სპონსორებმა მიხაელ შუმახერი ცუდ დროს მიატოვეს

AutoSharing Option
ფოტოზე: მიხაელ შუმახერი მეუღლე კორინასთან ერთად

სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანიებმა - Navyboot-მა და Jet Set-მა უარი განაცხადეს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონთან, გერმანელ მიხაელ შუმახერთან სპონსორული ხელშეკრულების გაგრძელებაზე.

მათ ეჭვი ეპარებათ, რომ ლეგენდარული პილოტი სრულად შეძლებს გამოჯანმრთელებას.

ამ სარეკლამო კონტრაქტებს შუმახერისთვის წელიწადში 6.3 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოჰქონდა.

თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კომპანიებმა ცნობილი ინციდენტიდან ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტეს, როცა ფრანგულ ალპებში თხილამურებით სრიალისას მიხაელმა თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო.

Navyboot-ისა და Jet Set-ის მფლობელის, ფილიპ გაიდუოლის პრესატაშემ დაადასტურა, რომ
შუმახერი აღარ იქნება ამ ბრენდების სახე. ამასთან, დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა. როგორც გერმანული პრესა წერს, ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ შუმახერთან კონტრაქტი ვადაზე ადრე შეწყდა.

ასევე თავი შეიკავა კომენტარისგან მიხაელის მენეჯერმა საბინა კემმა.

"შუმახერის სპონსორებისთვის რთული დრო დადგა: მათ მილიონების გადახდა უწევთ, სანაცვლოდ კი არაფერს იღებენ, - წერს შვეიცარიული გამოცემა Bluewin-ი. - მაგრამ ასეთ სიტუაციაში უნდა შეაქციონ თუ არა მათ ზურგი ფორმულა 1-ის ლეგენდას?

აქ არაერთგვაროვან სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ერთი მხრივ, საქვეყნოდ ეუბნები უარს შემახერს მისთვის ასეთ რთულ პერიოდში, მაგრამ, მეორე მხრივ, სპონსორებმა მოგება უნდა ნახონ".

ფილიპ გაიდუოლი და მიხაელ შუმახერი მეგობრები და საქმიანი პარტნიორები იყვნენ. 2010 წელს გერმანელი პილოტი ორივე ბრენდის სახე გახდა. 2014 წლის მარტში გაიდუოლმა განაცხადა: "შუმახერი ჩემთვის, პირველ რიგში, მეგობარია".

ალპებში მომხდარი ტრაგედია ბიზნესმენისთვის დიდი დარტყმა იყო და მან იმედი გამოთქვა, რომ შუმახერი გამოჯანმრთელდებოდა.

უფრო ადრე შუმახერთან თანამშრომლობა შეწყვიტა მინერალური წყლის მწარმოებელმა კომპანია Rosbacher-მა. ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რომელი კომპანიები აპირებენ მიხაელ შუმახერთან ურთიერთობის გაწყვეტას.

საავტომობილო ბრენდმა "მერსედესმა" და კომპანია DVAG-მა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვითა და ფარმაკოლოგიით არის დაკავებული, პირობა დადეს, რომ არ გაწყვეტენ ფორმულა 1-ის ლეგენდასთან კონტრაქტს.

ამჟამად, მიხაელ შუმახერი საკუთარ სახლში იმყოფება და მკურნალობისა და აღდგენის კურსს იქ გადის. გერმანელი პარალიზებულია და მხოლოდ თვალების გახელა და გარშემო მყოფებზე მინიმალური რეაგირება შეუძლია.

საბინა კემი ამბობს, რომ შუმახერის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, მაგრამ აღდგენითი პროცესი დიდ დროს დაიკავებს. პრესის ინფორმაციით, მიხაელის მკურნალობა კვირაში 250 ათასი დოლარი ჯდება.

შეგახსენებთ, რომ პილოტის მეუღლემ, კორინამ გაყიდა მიხაელის პირადი თვითმფრინავი, აგრეთვე, "ფერარის" ბოლიდი, რომლითაც შუმახერი ერთ-ერთ სეზონში ფორმულა 1-ში გამოდიოდა. იტყობინებოდნენ, რომ ეს იძულებითი ნაბიჯია, რადგან პილოტის ოჯახს არ ჰყოფნის სახსრები ძვირად ღირებულ მკურნალობაზე. სხვადასხვა მონაცემით, გერმანელის ქონება 590 მილიონ დოლარად არის შეფასებული. სახლი, რომელშიც ახლა შუმახერი იმყოფება, 55 მილიონი დოლარი ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოჯამრთელებას და წარმატებებს უსურვებ, ღმერთი იყოს მისი და მისი ოჯახის მფარველი.
Giorgi
13:53 17-12-2014
0

სიახლეები პოპულარული