ფორმულა 1: როგორ ანათებენ სინგაპურს

AutoSharing Option
სინგაპურის გრანპრი, როგორც ღამის ერთადერთი რბოლა კალენდარში, განსაკუთრებულ მომზადებას საჭიროებს.

აგერ, უკვე ხუთი წელია, ამით დაკავებულია იტალიური კომპანია DZ Engeneering-ი, რომლის ცენტრალური ოფისი ქალაქ ფორლიში მდებარეობს. სინგაპურის ახალი სარბოლო უქმეების წინ DZ Engeneering-ის ინჟინერმა და პროექტის ხელმძღვანელმა რობერტო გრილიმ ილაპარაკა ამ სამუშაოს დეტალებსა და თავისებურებებზე.

რობერტო გრილი: "სინგაპურის გრანპრი - ეს არის დაახლოებით 2000 პროჟექტორი უმძლავრესი ნათურებით, რომლებიც დაკავშირებულია ერთანეთთან 7 კილომეტრი სიგრძის კაბელით და დამაგრებულია ფოლადის 247 სვეტზე. ელექტროკაბელების საერთო სიგრძე 214 კილომეტრია, ავტოდრომზეა 475 გამანაწილებელი ფარი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემა,
რომლის სიგრძეა 57 კილომეტრი... ასევე, უნდა ვთქვათ ტრასაზე განთავსებულ 47 კამერაზე, 530 მიკროფონზე, რომელიც ყველა საზოგადოებრივ ადგილზე მდებარეობს, 500 რადიოსადგურზე მეტი მოხალისეებთან მოლაპარაკებებისთვის. და არ უნდა დავივიწყოთ რამდენიმე ათასი ადამიანის 160 დაძაბული სამუშაო დღე.

სამდღიანი სარბოლო სესიისთვის მთლიანი სისტემის მონტაჟი და დემონტაჟი ნახევარ წელს იკავებს. სინამდვილეში, ეს არის მთლიანად ავტომატიზირებული განათების სისტემა, რომლის მონტაჟისთვის 100 დღეა საჭირო.

მაისის შუაში იწყება ტრასის განათების, კამერებისა და ხმოვანი სისტემების დაყენება და ეს სამუშაო აგვისტოს შუაში დასრულებულია. მის ტესტებს დაახლოებით 10 დღე სჭირდება. ეს ძალიან დეტალური შემოწმებაა. რბოლამდე დარჩენილი დრო ეძღვნება სხვა სისტემების მოწყობას. ტექნიკის დემონტაჟი იწყება რბოლის დასრულებისთანავე და ამ პროცესს დახლოებით ერთი თვე სჭირდება. ყველა დეტალი გადის ინვერტარიზაციას, შემდეგ იქვე ინახება და მას სახელმწიფო სტრუქტურები იცავენ.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ძალიან დინამიკური ქალაქის ცენტრში, ხოლო ქუჩებში ტრანსპორტის ჩვეულებრივი მოძრაობა არ წყდება. ტრასას ჩვეულებრივი მანქანებისთვის სარბოლო უქმეების წინ, ოთხშაბათს კეტავენ. დილაობით ზოგიერთი ქუჩა გახსნილია, რათა მანქანებმა მაგისტრალებზე გავლა შეძლონ. გარდა ამისა, არის რამდენიმე კერძო ტერიტორია, სადაც შესვლა გარკვეულ საათებში შეიძლება. გვიწევდა მკაცრად გაწერილი გრაფიკით მუშაობა, რის გამოც ჩვენი სამუშაო დიდ დროს იკავებს.

სინგაპურის გრანპრის პროექტში ჩვენი კომპანიის ბევრი თანამშრომელია ჩართული. ყველამ იცის, რომ ტრასის განათებით ვართ დაკავებულნი, მაგრამ ჩვენი მოღვაწეობა ამით არ შემოიფარგლება. ჩვენ ასევე პასუხს ვაგებთ ამ გრანპრის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სხვა ტექნოლოგიური სისტემების შექმნასა და დაყენებაზე, კერძოდ, ტელერადიოკომუნიკაციური სისტემების მონტაჟზე.

მთელი ამ სისტემის მუშაობას უზრუნველყოფს 12 სადგური, რომლებსაც ტრასის გარშემო განათავსებენ. თითოეული სადგური აღჭურვილია ორი პარალელურად მომუშავე ძალისმიერი აგრეგატით (თითოს სიმძლავრე 500 კილოვატია). იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი გამოვა მწყობრიდან, მეორეს შეუძლია თავის თავზე აიღოს სრული დატვირთვა.

ტრასა განათებულია 1565 პროჟექტორით, თითოეული ნათურის სიმძლავრე 2000 ვატია. სამ გვირაბში კიდევ 179 პროჟექტორია დამონტაჟებული 400 ვატის სიმძლავრის ნათურით, ხოლო პადოკი განათებულია 80 პროჟექტორით. იმის გამო, რომ ისინი ტრასის ერთ მხარეს არის დაყენებული, აუცილებელია დამატებითი განათება სარეკლამო ბანერებისთვის. ამისთვის ჩვენ ვაყენებთ სპეციალურ პროჟექტორებს.

ამასთან, ყურადღება აქცენტირებულია მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც უნდა განათდეს - მნიშვნელოვანია, შუქმა თვალი არ მოჭრას პილოტებსა და მაყურებელს და ხელი არ შეუშალოს კამერების მუშაობას.

სინგაპურის მთავრობამ გამოაცხადა ტენდერი 10 ისტორიული და კულტურული ობიექტების განათებაზე, რომელმაც ტრანსლაციის დროს მაყურებლის ყურადღება უნდა მიიპყროს. ამ საკითხის მოგვარებითაც ჩვენ ვართ დაკავებულნი. ამ წლიდან მოყოლებული, ორ იტალიურ კომპანიასთან - Namaste-თან და Proietta-სთან თანამშრომლობის წყალობით, პიტ-ბილდინგის ფასადი სხვანაირი იქნება. როგორი? ამას გრანპრის დროს იხილავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: სინგაპურის გრანპრის ანონსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული