენო") მიუახლოვდნენ, ვინც როსბერგთან და სხვა პილოტებთან ერთად უსაფრთხოების მანქანის გამოსვლამდე შეასწრო ბოქსებში და ამის წყალობით ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტთა (ალონსო და უებერი) წინ აღმოჩდა. როგორც შემდეგ გაირკვა, სწორედ რუსმა ითამაშა დიდი როლი წლევანდელი ჩემპიონის გამოვლენაში. სწორ მონაკვეთებზე "რენოს" ძალიან მაღალი სიჩქარე ჰქონდა და პეტროვი ახერხებდა ალონსოს დაყოვნებას, რითაც ანერვიულებდა ესპანელს - ფერნანდოსთვის რუსის გასწრება აუცილებელი იყო ტიტულისთვის ბრძოლის შანსის შესანარჩუნებლად. მით უმეტეს, რომ უკან უებერი იმყოფებოდა (თუმცა ავსტრალიელმა კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი რბოლა მეტად პასიურად ჩაატარა), წინ კი როსბერგი იდგა, რომელსაც ასევე აღარ სჭირდებოდა ბოქსებში შესვლა.

სებასტიან ფეტელს დროდადრო ატყობინებდნენ ტრასაზე მიმდინარე მოვლენებს, თავად გერმანელი კი შესანიშნავად ასრულებდა ყველაფერს, რაც მასზე იყო დამოკიდებული: კომფორტული მანძილით დაშორდა ჰემილტონს და "სუფთა" პიტ-სტოპი შეასრულა. თავად ლუისი ალონსოს მსგავს სიტუაციაში მოხვდა: მას წინ ხელს უშლიდა კუბიცას "რენო", რომელიც არ ჩქარობდა ბოქსებში შესვლას. ამასთან, ბრიტანელმა წინა საბურავების მდგომარეობაზე დაიჩივლა, თუმცა დამატებითი პიტ-სტოპი საჭირო არ გახდა.

სხვათა შორის, კუბიცა საჩემპიონო ინტრიგაში ჩართვას აპირებდა: ჰემილტონის პრესინგის მიუხედავად, პოლონელი წრეებს პეტროვი-ალონსოს წყვილზე წამით სწრაფად გადიოდა და რადიოთი ატყობინებდა თავის გუნდს, რომ პიტ-სტოპის შემდეგ ტრასაზე შეიძლება ამ დუეტზე წინ დაბრუნებულიყო. ეს კი ფერნანდოს საჩემპიონო ამბიციებს ხაზს გადაუსვამდა.

ფინიშამდე 15 წამით ადრე "ფერარისთვის" სიტუაცია კატასტროფულმი გახდა: კუბიცა უკვე 20 წამით იყო წინ და ტემპს უმატებდა. ცხადია, ალონსოს განსაკუთრებულ რისკზე წასვლა არ სურდა, მაგრამ სხვა ვარიანტი აღარ რჩებოდა. საბოლოოდ ეს ცხადი გახდა მაშინ, როცა კუბიცა ბოქსებიდან გამოსვლის შემდეგ პეტროვისა და ალონსოს წყვილის წინ დადგა!

"გამოიყენე შენი უდიდესი პოტენციალი", - თხოვდა რადიოთი ალონსოს მისი სარბოლო ინჟინერი ანდრეა სტელა. ესპანელიც ცდილობდა, ბოლომდე იხარჯებოდა მოსახვევებში, მაგრამ მაინც რაღაც არ გამოსდიოდა. "რენო" სწორ მონაკვეთებში ძალიან სწრაფი იყო, პეტროვი საჭირო ჰანდიკაპს იღებდა იმისთვის, რომ მოსახვევებში მშვიდად მოეგერიებინა ალონსოს შეტევები. ამასობაში, როსბერგი და კუბიცა სულ უფრო წინ მიდიოდნენ...

თანაც ლიდერთა ჯგუფიდან ალონსოსთვის დამაიმედებელი ცნობები არ მოდიოდა: ფეტელი კუბიცას დახმარებით 10 წამით დაშორდა ჰემილტონს და მხოლოდ რადიოს ცუდი მუშაობის გამო ჩიოდა. "მაკლარენების" წყვილიც ვერ შველოდა "ფერარის" - ბრიტანელები ვერ ავიწროებდნენ ლიდერს. "სკუდერიასთვის" იმედი მაშინ გაჩნდა, როცა რბოლას გლოკი გამოეთიშა, მაგრამ სტიუარდებს არც უფიქრიათ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოშვება.

ჩემპიონატის დასრულებამდე აღარაფერი და ალონსოს შანსებიც თანდათან ქრებოდა. კუბიცამ, მართალია, ბოქსებიდან გამოსვლისას თეთრი ხაზი გადაკვეთა, მაგრამ არშემდგარი ჯარიმაც ვერ უშველიდა "ფერარის" პილოტს. შემდეგ უკანა ანტიფრთა დაკარგა იარნო ტრულიმ ("ლოტუსი"), მაგრამ არც ამას მოჰყოლია უსაფრთხოების მანქანის გააქტიურება.

შეუძლებელი შესაძლებელი ყოფილა! ყოველგვარი გუნდური ტაქტიკის გამოყენებისა და რომელიმე კონკურენტის ავარიის გარეშე გახდა სებასტიან ფეტელი მსოფლიოს ჩემპიონი! გერმანელი მილოცვებს იღებდა და ცრემლებს ვერ იკავებდა, ალონსო კი მუშტს უღერებდა პეტროვს...

"სიმართლე გითხრათ, არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ ბოლო ათი წრის განმავლობაში ჩემი ინჟინერი აღელვებული მეჩვენა და მიზეზი ვიკითხე. ვიცოდი, რომ მომგებიან სიტუაციაში ვიმყოფებოდი, მაგრამ როცა მან მითხრა - "ყველაფერი შესანიშნავადაა!", ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. ბოლო წრეებზე ვიყავი კონცენტრირებული, შემდეგ კი რადიოთი გავიგონე, რომ ტიტული მოვიგე!

არც კი ვიცოდი, რა უნდა მეთქვა ამ მომენტში. ეს დაუჯერებელია! გუშინ დასაძინებლად მიმავალი, რბოლაზე ვფიქრობდი და დადებითი წინათგრძნობა მქონდა.

დაძაბული სეზონი გამოვიდა, დაუჯერებელი ბრძოლა ვიხილეთ და უკვე აღარც მახსოვს რამდენჯერ შეიცვალა ლიდერი. ზოგიერთს ამოშლიდნენ საჩემპიონო რბოლიდან, მაგრამ ისინი ბრუნდებოდნენ, როგორც ეს ფერნანდოს გააკეთა. ლუისიც ძალიან ძლიერი იყო. ამაზე შეიძლება წიგნი დაიწეროს.

ჯერჯერობით ვერ გავიაზრე ეს დიადი მომენტი - ამისთვის დრო მჭირდება. სავარაუდოდ, ხვალ უკვე მივხვდები, რომ ჩემპიონი გავხდი", - განაცხადა ფეტელმა.

"სტარტზე ერთი პოზიცია წავაგეთ ჯენსონ ბატონთან, შემდეგ კი ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა და როსბერგი და პეტროვი ბოქსებში გაემართნენ. უნდა გადაგვეწყვიტა - მათგან დაგვეცვა საკუთარი პოზიცია თუ უებერისგან, რომელიც ასევე ადრეულ პიტ-სტოპზე შევიდა. მივიჩნიეთ, რომ უებერთან ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანი იყო. ეს ამოცანა გადავჭერით, მაგრამ როსბერგსა და პეტროვს ვერაფერი მოვუხერხეთ - მათი გასწრება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ძალიან რთული რბოლა იყო და სამწუხაროდ, ისე ვერ განვითარდა, როგორც ვგეგმავდით. მაგრამ ეს სპორტია - ხან წარმატებას აღწევ, ხან - არა. ვულოცავ მათ, ვინც დღეს გაიმარჯვა, ჩვენ კი მომავალ წელს ისევ შევეცდებით მოგებას", - ასეთი კომენტარი გაუკეთა თავის მარცხს ალონსომ.

აბუ დაბის გრან-პრი. XIX ეტაპი
იას მარინა (55 წრე, 305.470 კმ)
1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:39.36,837
2(2). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +10,162
3(4). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +11,047
4(9). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +30,747
5(11). რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) +39,026
6(10). ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) +43,520
7(3). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +43,797
8(5). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +44,243
9(17). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) +50,201
10(6). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +50,868
11(14). ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი, გერმანის) +51,551
12(7). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) +57,686
13(13). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +58,325
14(12). კამუი კობაიაში (BMW-ზაუბერი, იაპონია) +59,558
15(18). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) +1:03,178
16(15). ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) +1:04,763
17(20). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 1 წრე
18(22). ლუკას დე გრასი (ვირჯინი, ესპანეთი) 2 წრე
19(23). ბრუნო სენა (HRT F1, ბრაზილია) 2 წრე
20(24). კრისტიან კლინი (HRT F1, ავსტრია) 2 წრე
21(19). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 4 წრე
22(21). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 9 წრე
23(8). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 55 წრე
24(16). ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) 55 წრე

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 498 ქულა; 2. მაკლარენი - 454; 3. ფერარი - 396; 4. მერსედესი - 214; 5. რენო - 163; 5. უილიამსი - 69; 7. ფორს ინდია - 68; 8. BMW-ზაუბერი - 44; 7. ტორო როსო - 13.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული