ბარსელონაში კვალიფიკაციამ სიუპრიზები შემოგვთავაზა: ზედიზედ ოთხი პოულის შემდეგ, ლუის ჰემილტონი მხოლოდ მეორე პოზიციით დაკმაყოფილდა და წინ თანაგუნდელი ნიკო როსბერგი გაუშვა. ასე მოულოდნელი იყო "ტორო როსოს" დებიუტანტების - კარლოს საინსისა და მაქს ფერსტაპენის მეხუთე და მეექვსე ადგილი.
* * *
როსბერგს შესანიშნავი რეაქცია ჰქონდა სასტარტო ნიშანზე, ჰემილტონმა კი ჩააგდო პირველი მეტრები და წინ გაუშვა სებასტიან ფეტელი და ვალტერი ბოტასი. ჩემპიონატის ლიდერმა ფინელს
ცოტა ხანში როსბერგმა ფეტელი და ჰემილტონი მთელი შვიდი წამით ჩამოიტოვა უკან. ბრიტანელი აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა, რადგან ესმოდა, რომ "ფერარის" უკან მოძრაობით ეტაპის მოგების შანსს კარგავდა. მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, მოქმედი ჩემპიონი შესატევ დისტანციაზე გასვლას ვერ ახერხებდა. ასე რომ, ლუისს პიტსტოპების იმედი უნდა ჰქონოდა.
* * *
და ჰემილტონმა ლიდერთა შორის პირველმა შეუხვია ბოქსებში - ეს მოხდა 13 წრის შემდეგ. მომდევნო წრეზე "ფერარიში" ფეტელის დამაჯერებელი პიტსტოპით უპასუხეს - გერმანელი იოლად დაბრუნდა ტრასაზე ლუისის წინ, რადგან ამ უკანასკნელმა ორი წამი დაკარგა უკანა მარცხენა საბურავის შეცვლისას. როსბერგი ახალი საბურავებისთვის ბოქსებში მე-15 წრეზე შევიდა.
პირველ ადგილზე დაბრუნებულმა ნიკომ შეინარჩუნა ფეტელთან და ჰემილტონთან ხუთწამიანი სხვაობა. ლუისი, რომელიც ისევ ფეტელის უკან აღმოჩნდა, კვლავ უტევდა, თუმცა "მერსედესს" არ ჰყოფნიდა სიჩქარე სწორ მონაკვეთებზე.
* * *
ისევ ჩააგდო რბოლა "მაკლარენმა". მეორე ათეულის შუაში მოძრავმა ფერნანდო ალონსომ, მოულოდნელად, ტრასის მიღმა გადასვლა დაიწყო. ინჟინრებმა ესპანელი ბოქსებში იხმეს და იქ ფერნანდომ კინაღამ საკუთარი გუნდის წევრები გაიტანა - მუხრუჭები გამოვიდა მწყობრიდან.
ჯენსონ ბატონმა ჩაგდებული სტარტის შემდეგ ბრძოლაში დაბრუნება ვერ შეძლო და ფინიშზე ერიქსონთან და პერესთანაც კი წააგო, რომლებიც ვერ დაიკვეხნიან კარგი მანქანებით. "მაკლარენი" და "ჰონდა" ამ უქმეებზე ქულებისთვის ბრძოლას გეგმავდნენ, მაგრამ მორიგი კრახი განიცადეს.
* * *
დისტანციის შუაში ლუის ჰემილტონი ისევ პირველი წავიდა პიტსტოპზე - ფინიშამდე 34 წრით ადრე ჩემპიონატის ლიდერმა "ჰარდის" ახალი კომპლექტი მიიღო. ბრიტანელი აშკარად სამი პისტოპის ტაქტიკაზე მიდიოდა. ლუისმა უარი თქვა საბურავების ეკონომიაზე და შეტევაზე გადავიდა. მან გაუსწრო კიმი რაიკონენსა და ბოტასს და მესამე ადგილზე დაბრუნდა. ის თანდათან ეწეოდა როსბერგსა და ფეტელს.
ფეტელი თავის მეორე პიტსტოპზე მაშინ შევიდა, როცა ფინიშამდე 26 წრე რჩებოდა. მექანისოკებმა გერმანელის მანქანაზე ახალი "ჰარდი" დააყენეს და სებასტიანი ტრასაზე ჰემილტონთან რვაწამიანი ჩამორჩენით დაბრუნდა. ნიკომ კი ბოქსებში მხოლოდ ხუთი წრის შემდეგ შეუხვია და ისიც ახალი "ჰარდით" დაბრუნდა ტრასაზე. როსბერგი სამ წამს აგებდა ჰემილტონთან.
ლუისი სათავეში ედგა რბოლას, მაგრამ საბურავები უკვე გვარიანად გაცვეთილი იყო, ტემპიც ოდნავ დავარდა. მესამე პიტსტოპი გარდაუვალი იყო, ამიტომაც როსბერგი მოვლენათა ფორსირებას არ აპირებდა საბურავებს უფრთხილდებოდა.
სამაგიეროდ, ჰემილტონი ფეტელზე სწრაფი იყო - წრეზე წამნახევარს-ორ წამს უგებდა. 51-ე წრისთვის სხვაობა მათ შორის შორის 23 წამამდე გაიზარდა და სწორედ ამ დროს წავიდა მესამე პიტსტოპზე ლუისი. "მერსედესის" მექანიკოსებმა "მედიუმის" ახალ კომპლექტზე გადაიყვანეს ჩემპიონი და ბრიტანელი ტრასაზე ფეტელზე წინ დაბრუნდა კომფორტული სამწამიანი უპირატესობით.
* * *
ფეტელის პრობლემა გადაჭრილი იყო და ჰემილტონი უკვე ლიდერ როსბერგს გამოეკიდა. გერმანელის უპირატესობა 20 წამს შეადგენდა. ნიკო დანებებას არ აპირებდა და 53-ე წრეზე საუკეთესო დრო დააფიქსირა - 1.29,109, მაგრამ ლუისმა იქვე უპასუხა - 1.28,401. 54-ე წრეზე ჰემილტონი კიდევ უფრო სწრაფი იყო - 1.28,270. ბრიტანელი წრეზე წამს იგებდა, მაგრამ ფინიშამდე მხოლოდ 11 წრე რჩებოდა.
ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ ჰემილტონს დრო აღარ ეყოფოდა როსბერგთან მისაახლოებლად. ორივე "მერსედესმა" ოდნავ დააგდო ტემპი და მართალია, სხვაობა მცირდებოდა, მაგრამ გერმანული საჯინიბოს წევრები შეთანხმდნენ საკუთარ პოზიციებზე.
ნიკო როსბერგმა სეზონში პირველი რბოლა მოიგო. ლუის ჰემილტონმა სწორი ტაქტიკის წყალობით მეორე ადგილი მოიპოვა, ფეტელს კი შეუძლია იმით იამაყოს, რომ წელს მეოთხედ ავიდა პოდიუმზე. ჯერჯერობით, "ფერარის" მეტზე პრეტენზიის გამოცხადება არ შეუძლია.
მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი ორი კვირის შემდეგ გაიმართება. ეს იქნება სეზონის ყველაზე პრესტიჟული რბოლა - მონაკოს გრან-პრი.
ბარსელონა (66 წრე, 307.000 კმ)
1(2). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1:41.12,555 (2 პიტსტოპი)
2(2). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +17,551 (3)
3(3). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) +45,342 (2)
4(4). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +59,217 (2)
5(7). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) +60,002 (2)
6(9). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) +81,314 (3)
7(10). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) 1 წრე (2)
8(11). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 1 წრე (2)
9(5). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე (2)
10(8). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) 1 წრე (2)
11(6). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) 1 წრე (2)
12(15). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) 1 წრე (2)
13(18). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) 1 წრე (2)
14(16). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) 1 წრე (2)
15(17). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე (3)
16(14). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1 წრე (3)
17(19). უილ სტივენსი (მანორი, ბრიტანეთი) 3 წრე (3)
18(20). რობერტო მერი (მანორი, ესპანეთი) 4 წრე (3)
19(12). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 21 წრე
20(13). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) 40 წრე
საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი - 111 (3 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 91 (1); 3. სებასტიან ფეტელი - 80 (1); 4. კიმი რაიკონენი - 52; 5. ვალტერი ბოტასი - 42; 6. ფელიპე მასა - 39; 7. დანიელ რიკარდო - 25; 8. რომენ გროსჟანი - 16; 9. ფელიპე ნასრი - 14; 10. კარლოს საინსი - 8; 11. მაქს ფერსტაპენი - 6; 11. ნიკო ჰიულკენბერგი - 6; 13. სერხიო პერესი - 5; 13. მარკუს ერიქსონი - 5; 15. დანიილ კვიატი - 4.
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 202; 4. ფერარი - 132; 3. უილიამსი - 81; 4. რედ ბული - 30; 5. ზაუბერი - 19; 6. ლოტუსი - 16; 6. ტორო როსო - 14; 8. ფორს ინდია - 11.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"