კიდევ ერთხელ გვიწევს იმის გამეორება, რომ თითქმის აღარ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაციები მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: ლეგენდარული გერმანელის მკურნალი ექიმები პრესის წინაშე არ ჩნდებიან. ამიტომაც ჟურნალისტებს უწევთ ნეიროქირუგიის სფეროში სხვა სპეციალისტებისგან კონსულტაციების მიღება. საინტერესოა, რა იწერებოდა ამ მხრივ ბოლო დღეებში დასავლურ პრესაში.
შუმახერის კომა, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს
ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო ინფორმაცია ეხება იმას, რომ მიხაელ შუმახერის კომა, შესაძლოა, რამდენიმე კვირა, თვე ან წელი გაგრძელდეს. ეს საკმაოდ შემზარავი ცნობაა
ტელეკომპანია Sky Sport Italia-მ ისიც კი გამოაცხადა, რომ პირად საუბრებში ექიმები მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ოჯახის წევრებს ყველაზე უარესისთვის ამზადებენ - იტალიელები იტყობინებიან, რომ გერმანელი, შესაძლოა, საერთოდ ვერ გამოვიდეს კომადან.
შუმახერს თავის ტვინის სერიოზული დაზიანება აქვს
კიდევ ერთი საფრთხეა მიხაელ შუმახერის თავის ტვინის მდგომარეობა. გერმანელის ტვინი ჯერ კიდევ დაცემის შემდეგ იყო სერიოზულად დაზიანებული, სისხლჩაქცევამ კი უფრო დაამძიმა სიტუაცია. გარდა ამისა, გართულება შეიძლება წარმოქმნას კომაში ხანგრძლივმა ყოფნამ.
ფრანგმა ექიმებმა უკვე უწოდეს ტვინის დაზიანებას - "სერიოზული", მაგრამ უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლიათ - სპეციალისტები ჯერ ისევ სწავლობენ ტრავმის ხარისხსა და ხასიათს. სტრასბურის კლინიკაში ტვინის სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ხელოვნურად ამუშავებენ - პილოტს აწვდიან მკვებავ ნივთიერებებსა და ჟანგბადს, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში დიდი ხანი ყოფნა, ტვინისთვისა და მისი მოქმედებისთვის, შეიძლება, არაპროგნოზირებადი გახდეს.
ტვინის შესაძლო ინფექცია
ბრიტანულმა გამოცემა The Mirror-მა აღნიშნა: ექიმებმა რომც შეძლონ შუმახერის ტვინის დაზიანებებთან გამკლავება, არსებობს "მოულოდნელი გართულებების" რისკი. როცა პილოტის ტვინს ფუნქციების აღდგენისთვის დატვირთვას გაუზრდიან, ნებისმიერ შემთხვევაში რჩება განმეორებითი სისხლჩაქცევის ან ინფექციის შეტანის რისკი. ამ მომენტისთვის, აღნიშნულ გარემოებებზე გავლენა შეუძლებელია. ასევე არ არსებობს პროგნოზი იმაზე, როდის მიიღებენ ექიმები პილოტის ორგანიზმის აღდგენისთვის მუშაობის დაწყების შესაძლებლობას - ექიმებმა თავად არ იციას, როდის გამოიყვანენ შუმახერს კომადან.
კომას შემდეგ აღდგენას თვეები სჭირდება
ფორმულა 1-ის ყოფილმა ექიმმა ჯონ ჰარსტეინმა განაცხადა, რომ, როცა შუმახერი კომადან გამოვა, აღდგენითი პერიოდი, საუკეთესო შემთხვევაში, რამდენიმე თვეს გასტანს. მან აღნიშნა, რომ კომაში გატარებული ყოველი წუთი ასუსტებს მიხაელს, ხდება კუნთების ატროფირება, ხოლო ნივთიერებათა ცვლა ხელოვნური გზით მიმდინარეობს. "თუ ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც საჭიროა, შუმახერის მკურნალობის მორიგი ნაბიჯი იქნება თავის ქალის შიდაწნევის სტაბილიზაცია, რის შემდეგაც მოხერხდება ანესთეზიისა და სხვა პრეპარატების დოზების შემცირება. შემდგომი აღდგენა რამდენიმე თვეს გასტანს", - ამბობს ჰარსტეინი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"