არ უნდა დაბრუნებულიყო

AutoSharing Option

ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ჯეკი სტიუარტმა კიოლნის გაზეთ Express-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მიხაელ შუმახერის დიდ სპორტში დაბრუნებას შეცდომას უწოდებს. ლეგენდარული შოტლანდიელის აზრით, გერმანელი კარიერას მიმდინარე სეზონის შემდეგ დაასრულებს.

- შეძლო თუ არა სეზონის პირველ ნახევარში მიხაელ შუმახერმა ახალგაზრდა პილოტებთან - ჰემილტონთან და ფეტელთან ტოლსწორად ბრძოლა?
- ის თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგსაც ვერ ეწევა - ნიკო რეგულარულად უსწრებს მიხაელს და უფრო ახლოა გრან-პრის მოპოვებასთან.


- თქვენი აზრით, მისი დრო გავიდა?
- მერჩივნა შუმახერი საერთოდ არ დაბრუნებულიყო. რატომ გააკეთა ეს? მან უკვე

ყველაფერს მიაღწია და ახლა მხოლოდ კარგავს ძველ დიდებას. ვფიქრობ, თავის დროზე შუმი ძალიან ადრე წავიდა და სავსებით შეეძლო ერთი-ორი წელი "ფერარიში" დარჩენილიყო. სამწლიანი პაუზის შემდეგ კი ძალიან რთულია დაბრუნება. ასეთი რამ ხომ არავის გაუკეთებია?!


- ნიკი ლაუდა?
- ნიკი სულ სხვა დროს გამოდიოდა, როცა უფრო მნიშვნელოვანი პილოტის ნიჭი იყო და არა ძრავის სიმძლავრე. ახლა შუმახერი დაბრუნდა - იმიტომ, რომ მის გულს ასე უნდოდა. მაგრამ რთულ სიტუაციაში მოხვდა და ახლა კრიტიკას უნდა მიეჩვიოს.


- შეძლებს შუმი მომავალ წელს შედეგების მომატებას?
- კითხვა სხვანაირად უნდა დავსვათ: ექნება თუ არა კიდევ ერთი წელი? ჩემი აზრით, ის ამ სეზონის დასრულების შემდეგ წავა სპორტიდან.


- მაგრამ მიხაელი ყველა ინტერვიუში 2011 წელზე ლაპარაკობს...
- ეს ასეა, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, საკუთარ თავს რას ეუბნება?! მის დარჩენას მხოლოდ მაშინ დავიჯერებ, როცა 2011 წლის პირველ რბოლაში სასტარტო ბილიკზე ვიხილავ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული