შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, საფრანგეთის კურორტ მერიბელში სამთო თხილამურებით სრიალისას, მიხაელი ტრასაზე დაეცა და თავი ქვას დაარტყა. 45 წლის ავტომრბოლი ვერტმფრენით ჯერ დაბა მუტიეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი გრენობლის კლინიკაში მოათავსეს. ექიმებმა შუმახერს თავის ტვინის სერიოზული დაზიანება დაუდგინეს და ხელოვნური კომის მდგომარებაში შეიყვანეს.
4 იანვარს ცნობილი გახდა ამ ტრაგიკული შემთხვევის ახალი დეტალები. როგორც გაზეთი "ბილდი" წერს, შუმახერი თავის 14 წლის ვაჟთან
დაშვების დროს, დაცემამდე ცოტა ხნით ადრე, შუმახერი ტრასაზე გაჩერდა თავისი მეგობრის ქალიშვილის დასახმარებლად, რომელიც თოვლში ჩავარდა. შუმახერი მონიშნული ტრასის მიღმა აღმოჩნდა. გოგონას ფეხზე დაყენების შემდეგ, ის თავქვე დაეშვა და ვერ შეამჩნია თოვლით დაფარული ქვები. წონასწორობის დაკარგვის შემდეგ, გერმანელი დაეცა და ერთ-ერთ ლოდს თავი დაარტყა. შორიახლოს მყოფმა მოთხილამურემ შეამჩნია ტრასის მიღმა მწოლიარე შუმახერი და სასწრაფოდ მიმართა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც ასი მეტრით ქვემოთ მორიგებოდნენ.
შუმახერს პირველი სამედიცინო დახმარება დაცემიდან შვიდი წუთის შემდეგ აღმოუჩინეს. ამ დროის განმავლობაში, მიხაელი გონებაზე იყო, მაგრამ შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გარდა ამისა, "ბილდისთვის" ცნობილი გახდა, რომ თხილამურები, რომლითაც შუმახერი სრიალებდა, მას არ ეკუთვნოდა და ქირით ჰქონდა აღებული. ასე რომ, უცნობ ამუნიციას ასევე შეეძლო შეეშალა ხელი მიხაელისთვის.
რაც შეეხება პროგნოზებს შუმახერის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ამ მხრივ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად, ასეთი კომენტარი გააკეთა ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა ფილიპ სტრეიფმა, რომელიც თავად არის მიჯაჭვული ინვალიდის სავარძელს 1989 წელს, ბრაზილიის ტრასაზე მომხდარი მძიმე ავტოავარიის შემდეგ:
"მე ველაპარაკე ექიმ ჟერარ სალიანს (ტვინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი). ის ყოველდღე ახდენს შუმახერის ტვინის სკანირებას იმის გასარკვევად, რამდენად იკლებს ჰემატომა. ორშაბათს სისხლჩაქცევა ორმხრივი იყო, ახლა კი მხოლოდ მარცხნივ დარჩა, რაც დიდი პროგრესია. მაგრამ თუ ის დიდი ხანი არ გაიწოვება, ამან შეიძლება გამოიწვიოს სხეულის საპირისპირო მარჯვენა მხარის პარალიჩი.
ამ შემთხვევაში, შუმიმ, შესაძლო, ხმა დაკარგოს. იმედია, რეაბილიტაციის პროცესში, ის შეძლებს ხმის და მოძრაობის დაბრუნებას".
ამ ჭორებს გამოეხმაურა მიხაელ შუმახერის მენეჯერი საბინე კემი, რომელმაც საზოგადოებას სთხოვა ყურადღება არ მიაქციოს პრესის მიერ გავრცელებულ უამრავ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. კემმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უტყუარი ინფორმაცია პილოტის ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ მისგან ან მკურნალი ექიმებისგან გავრცელდება.
"მიხაელის მდგომარეობა კრიტიკული, მაგრამ სტაბილურია, - ამბობს კემი. - გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვის, რომ ნებისმიერი ინფორმაცია შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც გაცხადდება მისი წარმომადგენლების და ექიმების მიერ, უნდა განვიხილოთ მხოლოდ ვარაუდად. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ორშაბათამდე აზრი არ აქვს პრესკონფერენციის მოწვევას.
შუმახერის ოჯახის წევრებმა ნებაყოფლობით გადასცეს ჩაფხუტზე დამაგრებული კამერა გამომძიებლებს. არასწორია, თითქოს ეს ყველაფერი ოჯახის ნების გარეშე მოხდა. ჩვენ ყველას ვთხოვთ პატივი სცენ მათ პირად ცხოვრებას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მიხაელ შუმახერის ჰოსპიტალში გადაყვანის კადრები [VIDEO]