უებერის მესამე ტრიუმფი

AutoSharing Option
სტარტი გუშინდელ რბოლაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მომენტი აღმოჩნდა. მარკ უებერმა ("რედ ბული") თავის თანაგუნდელზე გაცილებით კარგი სტარტი აიღო. პოულის მფლობელმა სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") ავსტრალიელის ჩამოცილება სცადა, მაგრამ თავად დაზარალდა - მის ბოლიდთან კონტაქტი ჰქონდა ლუის ჰემილტონს ("მაკლარენი"), რომელმაც ასევე კარგი სტარტი გამოუვიდა. ეს კონტაქტი ფეტელს მთელს რბოლად დაუჯდა - გერმანელს საბურავი გაუსკდა და პირველი წრე სამი საბურავით იარა, ბოქსებიდან გამოსული კი პელოტონი ბოლოში მოექცა. ანალოგიურად დაზარალდა ფელიპე მასა ("ფერარი"), რომელიც თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს ებრძოდა.

სტარტის შემდეგ მესამე ადგილზე გადავიდა
რობერტ კუბიცა ("რენო") - პოლონელს ისევ კარგი დასაწყისი გამოუვიდა. შესანიშნავი სტარტი ჰქონდათ მიხაელ შუმახერს ("მერსედესი"), რომელიც მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა და ჯენსონ ბატონს ("მაკლარენი") - ბრიტანელმა თავის მხრივ მეათე პოზიციაზე გადაინაცვლა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ამაზე არ შეჩერებულა და მეორე წრეზე უკვე მერვე იყო - უკან ჩამოიტოვა კამუი კობაიაში ("BMW-ზაუბერი") და ადრიან სუტილი ("ფორს ინდია").

ორი წრის შემდეგ სიტუაცია სტაბილური გახდა - უებერი და ჰემილტონი წინ მიდიოდნენ და ერთმანეთს სწრაფი წრეების გავლაში ეჯიბრებოდნენ. კუბიცა კი ყოველ წრეზე წამს აგებდა და უკან შვიდ პილოტს აკავებდა. ასე რომ, ბევრ რამეს პიტსტოპების პირველი სერია გადაწყვეტდა. ყველაზე წარმატებული ტაქტიკა "მერსედესმა" აირჩია. კუბიცას მიერ შექმნილ ჯგუფში მეოთხე იყო ნიკო როსბერგი ("მერსედესი"), შუმახერი კი მეშვიდეზე რჩებოდა. გერმანულმა საჯინიბომ თავისი პილოტებისთვის სხვადასხვა ტაქტიკა აირჩია - როსბერგი მაქსიმალურად დიდხანს დარჩა ტრასაზე, მიხაელი კი ერთ-ერთი პირველი შევიდა ბოქსებში.

საბოლოოდ, სწორედ როსბერგსა და ბატონს გაუმართლათ ყველაზე მეტად. გერმანელმა პირველი პაუზა მე-15 წრეზე გააკეთა, ბრიტანელმა - კიდევ უფრო გვიან. ამის წყალობით ნიკო მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა, ბატონი - მეექვსეზე. ამ ორ პილოტს შორის კუბიცა და ალონსო იყვნენ მოქცეულნი. ფერნანდო პოლონელს მაქსიმალურად ავიწროებდა და მე-16 წრეზე შეტევაზე გადავიდა - ერთ-ერთ მოსახვევში გარე რადიუსით გასწრება სცადა. კუბიცამ ასე იოლად პოზიციის დათმობა არ მოისურვა და ვირაჟის მარჯვენა მხარე ჩაკეტა - ფერნანდოს ტრასის მოჭრა მოუხდა, რითაც გასწრება გამოუვიდა. საკმაოდ საეჭვო მანევრი ჩანდა და ესპანელი სტიუარდების გადაწყვეტილებას უნდა დალოდებოდა. 10 წრის შემდეგ ალონსოს შეატყობინეს, რომ ჯარიმის სახით პიტსტოპზე შესვლა მოუწევდა. მაგრამ პრობლემა იმაში იყო, რომ იმ დროისთვის კუბიცას დასრულებული ჰქონდა რბოლა - პოლონელს მე-19 წრეზე ტექნიკამ უმტყუნა.

27-ე წრეზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რადგან ტრასაზე პედრო დე ლა როსას ("BMW-ზაუბერი") ბოლიდის ნამსხვრევები იყო მიმოფანტული. მაშინვე გამოცხადდა, რომ ფერნანდო ალონსო ჯარიმას მას შემდეგ მოიხდიდა, რაც პეისკარი ტრასიდან გავიდოდა - ასეთმა გადაწყვეტილებამ ესპანელი პრაქტიკულად პელოტონის ბოლოში გადააგდო.

უსაფრთხოების მანქანის გამოსვლამ ფელიპე მასასა და სებასტიან ფეტელს ქულათა ზონასთან მიახლოების საშუალება მისცა - მხოლოდ მათზე ნელი მეტოქეების გასწრება იყო საჭირო. მაგრამ ამგვარ პროგრესს მხოლოდ სებმა მიაღწია. თავიდან მან მასა ჩამოიტოვა უკან, შემდეგ ძალიან სწრაფად დაეწია და გაუსწრო ხაიმე ალგერსუარის ("ტორო როსო"), ორი წრე დასჭირდა ვიტალი პეტროვის ("რენო") გასასწრებად... მაგრამ გერმანელი ამით არ დაკმაყოფილდა. ფეტელის წინ სამი გერმანელი მიდიოდა და "რედ ბულის" პილოტი ერთმანეთის მიყოლებით სამივეს გაუსწორდა - ჯერ იყო ნიკო ჰიულკენბერგი ("უილიამსი"), შემდეგ შუმახერი და ბოლოს - ადრიან სუტილი. სებასტიანი კიდევ უფრო შორს წავიდოდა, უბრალოდ დრო აღარ ეყო კობაიაშის გასასწრებად.

ლიდერებს შორის კი ყველაფერი მეტნაკლებად მშვიდად იყო. უებერმა, ჰემილტონმა და როსბერგმა სწორედ ასეთი თანამიმდევრობით დაასრულეს რბოლა. თუმცა ნიკო ბატონისგან უდიდეს ზეწოლას გრძნობდა, მაგრამ შეძლო პოდიუმზე ადგილის შენარჩუნება.
"ფერარიმ" კი რბოლა ჩააგდო - პირველად მიმდინარე სეზონში "სკუდერია" უქულოდ დარჩა. უებერმა სეზონში მესამე რბოლა მოიგო და ამ მაჩვენებლით ლიდერი გახდა, ჰემილტონმა კი საერთო ჩათვლაში უფრო კომფორტული გახადა თავისი უპირატესობა.

ბრიტანეთის გრან-პრი. X ეტაპი
სილვერსტოუნი (52 წრე, 306.747 კმ)

1(2). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) 1:24.38,2
2(4). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1,3
3(5). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +21,3
4(14). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +21,9
5(8). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) +31,4
6(12). კამუი კობაიაში (BMW-ზაუბერი, იაპონია) +32,1
7(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +36,7
8(11). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +40,9
9(10). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +41,5
10(13). ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) +42,0
11(15). ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) +42,4
12(17). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) +47,6
13(16). ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) +59,3
14(3). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +1.02,3
15(7). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +1.07,4
16(21). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 1 წრე
17(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 1 წრე
18(20). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 2 წრე
19(23). კარუნ ჩანდჰოკი (HRT. ინდოეთი) 2 წრე
20(24). საკონ იამამოტო (HRT F1, იაპონია) 2 წრე
21(18). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 8 წრე
22(9). პედრო დე ლა როსა (BMW-ზაუბერი, ესპანეთი) 23 წრე
23(6). რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) 33 წრე
24(22). ლუკას დე გრასი (ვირჯინი, ესპანეთი) 41 წრე

საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი - 145; 2. ჯენსონ ბატონი - 133; 3. მარკ უებერი - 128; 4. სებასტიან ფეტელი - 121; 5. ფერნანდო ალონსო - 98; 6. ნიკო როსბერგი - 90; 7. რობერტ კუბიცა - 83; 8. ფელიპე მასა - 67; 9. მიხაელ შუმახერი - 36; 10. ადრიან სუტილი - 35; 11. რუბენს ბარიკელო - 29; 12. კამუი კობაიაში - 15; 13. ვიტანტონიო ლიუცი - 12; 14. სებასტიან ბუემი - 7; 15. ვიტალი პეტროვი - 6; 16. ხაიმე ალგერსუარი - 3; 17. ნიკო ჰიულკენბერგი - 2.

კონსტრუქტორთა თასი
1. მაკლარენი - 278 ქულა; 2. რედ ბული - 249; 3. ფერარი - 165; 4. მერსედესი - 126; 5. რენო - 89; 6. ფორს ინდია - 47; 7. უილიამსი - 31; 8. BMW-ზაუბერი - 15; 7. ტორო როსო - 10.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული