დი მონტეძემოლო: ფეტელი ჩვენთან გადმოვა

AutoSharing Option

არავინ უარყოფს იმას, რომ ფორმულა 1-ის პილოტებისთვის "ფერარის" განსაკუთრებული ჯადოსნური ძალა გააჩნია. სხვა გუნდებმა შეიძლება უფრო სწრაფი მანქანები შექმნან და რბოლებში გამარჯვებაც მოიპოვონ, მაგრამ იტალური ბრენდის ლეგენდარული ისტორია ავტომრბოლებს მაგნიტივით იზიდავს.

"ფერარის" პრეზიდენტი ლუკა დე მონტეძემოლო დარწმუნებულია, რომ ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი სწორედ ასე მოიქცევა და "სკუდერიას" ლეგენდარულ წითელ კომბინეზონს მოირგებს. მარანელოში გამართულ საშობაო საღამოზე გამოსვლისას დი მონტეძემოლომ განაცხადა: "ის სწრაფია, ჭკვიანი და ახალგაზრდა. ადრე თუ გვიან, სებასტიანი წითელი მანქანის საჭესთან აღმოჩნდება".

გერმანელი პილოტის ახლანდელი

კონტრაქტი "რედ ბულთან" 2012 წლის ბოლომდე მოქმედებს, ხოლო ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომელიც მის 2017 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას ვარაუდობს. მიუხედავად ამისა, სებასტიანი არ გამორიცხავს ოდესღაც იტალიურ გუნდში გადასვლას. "თუ ისტორიას გადავხედავთ, "ფერარის" ყოველთვის ეხერხებოდა ძალიან სწრაფი მანქანების კეთება. მაშინ რატომ არ უნდა ვცადო ერთხელ მაინც ამ გუნდში გამოსვლა?!" - განაცხადა ფეტელმა.

მაგრამ თუ მარანელოში მზად არიან სებასტიანს რამდენიმე წელი ელოდონ, "ფერარი" უკვე დღეს აპირებს საინჟინრო შტაბის გაძლიერებას. გერმანული ტაბლოიდის - "ექსპრესის" ინფორმაციით, დი მონტეძემოლომ წინადადებით მიმართა "რედ ბულის" წლევანდელი ტრიუმფის მთავარ შემოქმედს - ედრიან ნიუის. მაგრამ, როგორც ჩანს, "ფერარის" მაგია ამ კაცზე არ მოქმედებს - ბრიტანელმა უარით უპასუხა იტალიელს. 


* * *
ბრიტანული ყოველკვირეულის - "ავტოსპორტის" ინფორმაციით, კიმი რაიკონენი ახლოა "სიტროენთან" კონტრაქტის გაგრძელებასა და რალის 2011 წლის ჩემპიონატში კვლავ ფრანგულ გუნდთან ერთად გამოსვლასთან. ცოტა ხნით ადრე გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ ცნობილი ფინელი ავტომრბოლი "ფორდში" გადავიდოდა და რალის ეტაპების გარდა, ნასკარის რბოლებშიც მიიღებდა მონაწილეობას. მაგრამ ახლა ეს ცნობა არ დასტურდება და როგორც ჩანს, გაისად კიმი ისევ "სიტროენის" ახალგაზრდული გუნდის, Citroen Junior-ის მანქანით ირბოლებს.


შეგახსენებთ, რომ რალიში სადებიუტო სეზონი რაიკონენმა საერთო ჩათვლაში მეათე ადგილზე დაასრულა. ფინელის საუკეთესო შედეგი იყო მე-10 ადგილი თურქეთის რალიზე. გარდა ამისა, გერმანულ ეტაპზე კიმიმ პირველად მოიპოვა გამარჯვება სპეცმონაკვეთზე. 

რალიში 2011 წლის სეზონი 11 თებერვალს შვედეთში იწყება.

ამასობაში, ფინურმა პრესამ დაწერა, რომ 56 წლის ასაკში გარდაიცვალა კიმის მამა - 56 წლის მატი რაიკონენი. ეს ინფორმაცია პილოტის პრეს-მდივანმა რიკი კუვაიამ დაადასტურა. მატი რაიკონენი ავტოსპორტის დიდი ენთუზიასტი იყო და თავისი ვაჟის კარიერისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, განსაკუთრებით საწყის ეტაპებზე. უფროსი რაიკონენი თითქმის არ იძლეოდა ინტერვიუებს, მაგრამ ხანდახან ფინური ტელევიზიისთვის გამონაკლისს აკეთებდა. მაგალითად, 2010 წლის მარტში მატიმ თქვა, რომ კმაყოფილია კიმის რალიში გადასვლით. "ახლა კიმი სხვანაირად იღიმება, ვიდრე ფორმულა 1-ში გამოსვლის დროს. იმედია, ახლა ფანები ისე აქტიურად აღარ შეაწუხებენ. მე მომწონს მისი გადაწყვეტილება".

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული