ფორმულა 1: მეორე დღეც ფეტელისაა

AutoSharing Option
სიტუაცია 2015 წლის ტესტებზე კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რაც ერთი წლის წინ იყო - ოფიციალური ვარჯიშის პირველ ორ დღეს გუნდებმა სოლიდური დისტანცია გაიარეს. გუშინ დაფიქსირდა სერიოზული პრობლემები, მაგრამ მანქანები მაინც გაცილებით საიმედოდ გამოიყურებიან.

თუმცა ამას ვერ ვიტყვით "მაკლარენ ჰონდაზე" - იაპონელი მოტორისტები მხოლოდ ახლა იწყებენ შემოწმებებისა და შეცდომების გრძელ გზას, რაც სხვა მწარმოებლებმა შარშან გაიარეს.

პირველ დღეს ფერნანდო ალონსომ MP4-30-ით ექვსი წრე გაიარა, გუშინ ჯენსონ ბატონმა - კიდევ ექვსი. მთელი დანარჩენი დრო მანქანასთან ინჟინრები მუშაობდნენ. პირველი ვარჯიშის შემდეგ "ჰონდას" წარმომადგენლები ამბობდნენ,
რომ პრობლემები მოგვარებულია, მაგრამ შესამჩნევი პროგრესი მაინც არ არის.

ასევე თითქმის მთელი დღე დაკარგეს "რედ ბულში". დილით რუსი დანიილ კვიატი ტრასიდან გადავარდა და ბარიერს მანქანის წინა ნაწილით შეეხო. შედეგად, "რედ ბულის" დებიუტანტი წინა ანტიფრთის გარეშე მუშაობდა, რადგან სათადარიგო დეტალი გუნდში არ აღმოაჩნდათ. ავსტრიული საჯინიბო კონცენტრირებული იყო ისეთი დეტალების შემოწმებაზე, რომლებისთვისაც ამ ელემენტს მნიშვნელობა არ აქვს.

გუშინ ტესტებს შეუერთდა "ლოტუსი". ამ გუნდის მანქანა ღამით ჩაიყვანეს ხერესში და უკვე დილით პასტორ მალდონადომ ბოქსები დატოვა. ვენესუელელმა პილოტმა 37 წრე გაიარა, საღამოს კი მის გამო წითელი დროშები ააფრიალეს, რადგან მანქანა ტრასაზე გაჩერდა.

თუ ტესტების პირველ დღეს "მერსედესის" ახალი მანქანის საიმედოობაზე ეჭვი არავის გასჩენია (როსბერგმა 157 წრე დაფარა), გუშინ მსოფლიოს ჩემპიონმა ნაადრევად შეწყვიტა მუშაობა. ლუის ჰემილტონი ახლოს იყო თანაგუნდელის შედეგის გამეორებასთან - პირველ ექვს საათში 91 წრე დაფარა, მაგრამ შემდეგ W06 პიტ-ლეინზე გაჩერდა.

როცა მანქანა ბოქსებში დააბრუნეს, გაირკვა, რომ გასაციებელი სითხე დაიღვარა. შედეგად, გუნდმა მუშაობის დასრულების შესახებ გამოაცხადა - საჭირო იყო მეორე დღისთვის ბოლიდის მომზადება. მიუხედავად ამისა, "მერსედესმა" მაინც ყველაზე მეტი მანძილი დაფარა.

საკმაოდ კარგად დაიწყო ტესტები "ფერარისთვის" - პირველ დღეს სებასტიან ფეტელი სათავეში ჩაუდგა საერთო ოქმს, გუშინ კი კიდევ უფრო სწრაფად გაიარა წრე და ისევ პირველი ადგილი დაიკავა.

და როგორც წინა დღეს, მეორე ადგილზე "ფერარის" ძრავით აღჭურვილი მანქანა გავიდა - ფელიპე ნასრმა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა "ზაუბერის" რიგებში, დაადასტურა მარკუს ერიქსონის ტემპი. არადა, "ზაუბერზე" ჯერჯერობით შარშანდელი ანტიფრთები აყენია - ახალს მანქანა პირველ გრანპრიმდე ცოტა ხნით ადრე მიიღებს.

თუმცა ორი დღის განმავლობაში დაფიქსირებულ დროს განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან გუნდებს სიჩქარეზე მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. ამ ეტაპზე მთავარია, გადაწყდეს საიმედოობასთან დაკავშირებული პრობლემები.

II დღე
1. ფეტელი (Ferrari) 1.20,984 (88 წრე)
2. ნასრი (Sauber) +0,883 (88)
3. ბოტასი (Williams) +1,335 (61)
4. ჰემილტონი (Mercedes) +1,506 (91)
5. ფერსტაპენი (Toro Rosso) +3,183 (73)
6. მალდონადო (Lotus) +4,818 (41)
7. ბატონი (McLaren) +33,671 (6)
8. კვიატი (Red Bull) დროის გარეშე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული