დებიუტანტები მომრავლდნენ

AutoSharing Option

მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატში კიდევ ერთი დებიუტანტი მიიღებს მონაწილეობას. გასული სეზონის ერთ-ერთმა აუთსაიდერმა "ვირჯინმა" კონტრაქტი გააფორმა ბელგიელ პილოტ ჟერომ დ'ამბროზიოსთან. მისი მეწყვილე გამოცდილი გერმანელი ტიმო გლოკი იქნება.

ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს ამ საჯინიბოს ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ ბელგიელს 95 პროცენტით გარანტირებული ჰქონდა კონტრაქტი "ვირჯინთან". ამის შემდეგ აბუ დაბიში გამართულ ახალგაზრდულ ტესტებზე დ'ამბროზიომ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და კონტრაქტი დაიმსახურა. 27 დეკემბერს ჟერომი 25 წლის გახდება და ფორმულა 1-ის გუნდთან გუშინ გაფორმებული ხელშეკრულება საშობაოდ საუკეთესო საჩუქარია.

"დიდი ხანი ვადევნებდით თვალს ჟერომის კარიერას და

მას ჩვენს გუნდში მოხვედრის ერთ-ერთ სერიოზულ კანდიდატად განვიხილავით. მან რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა პარასკევის თავისუფალ პრაქტიკაში, სადაც მისმა შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და დაიმსახურა კონტრაქტი.

ვფიქრობ, ტიმო გლოკისა და ჟერომ დ'ამბროზიოს დუეტი ახალგაზრდობისა და გამოცდილების, სისწრაფისა და პოტენციალის პერსპექტიული კავშირი იქნება. მოუთმენლად ველით ახალი სეზონის დაწყებას და კარგი შედეგების იმედი გვაქვს", - ამბობს "ვირჯინის" ხელმძღვანელი ჯონ ბუტი.

გასულ სეზონში "ვირჯინში" გლოკის მეწყვილე ლუკას დე გრასი იყო. 

გუშინვე ცნობილი გახდა მეორე პილოტის ვინაობა "ლოტუს რენოში". ამ გუნდში ადგილი შეინარჩუნა რუსმა ვიტალი პეტროვმა, რომელმაც სადებიუტო სეზონში არც ისე დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მაინც მოახერხა ორი წლით კონტრაქტის გაფორმება. პეტროვი 2011 წელს კვლავ რობერტ კუბიცას მხარდამხარ გამოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული