თანაც ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა ვარჯიშზე, არამედ უშუალოდ რბოლაში ცვლილებაზე. ჯერჯერობით ესპანურ გუნდს ამ ნაბიჯის მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ როგორც ვარაუდობენ, საქმეში ფინანსური ფაქტორი ჩაერია. ამ სეზონში 27 წლის იამამოტომ ფორმულა 1-ის მანქანის საჭესთან სულ რაღაც საათნახევარი გაატარა - სტამბოლში თურქეთის გრან-პრის თავისუფალ პრაქტიკაზე.
HRT-ის ხელმძღვანელმა კოლინ კოლესმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა ეს ცვლილება. მისი თქმით, გუნდი
* * *
საინტერესო განცხადება გააკეთა "მერსედესის" პილოტმა მიხაელ შუმახერმა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის თქმით, ამ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლებელია და ამიტომაც მთელი ყურადღება 2011 წლის სეზონზე გადააქვს.
"ლიდერებთან ჩამორჩენის გათვალისწინებით, ტიტულზე აღარ ვფიქრობ - ეს ამოცანა შეუსრულებელი ჩანს. მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა შევაგროვოთ და მომდევნო სეზონისთვის მოვემზადოთ - მე მზად ვარ ამ სამუშაოს შესასრულებლად.
ჩემს ცხოვრებაში ბევრი რთული სიტუაცია ყოფილა. ამიტომაც არ ვნერვიულობ და მოტივაციაც წესრიგშია - ისევე ბევრს ვმუშაობ, როგორც ადრე და კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით.
იმედი მაქვს, ამ უიქ ენდზე უფრო კონკურენტუნარიანი ვიქნებით, ვიდრე ვალენსიაში. მაშინდელი შედეგების გათვალისწინებით, უარესად გამოსვლა უბრალოდ შეუძლებელია. მიგვაჩნია, რომ სილვერსტოუნში მანქანა იმ დონეს დაუბრუნდება, რაც კანადის წინ იყო, უფრო მეტის მისაღწევად კი იღბალი დაგვჭირდება", - ამბობს ლეგენდარული გერმანელი.
* * *
2010 წლის სეზონის მეორე ნახევარი ძალიან დაძაბული იქნება - ამაზე ყველა ექსპერტი თანხმდება. მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონი და ბრიტანეთის სამეფო ავტოკლუბის პრეზიდენტი დეიმონ ჰილი დარწმუნებულია, რომ სიტუაციის არევაში მთავარ როლს "მაკლარენის" ჩემპიონები - ლუის ჰემილტონი და ჯენსონ ბატონი ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანელ პილოტებს ერთმანეთთან სულ ექვსი ქულა აშორებთ. ცხრა სასტარტო რბოლაში მათ ორ-ორ გამარჯვებას მიაღწიეს, ისევე როგორც "რედ ბულის" პილოტებმა - სებასტიან ფეტელმა და მარკ უებერმა.
"აქამდე "მაკლარენში" მშვიდი სიტუაცია იყო, მაგრამ კულმინაცია ახლოვდება, - ამბობს ჰილი BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში. - როცა გუნდს უძლიერესი მანქანა და უძლიერესი პილოტები ჰყავს, ხანძრის თავიდან აცილება შეუძლებელია. ვიცი, რომ ლუისი იმ კატეგორიის სპორტსმენებს განეკუთვნება, რომლისთვისაც ნორმალური სიტუაცია მაშინ დგება, როცა პირველ ადგილზე იმყოფება. ჯენსონი ამ დონემდე ოპორტუნისტი არ არის, გამოცდილი და დაბრძენებული პილოტია, მაგრამ ეჭვი მეპარება, თანაგუნდელს ასე იოლად მისცეს წყლიდან მშრალად ამოსვლის საშუალება. ჰემილტონისთვის ასეთი მაღალი დონის მეწყვილე ერთადერთი რამის გარანტიაა - ლუისს იოლი ცხოვრება არ ექნება. დრო ულმობლად გადის და ახლოვდება ის წამი, როცა გზაზე მხოლოდ ერთისთვის დარჩება ადგილი..."
* * *
ლუისმა და ჯენსონმა დიდი ყურადღებით მოისმინეს თანამემამულის სიტყვები, მაგრამ ერთხმად განაცხადეს, რომ ჰილის მოსაზრება მოახლოებულ ხანძარსა და ვნებების დაძაბვაზე მეტად გადაჭარბებულია.
"ყოველთვის მაინტერესებს რას ფიქრობენ წინა წლების ჩემპიონები ჩვენზე, ამჟამინდელ ჩემპიონებზე, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა იმის ნახვა, რამდენად მართლდება მათი პროგნოზები, - ამბობს ჰემილტონი. - ვნახოთ, რამდენად კარგად იცის მისტერ ჰილმა ის, რაზეც ლაპარაკობს".
"მე და ლუისმა ვიცით, რომ უბრალოდ არ გავდივართ ტრასაზე - ორივე ჩემპიონის ტიტულისთვის ვიბრძვით, თანაც არა მარტო ფეტელთან, უებერთან და ალონსოსთან, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგაც, - ეს ბატონის სიტყვებია. - მაგრამ ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ და მართალია, ბოლომდე საბრძოლველად ვართ განწყობილი, ვაპირებთ ყველას დავანახოთ, ვინ არის უძლიერესი. ჩვენ არ ჩავიდენთ სულელურ და წინდაუხედავ ნაბიჯებს".
ბრიტანეთის გრან-პრის წინ ჰემილტონი და ბატონი პრესას Great Ormond Street Hospital-ში შეხვდნენ. ეს ის საავადმყოფოა, რომელსაც ფორმულა 1 დახმარებას უწევს. იქ ერთ-ერთმა პაციენტმა ავტომრბოლებს ჰკითხა - ხომ არ დაუდიათ ერთმანეთში ფსონი იმაზე, თუ ვინ გახდება წელს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.
"ალბათ, ღირდა ამის გაკეთება! - გაიცინა ჰემილტონმა. - და მოგების შემთხვევაში ჯენსონი თავის ერთ-ერთ მანქანას მომცემდა!"
"ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მანქანები ფარეხში ხელშეუხებელი დარჩებოდა, - მაშინვე უპასუხა ბატონმა. - არა, ფსონი არ გაგვიკეთებია, მაგრამ იმის გამო, რომ ორივენი ვაპირებთ ჩემპიონობას, ეს ერთგარ სანაძლეოდ ჩათვალეთ!"
* * *
წინა ეტაპის მთავარი დაზარალებული, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო სილვერსტოუნში აპირებს სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას, რომელიც ვალენსიაში დაკავებული მერვე ადგილის შემდეგ გაუარესდა. "ფერარის" პილოტი დარწმუნებულია, რომ ის ტექნიკური განახლებები, რომელიც ევროპის გრან-პრის წინ შესრულდა, მთელი სიმძლავრით სწორედ ბრიტანეთის გრან-პრიზე ამუშავდება.
"ჩვენი სიახლეები ჯერ კიდევ ორი კვირის წინ საკმაოდ ეფექტური იყო, მაგრამ სრული სიმძლავრით ისინი ისეთ ჩქაროსნულ ტრასაზე ამუშავდებიან, როგორიც სილვერსტოუნია, - ამბობს ალონსო. - ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და ბევრი რამ ახლა გადაწყდება, როცა ოთხი კვირის განმავლობაში სამი რბოლის ჩატარება მოგვიწევს. ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევის მისაღებად როგორც ტექნიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც. "ფერარის" ბოლიდზე მუშაობა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, ის შედეგს მოიტანს. მთელი რიგი ცვლილებები შევიტანეთ ვალენსიას რბოლის წინ, სილვერსტოუნშიც დაემატება სიახლეები და არც შემდეგ ვაპირებთ გაჩერებას. ბრიტანული ტრასის მახასიათებლები "ფერარისთვის" არც ის კარგია, მაგრამ არ ღირს წინასწარ ჩვენი ჩამოწერა. სავარაუდოდ, ჩქარ მოსახვევებში სიჩქარე გაიზრდება, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვიმატებს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონის ვინაობა არა სილვერსტოუნში ან მომდევნო სამ რბოლაში, არამედ ნოემბერში გაირკვევა".
* * *
"ფერარიმ" სილვერსტოუნში ახალი ლოგოს პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც წითელ მანქანებზე 2011 წლის სეზონიდან განთავსდება.
იტალიური საჯინიბოს ხელმძღვანელობამ ეს ნაბიჯი შტრიხ-კოდების საკითხის დასახურად გამოიყენა, რომელშიც ევროპელმა ექპერტებმა Marlboro-ის ლოგოსთან მსგავსება ამოიკითხეს და "სკუდერია" თამბაქოს რეკლამაში დაადანაშაულეს. ასე რომ, მომავალი სეზონიდან "ფერარი" ახალი ლოგოტიპით წარსდგება ფორმულა 1-ის მოყვარულების წინაშე.
ამასთან, გუნდის ხელმძღვანელმა სტეფანო დომენიკალიმ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ საჯინიბო ძველ სახელს შეინარჩუნებს, რომელშიც თამბაქოს ცნობილი ბრენდის სახელწოდება დარჩება - შცუდერია Ferrari Marlboro.
* * *
დაბოლოს, ბრიტანეთის გრან-პრის წინ კიდევ ერთი პრეზენტაცია შედგა. კერძოდ, "მაკლარენის" წევრმა ლუის ჰემილტონმა თავისი ჩაფხუტის ახალი დიზაინი წარმოადგინა.
გასულ წელს ლუისმა საშინაო გრან-პრის წინ გამოიყენა ჩაფხუტის უნიკალური შეფერილობა. ისევე, როგორც 2009 წელს, მასზე ახლაც ბრიტანეთის დროშაა გამოსახული, რომელსაც გრენადას დროშის ფერები დაემატა.
ბრიტანეთის გრან-პრი
კვალიფიკაცია - შაბათი. 15:55
რბოლა - კვირა. 15:50