ლუის ჰემილტონი: ყველაფერს ვაკონტროლებდი...

AutoSharing Option
ბაჰრეინის გრანპრის მოგებით ლუის ჰემილტონმა გააგრძელა გამარჯვებათა სერია და ფინიშის შემდეგ განაცხადა, რომ სრულად აკონტროლებდა რბოლის მსვლელობას და მზად იყო ნებისმიერი შეტევის მოსაგერიებლად...

- როგორც ჩანს, ბაჰრეინში თქვენთვის ყველაფერმა იღბლიანად ჩაიარა...
- დიახ, კარგი უქმეები გამოვიდა, თითქოს კვირა საღამოს სასეირნოდ ვიყავი გამოსული (იცინის). სინამდვილეში, ძალიან რთული რბოლა იყო, რადგან "ფერარიმ" ბრწყინვალე ტემპი აჩვენა. ნიკო როსბერგიც სწრაფი იყო და არ ველოდი, რომ გამიჭირდებოდა მათი დიდი მანძილით უკან ჩამოტოვება, მაგრამ, საერთო ჯამში, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა.

- ცხადია, რომ "ფერარის" უკვე სერიოზული ზეწოლა
აქვს "მერსედესზე". კმაყოფილი ხართ სეზონის ამ ეტაპზე საკუთარი გუნდის პროგრესით?
- დიახ, ჩემი აზრით, გუნდი ბრწყინვალედ მუშაობს, მაგრამ "ფერარიმ" ამ უქმეებზე მართლაც ძალიან მოუმატა. თუმცა მოხარული ვარ, რომ მანქანა მაღალი ტემპის შენარჩუნების საშუალებას მაძლევდა. შემეძლო ნებისმიერი მეტოქის შეტევის მოგერიება, კიმი რაიკონენისაც კი. ასე რომ, მთლიანად ვაკონტროლებდი რბოლის მსვლელობას, არადა, ასეთი რამ ხშირად არ ხდება.

ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა ლიდერობ და თან იცი, რომ საჭირო დროს ყოველთვის შეგიძლია ტემპის მომატება. მახსოვს, ტრასის მე-13 მოსახვევში გავიფიქრე: "ბრწყინვალე მანქანაა!" ყველაფერი შესანიშნავად მუშაობდა და საჭესთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი.

- ეს თქვენი მესამე მოგებაა 2015 წელს. როგორ ახერხებთ საბრძოლო განწყობის შენარჩუნებასა და სრულ კონცენტრაციას?
- ვფიქრობ, ასაკთან ერთად უფრო გამოცდილი და ბრძენი ხდები. იცით, საიდან ვიღებ დამატებით ენერგიას? მუსიკიდან! მუსიკა ძალიან მიყვარს. რბოლების დროს ბევრს ვუსმენ და თან საკუთარ მუსიკასაც ვქმნი. ეს ყველაფერი მეხმარება სარბოლო უქმეების დღეებში.

- რბოლის დროს ყველაფერი კარგად იყო, გარდა ერთისა - ბოლო წრეებზე მუხრუჭების სისტემის გაუმართაობა. ამან ძალიან შეაშფოთა გუნდი. უკვე გაერკვიეთ ბაჰრეინის ტრასაზე მუხრუჭების მაღალი ცვეთის მიზეზში?
- არ გვეგონა, რომ ამ მხრივ პრობლემა შეგვექმნებოდა. იმედია, გუნდში მიზეზებს შეისწავლიან და მომავალ უქმეებზე ყველაფერი წესრიგში იქნება. როცა ეს პრობლემა შეიქმნა, შეტევებზე უარი ვთქვი და მიზანი - უბრალოდ, ფინიშზე მისვლა იყო.

- რა გაქვთ დაგეგმილი შემდეგ რბოლამდე?
- ვიცი, რომ ოთხშაბათიდან საინტერესო სამუშაო გეგმები მაქვს. ხვალ უკვე შინ, მონაკოში ვიქნები, სადაც ჩემი ძაღლი როსკო მელოდება. სტუმრად მეწვევიან ჩემი პატარა ნათესავები და ერთად გავალთ პლაჟზე. დავისვებენ, მაქსიმალურად მოვდუნდები, მაგრამ ასევე, ვარჯიშებსაც გავაგრძელებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული