პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით, "მერსედესები" ყველაზე წინ არიან და ჯერჯერობით გაუგებარია, რა უნდა მოუხერხონ ამას სხვებმა. ერთწამიანი უპირატესობა პელოტონთან - ძალიან დიდია.
გარდა ამისა, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა ისიც, თუ როგორ იოლად დაამარცხა ავსტრალიაში ლუის ჰემილტონმა თანაგუნდელი ნიკო როსბერგი. ბრიტანელი სეპანგშიც კარგად გრძნობს თავს და უკვე უნდა ვემზადოთ მოქმედი ჩემპიონის მეორე გამარჯვებისთვის, მაგრამ აქ შეიძლება საქმეში ჩაერიოს ტრადიციული მალაიზიური წვიმები. სინოპტიკოსები დიდი ალბათობით ვარაუდობენ უამინდობას კვალიფიკაციისა და რბოლის დროს.
უბრალოდ, სამწუხაროა ის, რომ ეტაპზე გამარჯვებისთვის ბრძოლის სანახავად, მინიმუმ, ტროპიკული წვიმა გვჭირდება.
დღეისთვის პელოტონში ყველაზე დაძაბული ბრძოლა მესამე ადგილისთვისაა "ფერარებსა" და "უილიამსებს" შორის. ზურგთან დაკავშირებული პრობლემა გადაწყვიტა ვალტერი ბოტასმა, კიმი რაიკონენი მზად არის, დაამტკიცოს ავსტრალიაში წარუმატებელი რბოლის შემთხვევითობა, ფელიპე მასასა და სებასტიან ფეტელს კი სურთ, დაადასტურონ საკუთარი შედეგები სეზონის სადებიუტო რბოლაში.
ბრიტანელები ჯერ ისევ რჩებიან ფავორიტებად, რადგან "უილიამსის" ძრავა და ტემპი გაცილებით უკეთესია. რომ არა ბოტასის ტრავმა, სწორედ ამ გუნდის პილოტებს ვიხილავდით მელბურნში სასტარტო ბილიკის მეორე რიგში.
სასამართლო პრობლემების მიუხედავად, შესანიშნავი ტემპი აჩვენა "ზაუბერმა" და ახლა ფელიპე ნასრმა და მარკუს ერიქსონმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათი შედეგები შემთხვევითობა არ იყო. "ზაუბერმა" დაამტკიცა, რომ შეუძლია "ტორო როსოსა" და "ფორს ინდიაზე" ძლიერი იყოს, "ლოტუსი" კი ისევ რჩება გამოცანად, თუმცა ის გავიგეთ, რომ ამ გუნდს "ფერარისთან" და "უილიამსთან" ბრძოლა არ შეუძლია.
ამ ეტაპის ერთ-ერთი ინტრიგაა ფერნანდო ალონსოს დაბრუნება. ავსტრალიის გრანპრის შემდეგ ასეთი ხუმრობა იყო პოპულარული: ალონსო პასუხობს "მაკლარენის" შეფის, რონ დენისის სატელეფონო ზარს.
- ალო, რონ დენისი? რომელი "მაკლარენი"? რომელი "ჰონდა"? 13 წლის ვარ და კარტინგით გამოვდივარ.
სეპანგზე მართლაც უნიკალურ შემთხვევასთან გვექნება საქმე. ორი სახელოვანი პილოტი, მსოფლიოს ორი ყოფილი ჩემპიონი - ფერნანდო ალონსო და ჯენსონ ბატონი იბრძოლებენ იმისთვის, რომ ფინიშამდე მიაღწიონ.
ასევე არ უნდა დავივიწყოთ კონფლიქტი "რენოსა" და "რედ ბულს" შორის, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს მორიგი ტექნიკური პრობლემის შემდეგ. როგორც ჩანს, ამ ორი კომპანიის მჭიდრო და ხანგრძლივი ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება.
სეპანგის ტრასა
სიგრძე: 5543 მ
წრეების რიცხვი: 56
რბოლის დისტანცია: 310,408 კმ
მოსახვევები: 15 (8 მარჯვენა, 7 მარცხენა)
DRS-ის ზონა: ორი
უგრძესი სწორი მონაკვეთი: 1029 მ
ტრასის რეკორდი: 1:32.223 (მონტოია, "უილიამსი", 2004)
ყველაზე მეტი მოგება: 3 - შუმახერი, ალონსო, ფეტელი
შარშანდელი გამარჯვებული: ლუის ჰემილტონი ("მერსედესი")
უქმეების განრიგი
27 მარტი, 06:00 - I პრაქტიკა
27 მარტი, 10:00 - II პრაქტიკა
28 მარტი, 10:00 - III პრაქტიკა
28 მარტი, 13:00 - კვალიფიკაცია
29 მარტი, 11:00 - რბოლა
საერთო ჩათვლა
1. ჰემილტონი (მერსედესი) - 25
2. როსბერგი (მერსედესი) - 18
3. ფეტელი (ფერარი) - 15
4. მასა (უილიამსი) - 12
5. ნასრი (ზაუბერი) - 10
6. რიკარდო (რედ ბული) - 8
7. ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) - 6
8. ერიქსონი (ზაუბერი) - 4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"