სრულიად მოულოდნელად გასული ეტაპი არა "მერსედესმა", არამედ "ფერარის" მანქანით სებასტიან ფეტელმა მოიგო და გაოგნებული დატოვა გერმანული საჯინიბოს პილოტები. მელბურნში "მერსედესის" დომინირების შემდეგ ასეთი შედეგი მართლაც შოკისმომგვრელი იყო. "მერსედესში" მიხვდნენ, რომ მოდუნება არ შეიძლება და საჭიროა ტექნიკური განახლებების ოპერატიულად გამოყენება. ახლა ბოლიდებზე შეცვლიან ანტიფრთებს, რაც ჯერ კიდევ მალაიზიაში უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ჩათვალეს, რომ არ იყო ამის აუცილებლობა.
თან "მერსედესმა" რაღაც უნდა მოუხერხოს საბურავების პრობლემას, რადგან გასულ გრანპრიზე რეზინი გერმანელთა მანქანებზე ძალიან მალე ცვდებოდა. თუმცა
როგორც ჩანს, არც ისე წარმატებული შასი შექმნეს "უილიამსში", რადგან კარგი ძრავის მიუხედავად, ბრიტანელებმა ჯერჯერობით მეორე გუნდის სტატუსი "სკუდერიას" გადაულოცეს. ამასობაში, უკვე ამ უქმეებზე "რენო" ემუქრება ყველას, რომ გაზრდის თავისი ძრავის სიმძლავრეს და შეეცდება, ბრძოლა მოახვიოს თავს სერ ფრენკ უილიამსის გუნდს.
თავად "უილიამსმა" სასწრაფოდ უნდა მოუმატოს და გამორიცხული არ არის, პროგრესი უკვე ჩინეთში ვიხილოთ. ვალტერი ბოტასმა მოირჩინა ზურგი, ფელიპე მასამაც სირთულეების გარეშე დაიწყო სეზონი. თუ ბრიტანელები ტემპს დაიჭერენ, შეიძლება უკან ჩააჩოჩონ "ფერარი" და სეზონში პირველი პოდიუმი აიღონ.
უფრო ქვემოთ ძალიან საინტერესოა - როგორ იბრძოლებენ ერთმანეთში "რედ ბული" და "ტორო როსო". ჯერჯერობით, ეს უკანასკნელი დიდ ბრძოლას უმართავს "უფროს ძმას". როგორი აღშფოთებულიც უნდა იყოს კრისტიან ჰორნერი "რენოს" ძრავების სიმძლავრით, მისი "რედ ბული", ნებისმიერ შემთხვევაში, ვალდებულია დაამარცხოს "ტორო როსო", მაგრამ ჯერ ეს არ გამოსდის.
არ შეიძლება არ ვახსენოთ "მაკლარენი". ჯენსონ ბატონმა და ფერნანდო ალონსომ ერთხმად გამოაცხადეს, რომ სიცივე - ძალიან ცუდია, რადგან მათი ბოლიდი უფრო ნელი იქნება, ვიდრე ეს მალაიზიაში იყო. სავარაუდოდ, ფერნანდო საკუთარ თავზე იგრძნობს იმ ჩამორჩენას, რაც "მაკლარენს" პირველ ეტაპზე ჰქონდა, რომელიც ესპანელმა ტრავმის გამო გამოტოვა - მინუს 4.5 წამი ლიდერთან ერთ წრეზე. ამას უკვე ქვედა ლიგაც აღარ ჰქვია.
ციფრები იმის შესახებ გვამცნობს, რომ მალაიზიაში ალონსოს "მაკლარენი" ერთი წამით უფრო ნელი იყო, ვიდრე 2001 წელს ალონსოს "მინარდი"!
შანხაის ტრასა
სიგრძე: 5 451 მ
წრეების რიცხვი: 56
რბოლის დისტანცია: 305,356 კმ
მოსახვევები: 16 (8 მარჯვენა, 7 მარცხენა)
DRS-ის ზონა: ორი
უგრძესი სწორი მონაკვეთი: 1397 მ
ტრასის რეკორდი: 1:32.066 (მ. შუმახერი, "ფერარი", 2004)
ყველაზე მეტი მოგება: 3 - შუმახერი, ალონსო, ფეტელი
შარშანდელი გამარჯვებული: ლუის ჰემილტონი ("მერსედესი")
უქმეების განრიგი
10 აპრილი, 06:00 - I პრაქტიკა
10 აპრილი, 09:00 - II პრაქტიკა
11 აპრილი, 08:00 - III პრაქტიკა
11 აპრილი, 11:00 - კვალიფიკაცია
12 აპრილი, 10:00 - რბოლა
საერთო ჩათვლა
1. ჰემილტონი (მერსედესი) - 43
2. ფეტელი (ფერარი) - 40
3. როსბერგი (მერსედესი) - 33
4. მასა (უილიამსი) - 20
5. რაიკონენი (ფერარი) - 12
6. ნასრი (ზაუბერი) - 10
6. მასა (უილიამსი) - 10
8. რიკარდო (რედ ბული) - 9
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"