ფორმულა 1: ყველაზე სწრაფი "ფერარია". ჯერჯერობით?

AutoSharing Option
2015 წლის სეზონის ტესტების პირველი სერია დასრულდა. გუშინ, მეოთხე დღეს გუნდებმა გაზარდეს გავლილი დისტანცია და თან სერიოზული პრობლემებიც აიცილეს თავიდან. გამონაკლისი აღმოჩნდა "მაკლარენი", რომელსაც ყოველდღე ჰქონდა სირთულე "ჰონდას" ძრავასთან დაკავშირებით. ასე რომ, ბრიტანული საჯინიბო აშკარა აუტსაიდერი აღმოჩნდა გავლილი მანძილის მიხედვით.

თუმცა ტესტების სტატისტიკა - პირობითი ცნებაა. გასულ წელს, ხერესში "რედ ბულმა" ოთხ დღეში მხოლოდ 100 კილომეტრი გაიარა, სამაგიეროდ, სეზონის პირველ რბოლაში დანიელ რიკარდო მეორე მივიდა ფინიშთან. ასე რომ, დასკვნების გაკეთება ადრეა - წინ კიდევ ტესტების ორი სერიაა, ჩემპიონატის დაწყებამდე კი
თვეზე მეტი რჩება.

ტესტების მეოთხე დღე ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა "მაკლარენ ჰონდასთვის", თუმცა თავიდან ამ გუნდისთვის ყველაფერი ცუდად იწყებოდა. ჯენსონ ბატონმა კარგა ხნით გადააბარა მანქანა მექანიკოსებს, შემდეგ რამდენჯერმე სცადა ტრასაზე გასვლა, მაგრამ ბოლიდი პიტ-ლეინზე ჩერდებოდა.

როცა ინჟინრებმა მორიგი პრობლემა მოაგვარეს (ამჯერად, ზეთის წნევის ვარდნა), ბრიტანელი ტრასაზე გავიდა და გუნდისთვის ამ ტესტებზე მაქსიმალური დისტანცია გაიარა. ბოლოს მას ისევ მოუწია გაჩერება - საწვავის დგუშის მწყობრიდან გამოსვლის გამო. "მაკლარენმა" ერთი საათით ადრე შეწყვიტა გუშინდელი პროგრამა.

ისევ შეექმნა პრობლემები "რედ ბულს". გაჩნდა პრობლემები ERS-ის სისტემასთან დაკავშირებით. მანქანა ევაკუატორით გადაიყვანეს ბოქსებში, რემონტმა რამდენიმე საათი დაიკავა და დანიილ კვიატი ტრასაზე დაბრუნდა.

ნაადრევად დაასრულა გუშინდელი დღის პროგრამა "ლოტუსმა". გუნდმა გამოტოვა პირველი დღე, შემდეგ ორი დღე მუშაობდა პასტორ მალდონადო, გუშინ კი საჭესთან რომენ გროსჟანი დაჯდა. ფრანგმა 53 წრე გაიარა და ბოქსებში დააყენა მანქანა ძალისმიერი აგრეგატის პრობლემის გამო.

გავლილი დისტანციის მიხედვით, ლიდერი ისევ "მერსედესი" გახდა - ოთხივე დღე საჩემპიონო გუნდი დამაჯერებლად უსწრებდა მეტოქეებს ამ მაჩვენებლით. გერმანულ საჯინიბოში ამბობდნენ, რომ პირველი ტესტების მთავარი ამოცანა - საიმედოობაში დარწმუნება იყო.

ოთხიდან სამ დღეს "მერსედესი" ტრასაზე ჩერდებოდა. ასე მოხდა გუშინ, როცა ლუის ჰემილტონი მოცურდა და საჭირო გახდა მანქანის ევაკუირება. მცირე რემონტის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონმა გააგრძელა მუშაობა.

არც ერთ დღეს "მერსედესი" პირველ ადგილზე არ გასულა. თუმცა იგივე ხდებოდა შარშანაც, როცა ხერესში ლიდერობდნენ რაიკონენი, ბატონი, მაგნუსენი და მასა, რომლებიც სეზონის შედეგების მიხედვით, პირველ ექვსეულშიც ვერ მოხვდნენ. გუნდებს ჯერ არ დაუწყიათ მუშაობა სიჩქარეზე. ასე რომ, ტესტების მომდევნო ორი სესია ბარსელონაში უფრო ინფორმაციული იქნება.

პრობლემები აიცილა თავიდან "უილიამსმა" - გუნდის ორივე პილოტი აღნიშნავდა, რომ ახალი მანქანა წინ გადადგმული ნაბიჯია და წელს ისინი რბოლებში გამარჯვებებისთვის ბრძოლას იმედოვნებენ. გუნდი სტაბილურად ასრულებდა დაგეგმილ პროგრამას და ყოველდღიურად ზრდიდა გავლილი დისტანციის სიგრძეს.

მეტად პოზიტიურად იმუშავეს "ზაუბერში". ორჯერ ამ გუნდის პილოტები, დღის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე იყვნენ, ერთხელ კი დებიუტანტმა ფელიპე ნასრმა საუკეთესო დრო აჩვენა.

ტესტების დროს მსჯელობის მთავარი საბაბი გახდა "ფერარის" შედეგები - ამ გუნდის მრბოლელები ოთხი დღიდან სამში სათავეში ედგნენ საბოლოო ოქმს. "სკუდერია" კარგ ტემპს აჩვენებდა წრეების მოკლე და გრძელ სერიებში. ფინალურ დღეს კიმი რაიკონენმა კვირის საუკეთესო დრო აჩვენა. გარდა ამისა, ეს იყო ხერესში ბოლო ორ სეზონში საუკეთესო შედეგი.

პირველი ტესტების ოთხივე დღეს პირველ ორ ადგილს იკავებდნენ მანქანები "ფერარის" ძრავებით - საინტერესო ტენდენციაა!

ტესტების მეორე სერია 19 თებერვალს დაიწყება - გუნდები უკვე ბარსელონაში შეიკრიბებიან.

IV დღე
1. რაიკონენი (Ferrari) 1:20.841 (106 წრე)
2. ერიქსონი (Sauber) +1.178 (112)
3. ჰემილტონი (Mercedes) +1,331 (117)
4. ფერსტაპენი (Toro Rosso) +1.712 (97)
5. მასა (Williams) +2.275 (73)
6. გროსჟანი (Lotus) +2.961 (53)
7. კვიატი (Red Bull) +3.134 (64)
8. ბატონი (McLaren) +6.819 (35)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული