იტალიის დედაქალაქის მთავრობის წევრებმა დაადასტურეს რომის გრან-პრისთვის მზადების დაწყება. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაურიციო ფლამინიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქალაქის მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქუჩის რბოლის პროექტს.
"მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ოფიციალურად დაუჭირა მხარი პროექტს, ახლა დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ რომის გრან-პრის დებიუტი 2013 წელს შედგება", - განაცხადა ფლამინიმ.
შეგახსენებთ, რომ კალენდარში რომის ეტაპის გამოჩენას მონცას მხრიდან ნეგატიური რეაქცია ჰქონდა - ისინი შიშობენ, რომ ფორმულა 1-ის ორგანიზატორები იტალიას ორ ეტაპს არ მისცემენ და ამიტომაც მონცაზე იტალიის გრან-პრი არ გაიმართება.
* * *
ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარების შემდეგ, ამერიკის გრან-პრის პრომოუტერმა ტავო ჰულმუინდმა, როგორც იქნა, გახსნა ვონდერიკ კრიკში მშენებლობა.
ტრასა ფორმულა 1-ის მთავარმა არქიტექტორმა ჰერმან ტილკემ დააპროექტა, მშენებლობას კი ერთ-ერთი დალასური კომპანია ახორციელებს. პროექტის საერთო ბიუჯეტი 250 მილიონი დოლარია.
ჯერჯერობით ყველაფერი გრაფიკის მიხედვით მიდის და თუ რაიმე შეფერხება არ შეიქმნება, ტრასა 2012 წლის დებიუტისთვის მზად იქნება.
.