წელს ფორმულა 1-ში სატრანსფერო სეზონმა ყოველგვარი სიურპრიზების გარეშე ჩაიარა - უძლიერესმა გუნდებმა დაადასტურეს შემადგენლობები, მაგრამ რამდენიმე დარჩენილ ვაკანსიაზე ძალიან ბევრი პილოტი აცხადებს პრეტენზიას და უმეტეს შემთხვევაში ყველაფერს სასპონსორო თანხები გადაწყვეტს...
რედ ბული
კონტრაქტები: სებასტიან ფეტელი, მარკ უებერი
მსოფლიოს ახალ ჩემპიონ სებასტიან ფეტელს მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს, ხოლო მარკ უებერმა 2010 წლის ივნისში მორიგი ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. "რედ ბულში" სტაბილურობაზეა გადატანილი აქცენტი და აქ ყველაფერს აკეთებენ წელს მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად.
მაკლარენი
კონტრაქტები: ლუის ჰემილტონი, ჯენსონ ბატონი
ორი ბრიტანელი ჩემპიონი, დაბალანსებული შემადგენლობა, უკონფლიქტო
ფერარი
კონტრაქტები: ფერნანდო ალონსო, ფელიპე მასა
ალონსოს 2011 წლის ბოლომდე აქვს კონტრაქტი "ფერარისთან", მასამ კი გუნდთან ხელშეკრულება 2012 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. ამბობენ, რომ "სკუდერიაში" უკმაყოფილონი არიან ფელიპეს ბოლოდროინდელი წარუმატებლობებით, მაგრამ ბრაზილიელს კონტრაქტი აქვს, მან უკვე ჩაატარა ნოემბერის ტესტები "პირელის" ახალი საბურავებით, ასე რომ, ცვლილებები ნაკლებად არის მოსალოდნელი.
თუ "ფერარიში" შემადგენლობა მაინც შეიცვალა, ეს სერიოზულად იმოქმედებს სხვა გუნდებში სიტუაციაზე. ჭორების მიხედვით, რობერტ კუბიცა შეიძლება ალონსოს მეწყვილე გახდეს, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდებია.
მერსედესი
კონტრაქტები: ნიკო როსბერგი, მიხაელ შუმახერი
ნიკო როსბერგმა ღირსეულად ჩაატარა სეზონი, მიხაელ შუმახერი კი 2011 წელს სერიოზულ პროგრესს იმედოვნებს. ამბობდნენ, წლევანდელი ჩავარდნის შემდეგ ლეგენდა საბოლოოდ წავიდოდა სპორტიდან და მის ადგილზე ნიკ ჰაიდფელდი ან ადრიან სუტილი მივიდოდა, მაგრამ გერმანული საჯინიბო შეინარჩუნებს შემადგენლობას და მომავალ წელს მეტის მიღწევას შეეცდება.
რენო
კონტრაქტები: რობერტ კუბიცა
კანდიდატები: ვიტალი პეტროვი, ნიკ ჰაიდფელდი, ადრიან სუტილი, ნიკო ჰიულკენბერგი, რომენ გროსჟანი
რობერტ კუბიცასთან ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ ბრიტანეთის გრან-პრის წინ გაფორმდა. საინტერესოა მეორე ვაკანსიისთვის ბრძოლა, თუმცა "რენოს" წარმომადგენლებმა აბუ დაბის რბოლის შემდეგ გამოაცხადეს, რომ ეს საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
ყველაზე რეალური კანდიდატი ვიტალი პეტროვია, მაგრამ ამ პოზიციაზე სამი გერმანელიც აცხადებს პრეტენზიას - ნიკ ჰაიდფელდი, ადრიან სუტილი და ნიკო ჰიულკენბერგი, თუმცა არც ერთს არ გააჩნია სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა. არ უნდა დავივიწყოთ სწრაფი რომენ გროსჟანი, რომელიც ფორმულადან წასვლის შემდეგ 2010 წელს Auto GP-ის ჩემპიონი გახდა და სასპონსორო კონტრაქტი გააფორმა ჟერარ ლოპესის კუთვნილ კომპანია Gravity Sport-თან.
ყველაზე საინტერესო სცენარი იქნება რობერტ კუბიცას წასვლა და მაშინ ფრანგულ გუნდში ორი ვაკანსია გაჩნდება, თუმცა ეს ჯერ ჰიპოთეზაა - ბევრი რამ იქნება დამოკიდებული "რენოსა" და Group Lotus-ის მოლაპარაკებებზე.
უილიამსი
კონტრაქტები: რუბენს ბარიკელო
კანდიდატები: პასტორ მალდონადო
ხელმძღვანელობის მხრიდან უარყოფის მიუხედავად, "უილიამსს" პრობლემები აქვს ბიუჯეტთან დაკავშირებით, ამიტომაც პასტორ მალდონადოსთან კონტრაქტმა ნაწილობრივ უნდა მოხსნას ამ საკითხის სიმწვავე.
ნიკო ჰიულკენბერგი გაუშვეს, მაგრამ მისი ადგილი დიდი ხანი ვაკანტური არ დარჩება. მალდონადოს სპონსორები მასში 20 მილიონს იხდიან. როგორც ვთქვით ეს შეცვლა ბრიტანული საჯინიბოსთვის კომერციულად იქნება მომგებიანი, სპორტული თვალსაზრისით კი "უილიამსი" ბევრს არაფერს დაკარგავს: ჰიულკენბერგმა ერთი წლის წინ მოიგო GP2-ის სერია, მალდონადომ კი ეს წელს გააკეთა. თუმცა სამხრეთამერიკელი ორი წლით უფროსია გერმანელზე.
გუნდმა დაადასტურა რუბენს ბარიკელოსთან კონტრაქტი და შობამდე მეორე პილოტის დასახელებას დაგვპირდა.
ფორს ინდია
კანდიდატები: ადრიან სუტილი, ვიტანტონიო ლიუცი, პოლ დი რესტა, ნიკ ჰაიდფელდი, მიხაილ ალიოშინი, ნიკო ჰიულკენბერგი
"ფორს ინდიას" შემადგენლობაც მალე უნდა გამოცხადდეს. ფორმალურად, ვიტანტონიო ლიუცის უკვე გააჩნია კონტრაქტი, მაგრამ გარკვეულ პირობებში ის შეიძლება გაუქმდეს, რადგან იტალიელმა არც ისე დამაჯერებლად ჩაატარა წლევანდელი სეზონი. თანაც, პრეტენდენტთა სიუხვე გუნდს მდიდარ არჩევანს აძლევს.
ზაუბერი
კონტრაქტები: კამუი კობაიაში, სერხიო პერესი
"ზაუბერში" აქცენტი სპონსორებსა და ახალგაზრდებზე გააკეთეს. 2010 წელს ამ გუნდის ბოლიდზე სასპონსორო ლოგო თითქმის არ ყოფილა მიკრული, მაგრამ BMW-ის წასვლის მიუხედავად გაძლო, კარგადაც გამოიყურებოდა და მომავალი სეზონისთვის კონტრაქტების შესახებ ჯერ კიდევ ჩემპიონატის დასრულებამდე გამოაცხადა.
შვეიცარიელებმა გაიფორმეს 20 წლის მექსიკელი სერხიო პერესი, რომელიც მომავალ წელს კამუი კობაიაშის პარტნიორი გახდება. ამ გარიგების სოლიდური არგუმენტი იყო წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკება მილიარდერ კარლოს სლიმთან. ამ უკანასკნელის კომპანია Telmex გუნდის სპონსორი გახდა.
ტორო როსო
კონტრაქტები: სებასტიან ბუემი, ხაიმე ალგერსუარი
"რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამა ბოლო დროს უფრო ხშირად ეთხოვება მრბოლელებს, ვიდრე ახლებს იწვევს. დიახ, სებასტიან ფეტელმა მოიგო ტიტული, მაგრამ პერსპექტიული ახალგაზრდობა არც ისე სწრაფად პროგრესირებს, რომ გუნდმა იგივე ბუემის ან ალგერსუარის შეცვლაზე იფიქროს.
ორივე პილოტი გააგრძელებს გამოსვლას მომდევნო სეზონში, მაგრამ თუ "რენოს" მსოფლიო სერიის ვიცე-ჩემპიონი დანიელ რიკარდო დარჩება ახალგაზრდულ პროგრამაში, არსებობს იმის ალბათობა, რომ მომავალ წელს მან რომელიმე საპრიზო პილოტი შეცვალოს.
ლოტუსი
კანდიდატები: ჰეიკი კოვალაინენი, იარნო ტრული, ფაირუზ ფაუზი, ვიტალი პეტროვი, მიხაილ ალიოშინი
"ლოტუსის" შემადგენლობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - გუნდის სახელის გარშემო ატეხილ დავაზე, მის პოტენციურ პარტნიორებსა და სპონსორებზე... თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ჰეიკი კოვალაინენი გააგრძელებს კარიერას, თუმცა ოფიციალურად ეს დადასტურებული არ არის, მეორე ადგილზე კი პრეტენდენტები საკმარისადაა...
HRT F1 Team
კანდიდატები: პასტორ მალდონადო, ბრუნო სენა, კრისტიან კლინი, საკონ იამამოტო, კარუნ ჩანდჰოკი
2010 წლის სეზონში HRT-ში მოხვედრა პრაქტიკულად ყველას შეეძლო - ვინც მეტ თანხას გადაიხიდა, საჭეს მას ჩააბარებდნენ. ჯერჯერობით გუნდის პოლიტიკა არ იცვლება. ესპანური საჯინიბოს კონკურენტუნარიანობა და მთლიანად მისი არსებობა ეჭვის ქვეშ დგას. კოლინ კოლესმა ტექნიკური შტაბის უფროსად ჯეფ უილიმსი მიიწვია, მაგრამ "ტოიოტასთან" გარიგება ჩაიშალა, რამაც ბევრი პრობლემა წარმოიშვა.
ვირჯინი
კონტრაქტები: ტიმო გლოკი
კანდიდატები: ლუკას დე გრასი, ჟერომ დ'ამბროზიო, გვიდო ვან დერ გარდე, ლუის რაზია, მიხაილ ალიოშინი
რუსულ კომპანია Marussia Motors-სთან კონტრაქტის გაფორმება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ საინტერესო გუნდის ისტორიაში, რომელმაც არამარტო გამოწვევა ესროლა ჩემპიონატის გამოცდილ მონაწილეებს, არამედ ინოვაციური ტექნიკური მიდგომაც გამოიყენა.
მანქანასთან მუშაობისთვის გამოცდილებაა საჭირო, ამიტომაც გლოკთან კონტრაქტის გაგრძელება ლოგიკური ნაბიჯი იყო. მეორე მანქანის საჭესთან, შესაძლოა, ლუკას დე გარსი დატოვონ, თუმცა სავსებით შესაძლებელია სხვა პერსპექტიულ დებიუტანტთან თანამშრომლობა.