ფული ნიჭს ამარცხებს

AutoSharing Option

ესპანელმა პილოტმა ენდი სოუჩეკმა იმ სირთულეების გამო დაიჩივლა, რომელსაც ახალგაზრდა ავტომრბოლები ფორმულა 1-ში მოხვედრის მცდელობისას აწყდებიან. სოუჩეკის თქმით, დღეისთვის გუნდები უპირატესობას ანიჭებენ სპონსორული მხარდაჭერის მქონე პილოტებს და არა იმათ, ვისაც რეალური ნიჭი გააჩნია.

"პილოტებს ყოველთვის სჭირდებოდათ სპონსორების მხარდაჭერა, მაგრამ ეს დღეს ნამდვილ პრობლემად გადაიქცა, - განაცხადა სოუჩეკმა. - რამდენიმე გუნდთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ძირითადი ან სარეზერვო პილოტის სტატუსის მოსაპოვებლად, მაგრამ ამ მომენტისთვის სპონსორთა რაოდენობა შეზღუდულია და უპირატესობა იმ პილოტებმა მოიპოვეს, რომლებსაც პოლიტიკოსები ან სულაც ქვეყნების მთავრობები ეხმარებიან. შესბამისად, გაიზარდა ფორმულა 1-ში

მოხვედრის ღირებულება".

ენდი სოუჩეკი 2009 წელს აღორძინებული ფორმულა 2-ის პირველი გამარჯვებული გახდა, მაგრამ რანგით უფრო მაღალ სარბოლო სერიაში თავისი ადგილი ვერ იპოვნა და ეს სეზონი "ვირჯინის" სარეზერვო პილოტის რანგში გაატარა. აგვისტოში მან გააუქმა კონტრაქტი რიჩარდ ბრენსონის საჯინიბოსთან, რადგან სხვა გუნდისგან მიწვევის იმედი ჰქონდა.

"მოგებული გაქვს ფორმულა 2, ფორმულა 3, ტესტები გაქვთ ჩატარებული "უილიამსში", გამოდიოდით GP2-სა და Superleague-ში, მაგრამ ბოლოს ხედავ, რომ ფორმულა 1-ში ადგილს ისინი იღებენ, ვისაც ასეთი მიღწევები არ გააჩნიათ, სამაგიეროდ, ფული აქვთ. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მიდიხარ, რომ შენი ნიჭი არავის აინტერესებს", - აგრძელებს ესპანელი.
მიუხედავად ამისა, სოუჩეკს იმედი აქვს, რომ რომელიმე გუნდი მისი შესაძლებლობებით დაინტერესდება. "მოთმინებაა საჭირო, - ამბობს ენდი. - ვფიქრობ, არსებობს ოთხი-ხუთი პილოტი, რომლებმაც უნდა აჩვენონ არა მხოლოდ ფული, არამედ საკუთარი ნიჭი. თუ მათ ეს არ გამოუვათ, გუნდებს სხვა ვარიანტების ძებნას დაიწყებენ".


* * *
ავსტრალიურმა ყოველკვირეულმა გამოცემა BRW-მ გამოაქვეყნა "მწვანე კონტინენტის" ყველაზე შეძლებული სპორტსმენების სია. მას "რედ ბულის" პილოტი მარკ უებერი უდგას სათავეში.
ავსტრალიელი ავტომრბოლი ბოლო მომენტამდე ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო, მაგრამ სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. ჩემპიონატის მსვლელობისას მან ოთხი ეტაპის მოგება შეძლო. BRW-ის შეფასებით, ამ წელს უებერმა 13.4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რამაც საშუალება მისცა სხვა ავსტრალიელ ვარსკვლავებზე წინ წასულიყო, არადა, შარშან უებერს ანალოგიურ სიაში მეოთხე ადგილი ეკავა.

ყველაზე მდიდარი ავსტრალიელი სპორტსმენების პირველ ექვსეულში სპორტის ტექნიკური სახეობის ოთხი წარმომადგენელია. უებერის გარდა ესენი არიან: მოტოკროსმენი ჩად რიდი (7.5 მილიონი - მე-3 ადგილი), მოტოგრანპრის ვარსკვლავი კეისი სტოუნერი (6.8 მილიონი - მე-4 ადგილი) და ამერიკული ნასკარ-ის მონაწილე მარკოს ემბროუზი (4.2 მილიონი - მე-6 ადგილი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული