"მაკლარენში" დიდი ამბებია

AutoSharing Option
კევინ მაგნუსენი, რომელიც გასულ უქმეებზე "რენოს" მსოფლიო სერიის ჩემპიონი გახდა, 2015 წელს, შესაძლოა, "მაკლარენში" ფერნანდო ალონსოს მეწყვილე გახდეს, - ასეთი ვარაუდი გამოთქვა დანიურმა გაზეთმა Ekstra Bladet-მა.

თუმცა ეს მოსაზრება მხოლოდ ჭორებს ეფუძნება, რომელსაც ესპანური პრესა ავრცელებს. იქაური ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ალონსომ უკვე მოაწერა ხელი "მაკლარენთან" კონტრაქტს და იქ ერთი წლის შემდეგ დაბრუნდება. კევინ მაგნუსენი კი, როგორც იცით, "მაკლარენის" ახალგაზრდულ პროგრამაში შედის. მან ძალიან დამაჯერებლად მოიპოვა WSR-ის ტიტული და დაადასტურა თავისი ნიჭი და პროფესიონალიზმი.

როგორც Ekstra Bladet-ი წერს, დიდი ალბათობით შეიძლება
იმის თქმა, რომ ახალგაზრდა დანიელის დებიუტი ფორმულა 1-ში გაისად "მარუსიას" რიგებში შედგება. "მაკლარენის" ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ რუსულ-ბრიტანულ გუნდთან, რომელთანაც ტექნიკური პარტნიორობა აკავშირებს და სურს, მაგნუსენისთვის კონტრაქტი მოიპოვოს.

გამოდის საკმაოდ ლოგიკური სქემა, რომლის მიხედვითაც, კევინს დებიუტი ექნება "მარუსიაში", მიიღებს საჭირო გამოცდილებას, რის შემდეგაც გადავა "მაკლარენში".

ერთი მხრივ, "ფერარის" ხელმძღვანელობა გამოთქვამს იმედს, რომ ალონსო კარიერას იტალიურ გუნდში დაასრულებს; მეორე მხრივ, ევროპულ პრესაში გაჩნდა ჭორები, რომ ფორმულა 1-დან, შესაძლოა, წავიდეს ისეთი მსხვილი სპონსორი, როგორიცაა ესპანური ბანკი "სანტანდერი", ეს კი გაზრდის ალონსოს "მაკლარენში" გადასვლის ალბათობას.

გარდა ამისა, "მაკლარენის" მიმართ ინტერესი 2015 წელს გარანტირებულად მაღალი იქნება, რადგან ერთი წლის შემდეგ ბრიტანული გუნდი მიიღებს "ჰონდას" უახლეს ტურბოძრავებს. თანაც, ბრიტანულ საჯინიბოს არ მოუწევს ამ ძალისმიერი აგრეგატების სანაცვლოდ ფულის გადახდა. შესაბამისად, გუნდი წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ევროს დაზოგავს და შეძლებს, ეს თანხა მანქანის შექმნას მოახმაროს.

"მაკლარენის" სერიოზულ მიზნებზე ისიც ლაპარაკობს, რომ ბრიტანელების რიგებში გადადის "რედ ბულის" ორი სპეციალისტი - პიტერ პროდომი და მისი თანაშემწე.

ასევე შეგვიძლია მოვიშველიოთ გერმანული ტაბლოიდის, "ბილდის" ახალი ნომერი, სადაც გაჩნდა წერილი ამავე თემაზე: "ჰონდა" დაბეჯითებით უწევს რეკომენდაციას ალონსოს "მაკლარენში" გადასვლას და მზად არის, ესპანელის სავარაუდო ხელფასის - 25 მილიონი ევროს ნახევრის გადახდა თავის თავზე აიღოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: მასა "უილიამსის" კანდიდატია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული