ინდოელი პილოტი ნარაიან კართიკეიანი ფორმულა 1-ს უბრუნდება - აზიელმა ავტომრბოლმა 2011 წლისთვის კონტრაქტი გააფორმა ესპანურ საჯინიბო HRT-სთან.
2005 წელს კართიკეიანმა სრული სეზონი ჩაატარა "ჯორდანის" შემადგენლობაში. აქ მისი საუკეთესო შედეგი იყო მეოთხე ადგილი ამერიკის გრან-პრიზე, სადაც "მიშლენის" საბურავებთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალის გამო ტრასაზე მხოლოდ ექვსი მანქანა გავიდა. ამის შემდეგ ინდოელი "უილიამსის" ტესტ-პილოტი იყო, გამოდიოდა A1GP-ზე, ლე-მანზე, NASCAR-სა და სუპერლიგაში, სადაც ბრენდს-ჰეტჩის რბოლა მოიგო.
"მოხარული ვარ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ფორმულა 1-ში დაბრუნებით. ყოველთვის ვამბობდი, რომ ისევ მომეცემოდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სერიაში გამოსვლის
პარალელურად ცნობილი გახდა, რომ გაისად HRT-ის შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ ბრუნო სენას. გუნდის შეფმა კოლინ კოლესმა "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრაზილიელთან კონტრაქტი არ გაგრძელდება: "დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ბრუნო ჩვენს გუნდში არ იქნება. ეს 100 პროცენტით დადასტურებული ინფორმაციაა."
ბრუნომ შარშანდელ ჩემპიონატში 18 რბოლა ჩაატარა და საუკეთესო შედეგი - მე-14 ადგილი - კორეის გრან-პრიზე აჩვენა. ექსპერტების შეფასებით, 2010 წლის სეზონში გამოსვლისთვის სენას ბრაზილიელმა სპონსორებმა ჯამში 20 მილიონი დოლარი გადაიხადეს. HRT-ის შედეგების გათვალისწინებით, ისინი აღარ მოინდომებენ 2011 წელს ასეთივე თანხის გაღებას, არადა, ესპანური გუნდისთვის ფინანსური ფაქტორი უმნიშვნელოვანესია.
ასე რომ, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება კართიკეიანის პარტნიორი ახალ სეზონში.
კოლინ კოლესმა ყველაზე სავარაუდო კანდიდატებად კრისტიან კლინი და საკონ იამამოტო დაასახელა. "ბევრი კანდიდატი გვყავს, - ამბობს კოლესი. - სიურპრიზებიც შესაძლებელია. არ ვჩქარობთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, რადგან დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ საუკეთესო ვარიანტი ავირჩიეთ."
.