ფორმულა 1: სტარტს აპრილში მისცემენ

AutoSharing Option
გუშინ ერთი საინტერესო სიახლე გავრცელდა ფორმულას სამყაროდან. გადაწყდა, რომ 2016 წლის სეზონს ისევ ავსტრალიის გრანპრი გახსნის, მაგრამ რბოლა ჩვეულებრივზე გვიან გაიმართება.

კერძოდ, ეტაპი მელბურნის "ალბერტ-პარკზე" 3 აპრილს ჩატარდება. ასე რომ, ფორმულა 1-ში მომავალი წლის ჩემპიონატი თითქმის ერთი თვით გვიან დაიწყება, ვიდრე ეს წლების განმავლობაში იყო.

* * *
ამასობაში, გამოცემა Autosprint-მა ერთი სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ამცნო გულშემატკივრებს. როგორც იტალიელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, "უილიამსის" ფინელმა პილოტმა ვალტერი ბოტასმა უკვე მოაწერა ხელი "ფერარისთან" წინასწარ ხელშეკრულებას და 2017 წლიდან "სკუდერიაში" თანამემამულე კიმი რაიკონენს შეცვლის.

რაც შეეხება 2016 წლის სეზონს, ბოტასმა, შესაძლოა, დაკარგოს ადგილი "უილიამსში" და ის "მერსედესის" სარეზერვო პილოტმა პასკალ ვერლიანმა ჩაანაცვლოს. საქმე ისაა, რომ გერმანული საჯინიბოს წევრის მიწვევით, ფრენკ უილიამსის საჯინიბო შეღავათიან ფასში მიიღებს ძრავებს "მერსედესისგან".

თავად ბოტასმა კი, შესაძლოა, 2016 წლის სეზონი ახალი გუნდის - "ჰაასის" რიგებში ჩაატაროს, რომელიც "ფერარის" ტექნიკური პარტნიორი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული