სულ ცოტა ხნის წინ, ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი მძარცველების ძალადობის მსხვერპლი გახდა, მაგრამ მძიმე ტრავმების მიუხედავად, ბრიტანელმა მილიარდერმა არ დაივიწყა იუმორის გრძნობა და ბიზნესმენის ნიჭი. კერძოდ, ბერნიმ ფოტოები გადაიღო Hublot-ის საათის რეკლამისთვის. ეს კომპანია ფორმულა 1-ის ოფიციალური პარტნიორი გახლავთ.
მძარცველების მიერ გატაცებულ ნივთებს შორის Hublot-ის საათიც იყო. სწორედ ეს ფაქტია გამოყენებული სარეკლამო პლაკატში: მასზე გამოსახულია ნაცემი ექლსტოუნის ფოტო, რომელიც თავდასხმიდან მეორე დღეს არის გადაღებული. ქვემოთ წარწერაა: "შეხედეთ, რას კადრულობს ხალხი Hublot-ის გამო". ეს რეკლამა ამ კვირის ბოლოს გაჩნდება
ექლსტოუნზე თავდასხმა 25 ნოემბერს მოხდა. ლონდონში მის სახლთან დადარაჯებულმა მძარცველებმა ბერნი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მას და მის მეგობარ გოგონას ფაბიანა ფლოზის ფული და ძვირფასეულობა წაართვეს. გატაცებული ნივთების საერთო ღირებულება 200 ათას ფუნტს შეადგენს.