"რედ ბულმა" რიკარდო დაადასტურა

AutoSharing Option
ნათელი მოეფინა მომავალი სეზონის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგას - ავსტრიული ტელეარხის, Servus TV-ის პროგრამა Sports und Talk-ში "რედ ბულის" კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ დაადასტურა:

2014 წელს ავსტრიულ საჯინიბოში მარკ უებერს დანიელ რიკარდო შეცვლის.

ამის შესახებ ჭორები დიდი ხანი დადიოდა, ასე რომ, სიურპრიზი არ მომხდარა - სებასტიან ფეტელის თანაგუნდელი იქნება პერსპექტიული ავსტრალიელი, რომელიც ჯერჯერობით სერიოზული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის. 2009 წელს, ბრიტანულ F3-ში გამარჯვების შემდეგ, რიკარდოს ტიტული არ მოუგია, 2010 წელს კი მეორე ადგილზე გავიდა ფორმულა-რენო 3.5-ში. რიკარდო დიდი ხანი იყო "რედ ბულის" ახალგაზრდული
პროგრამის წევრი და მიიღო მთავარი პრიზი - ადგილი საჩემპიონო გუნდში.

ფორმულა 1-ში ავსტრალიელს ზუსტად 50 გრანპრი აქვს ჩატარებული და ჯამში 22 ქულა მოპოვებული. მისი საუკეთესო შედეგია მეშვიდე ადგილი ჩინეთის გრანპრიზე.

"ახლა ბრწყინვალედ ვგრძნობ თავს, თუმცა აღელვებული ვარ. იმ მომენტიდან, რაც 2011 წელს ფორმულა 1-ში მოვედი, იმედი მქონდა, რომ ეს დღე დადგებოდა. თანდათან რწმენა ღრმავდებოდა, რამდენჯერმე კარგ შედეგს მივაღწიე და საბოლოოდ, "რედ ბულმა" მე ამირჩია. არ მინდა, მხოლოდ ათეულში მოსახვედრად ვიბრძოლო; ვოცნებობ, დიდ გამარჯვებებს მივაღწიო.

მადლობას ვუხდი გუნდს ბოძებული შანსისთვის. კარგად ვიცნობ "რედ ბულს", რომელშიც 2010 წელს სარეზერვო პილოტი ვიყავი. ამიტომაც ახალ გარემოსთან შეგუება არ გამიჭირდება.

სებასტიან ფეტელთან ერთად გამოსვლა - დიდი გამოწვევაა ჩემთვის, თუმცა ამას მოუთმენლად ველოდები. ჩემი მიზანი ამ სეზონში მაქსიმალური შედეგების მიღწევაა "ტორო როსოს" ბოლიდით, რის შემდეგაც მთლიანად კონცენტრაციას მომდევნო სეზონზე და ჩემი კარიერის შემდეგ სტადიაზე მოვახდენ",
- განაცხადა დანიელ რიკარდომ.

"რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ 2014 წელს სებასტიან ფეტელი და მისი ახალი თანაგუნდელი თანაბარ პირობებში იქნებიან და პრიორიტეტი არავის მიენიჭება.

* * *
24 წლის ბრიტანელმა პილოტმა ჯეიმს კალადომ თავის "ტვიტერზე" დაწერა იმის შესახებ, რომ მონცაში მას მეტად დატვირთული უქმეები ელოდება, მოგვიანებით კი "ფორს ინდიას" პრესსამსახურმა დაადასტურა კონტრაქტი - კალადო ინდური საჯინიბოს სარეზერვო პილოტი გახდა და ის იტალიის სარბოლო უქმეებზე, პარასკევის პირველი თავისუფალი პრაქტიკისას მიუჯდება "ფორს ინდიას" ბოლიდის საჭეს.

წელს ჯეიმსი გამოდის GP2-ის სერიაში, სადაც ერთი ეტაპი მოიგო და ხუთჯერ ავიდა პოდიუმზე. გარდა ამისა, კალადო "ფორს ინდიას" შემადგენლობაში ივლისში მონაწილეობდა სილვერსტოუნში გამართულ ახალგაზრდულ ტესტებზე და პირველ დღეს საუკეთესო დრო აჩვენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: წელს დიდი სეზონია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული