ძველი დავა განახლდა

AutoSharing Option

როგორც ცნობილია, 2012 წლის ბოლოს იწურება ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასა და ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს შორის კონტრაქტი. სწორედ ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით რეპლიკები გაცვალეს "ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დე მონტეძომოლომ და ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა.


მიუხედავად იმისა, რომ წარსულს ჩაბარდა კონფლიქტი გუნდებსა და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ მაქს მოსლის შორის, საჯინიბოებმა, შესაძლოა, ორგანიზება გაუწიონ საკუთარ ჩემპიონატს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფედერაცია მათ რჩევებს არ გაითვალისწინებს.

"დღეს ფორმულა 1 გზაგასაყარზეა. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება მართვის იმ სისტემაზე გადასვლა, რომელიც NBA-შია მიღებული,

სადაც გუნდებს და პრომოუტერებს თანაბარი უფლებები გააჩნიათ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყოველთვის შევძლებთ ახალი პრომოუტერის მონახვას, რადგან ეს ძალიან ადვილი საქმეა.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დანახარჯების შემცირება, რომელიც ფედერაციამ წამოიწყო, მაგრამ ეს პროცესი აბსურდამდე არ უნდა მივიდეს. მაგალითად, არასწორია სეზონის მსვლელობისას ტესტების აკრძალვა. FIA ეკონომიას ცდილობს, სინამდვილეში კი ხარჯები იზრდება, რადგან ყოველ წელს წესებს ცვლიან. ეს ფორმულა 1-ია, რომელმაც საავტომობილო სპორტში უახლესი ტენდენციები უნდა შემოიტანოს, მაგრამ დღეს ასეთი რამ არ ხდება", - ამბობს ლუკა დე მონტეძემოლო.

80 წლის ექლსტოუნმა, რომელიც კვლავინდებურად აკონტროლებს ფორმულა 1-ის კომერციულ მხარეს, მყისვე უპასუხა იტალიელ ჩინოვნიკს: "დე მონტეძემოლო ყოველ წელს ჩადის მონცაში და ერთი და იგივეს ამბობს: "ჩვენ გვჭირდება მეტი ფული". ეს ყველაფერი სისულელეა. არავინ არსად არ წავა. მათ ერთხელ უკვე სცადეს ამის გაკეთება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ლუკა - კარგი ბიჭია, მაგრამ ბევრი ლაპარაკი უყვარს და შემდეგ თავად ავიწყდება რა თქვა".

ექლსტოუნმა გაიხსენა 2009 წელს ატეხილი სკანდალი, როცა წამყვანი გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატიდან გასვლასა და ალტერნატიული სერიის ჩამოყალიბებას გეგმავდნენ, მაგრამ მაშინ კონფლიქტი მოსლის გადადგომით მოგვარდა.

სხვათა შორის, ბერნის დიქტატურის შესახებ საინტერესოა "მაკლარენის" ყოფილი შეფის, რონ დენისის სიტყვებიც: "ბერნიმ მოხერხებულად "მოიპარა" ფორმულა 1. მან გუნდებთან კონტრაქტების გაფორმებისთვის კომერციული ფაქტორი გამოიყენა და საბოლოოდ მათ ყველა უფლება ჩამოართვა, რაც წინა წლებში ჰქონდათ".


* * *
ამ უქმეებზე ბერნი ექლსტოუნმა ახალი შენაძენი გააკეთა. თავის დროზე, მან და "რენოს" ყოფილმა შეფმა ფლავიო ბრიატორემ ინგლისური საფეხბურთო კლუბის - "ქუინზ პარკ რეინჯერსის" აქციები შეიძინეს. ამის შემდეგ კლუბმა დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია და ბოლო დროს გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ ფლავიო და ბერნი თავიანთი წილის მიყიდვას აპირებდნენ "ფორს ინდიას" მფლობელ ვიჯეი მალიასთვის.

კვირას ცნობილი გახდა, რომ ბრიატორემ მართლაც გაყიდა თავისი აქციები, ოღონდ მისი მფლობელი არა მალია, არამედ ექლსტოუნი გახდა. ბერნიმ ეს ცნობა გაზეთ "დეილი სტარში" დაადასტურა.

"ახლა აქციათა 62 პროცენტის მფლობელი ვარ, მაგრამ გუნდი იმისთვის არ შემიძენია, რომ ისევ მოვხვდე გაზეთების ფურცლებზე. უბრალოდ მინდა მხარი დავუჭირო "ქუინზ პარკ რეინჯერსის" ხელმძღვანელ ნილ უორნოკს. ჩვენ არ შეგვიძლია "მანჩესტერ იუნაიტედთან" ან "არსენალთან" ბრძოლა, მაგრამ ჩვენი მიზანი - პრემიერლიგაში ბრძოლაა", - აცხადება ექლსტოუნი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული