გუნდური ტაქტიკა დაშვებულია

AutoSharing Option

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭოს სხდომაზე 2011 წლის ჩემპიონატის რეგლამენტში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ე. წ. გუნდური ტაქტიკის გამოყენება. "გაუქმებულია რეგლამენტის ის მუხლი, რომელიც გუნდური ტაქტიკის გამოყენებას კრძალავს, - წერია ფედერაციის პრეს-რელიზში. - მაგრამ გუნდებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ავტოსპორტს ზიანს მიაყენებს, საერთაშორისო სპორტული კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით განიხილება".

გუნდური ტაქტიკის თემამ სპეციალისტებს შორის დიდი დისკუსია გერმანიის გრან-პრის შემდეგ გამოიწვია, როცა "ფერარის" პილოტმა ფელიპე მასამ ბოქსებიდან ბრძანების თანახმად წინ გაუშვა თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო და მას პირველი

ადგილი დაუთმო. მაშინ "სკუდერია" 100 ათასი დოლარით დააჯარიმეს.

მაშინ ზოგიერთი ექსპერტი, მათ შორის ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი გუნდურ ტაქტიკაზე აკრძალვის გაუქმებას ითხოვდა. მისი აზრით, გუნდური ტაქტიკა ფორმულა 1-ში ყოველთვის არსებობდა და სრულფასოვნად მისი კონტროლი მაინც შეუძლებელი იყო.

გუნდურ ტაქტიკაზე აკრძალვა 2002 წელს ავსტრიის გრან-პრის შემდეგ შემოიღეს, როცა ფინიშის წინ "ფერარის" პილოტმა რუბენს ბარიკელომ თანაგუნდელი მიხაელ შუმახერი გაუშვა წინ. მაშინ გერმანელი ტიტულისთვის იბრძოდა, თუმცა საერთო ჩათვლაში ისედაც დიდი უპირატესობა ჰქონდა კონკურენტებზე. იმ დროს "ფერარის" სათავეში ედგა ჟან ტოდტი, რომელიც დღეს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული