რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ

AutoSharing Option
შარშანდელი დაძაბული სეზონის დასრულების შემდეგ, ოთხი თვე გავიდა.

ამ დროის განმავლობაში, ჩემპიონმა ნიკო როსბერგმა შოკში ჩააგდო სარბოლო სამყარო სპორტიდან მოულოდნელი წასვლის გამო, რამდენიმე გუნდმა ერთ დღეს გამოაცხადა ახალი (და ძველი) პილოტების ვინაობა, ბერნი ექლსტოუნი პენსიაში გაუშვეს, ყველაზე სუსტმა საჯინიბომ "მანორმა" შეწყვიტა არსებობა. დანარჩენებმა კი ტესტები ჩაატარეს და გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნეს ახალ სეზონზე.

ახალი რეგლამენტი
ფორმულა 1 გახდა უფრო სიმპატიური, რადგან დაუბრუნდა 90-იანი წლების ავტომობილების პროპორციებს. ბოლიდი გაფართოვდა 1800-დან 2200 მილიმეტრამდე. გარდა ამისა, ისევ გაიზარდა წინა ანტიფრთის ზომა (სიგანე - 1650-დან 1800
მილიმეტრამდე) - ასე იყო 2009-13 წლებში. უკანა ანტიფრთა კი ახლა უფრო დაბალია (შემცირდა 950-დან 800 მილიმეტრამდე) და განიერი (750-დან 950 მილიმეტრამდე).

ცვლილებები იმდენად რადიკალური არ არის, როგორც 2009 წელს. ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გაზარდა ბოლიდის მინიმალური წონა 702-დან 722 კილოგრამამდე. გააუქმა ძრავების "დალუქვა" და ოდნავ გაზარდა საწვავის ხარჯი (105 კგ რბოლაზე).

საბურავების მწარმოებელმა "პირელიმ" გუნდებს ისევ ხუთი სახის საბურავი შესთავაზა - "ულტრაფოსტი", "სუპერსოფტი", "სოფტი", "მედიუმი" და "ჰარდი". ამასთან, რეზინი უფრო ხისტი გააკეთეს და, ახლა, პილოტებს შეეძლებათ მთელი ძალით შეტევა - არ შეეშინდებათ რეზინის დაწვის. თან საბურავები უფრო ფართო გახდა.

ამ შემცირებების შედეგი ასეთია: ზომების გამო, ბოლიდებისთვის უფრო რთული გახდა ჰაერის წინააღმდეგობის გადალახვა (ამიტომაც, მაქსიმალური სიჩქარე სწორ მონაკვეთებზე არ გაზრდილა), მაგრამ გაიზარდა მექანიკური მოჭიდების დონე და გაუმჯობესდა შასის აეროდინამიკური თვისებები, რაც საშუალებას იძლევა, უფრო სწრაფად გაიარონ მოსახვევები.

პილოტები კმაყოფილები არიან ტექნიკით, მაგრამ მაყურებლისთვის სიტუაცია, შესაძლოა, ისეთი სასიხარულო არ იყოს: კარგი აეროდინამიკის გამო გვიანი დამუხრუჭება და პიტ-სტოპების რიცხვის შემცირება მდგრადი საბურავების გამო, უარყოფითად იმოქმედებს გასწრებების რიცხვზე. თუმცა, ჯერ ნაადრევია წინასწარ ჩივილი, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. უნდა დაველოდოთ პირველ რბოლას.

სპორტული წესების კორექცია
მთავარი ცვლილებები შეეხო სტარტის პროცედურას. ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას სურს, რბოლის პირველ წამებზე პილოტებზე უფრო მეტი იყოს დამოკიდებული, ვიდრე სარბოლო ინჟინრებზე.

ამიტომაც, აიკრძალა ადრე დადგენილი სასტარტო სისტემები, რომელთა პრინციპი იქამდე იყო დასული, რომ პილოტებს, უბრალოდ, სტარტზე არ უნდა "ჩაძინებოდათ". ყველაფერს დანარჩენს (მოჭიდების მუშაობის რეგულირება, საბურავები, საწვავი და ა. შ.) თავად მანქანა აგვარებდა წინასწარ აწყობილი პროგრამით. 2017 წლიდან, პილოტებს თავად მოუწევთ იგრძნონ - რა მომენტში აუშვან ფეხი სატერფულს. და ისინი, ვინც ამ მომენტს ვერ დაიჭერენ, ძალიან გაურთულდებათ ცხოვრება.

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება უკავშირდება სტარტს წვიმის ქვეშ. თუ ადრე პირველივე წრიდან უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა ნიშნავდა იმას, რომ სტარტი "მოძრავი" იქნებოდა (სეიფტი-კარი ტოვებდა ტრასას და ბოლიდები უკვე რბოლაში იყვნენ), 2017 წლიდან, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, უსაფრთხოების მანქანა პიტ-ლეინზე დაბრუნდება, ბოლიდები კი ხელმეორედ მოეწყობიან სასტრატო ბილიკზე და "ნორმალურ" სტარტს აიღებენ. ამასთან, ეს წესი მხოლოდ პირველი "საბრძოლო" სტარტისას იმოქმედებს.

ფავორიტები და აუთსაიდერები
2017 წელს გაიზარდა არა მხოლოდ აეროდინამიკის როლი, არამედ ძრავებისაც, ამიტომაც, ძლიერ რყევებს არ უნდა ველოდოთ. ლიდერთა ჯგუფში ძველი გუნდები არიან: "მერსედესი", "ფერარი" და "რედ ბული". და მათი უპირატესობა დანარჩენებზე, სავარაუდოდ, დიდი იქნება. თუმცა, მნიშვნელოვანია სხვა რამ: "მერსედესი" აღარ მოსჩანს გამარჯვებაზე ერთადერთ პრეტენდენტად, "სკუდერია" კი გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე ერთი წლის წინ. ამ ჯგუფში უსუსტესად მოსჩანს "რედ ბული", მაგრამ გუნდი გულშემატკივრებს სეზონის მსვლელობისას სერიოზულ პროგრესს პირდება, გარდა ამისა, განახლებული ძრავა ექნება ესპანეთის გრანპრისთვის.

სასტარტო ბილიკის მეორე ბოლოში, დიდი ალბათობით, აღმოჩნდებიან "ზაუბერი" ("ფერარის" ძველი ძრავით) და "მაკლარენი" (ნაკლებად მძლავრი და არასაიმედო "ჰონდათი"). სადღაც პელოტონის შუაში იქნებიან - "უილიამსი", "ფორს ინდია", "ტორო როსო", "რენო" და "ჰაასი" - დაახლოებით ასეთი თანმიმდევრობით.

დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამის თქვა შეიძლება: თუ ტექნიკური პრობლემები ან სხვა გაუთვალისწინებელი ფაქტორები არ იქნება, ავსტრალიაში გამარჯვებისთვის "მერსედესი" და "ფერარი" იბრძოლებენ.

პილოტთა შორის ფავორიტები იგივენი არიან: ლუის ჰემილტონი - ჩემპიონის ტიტულის მთავარი პრეტენდენტია, ხოლო მისი მთავარი კონკურენტებიდან, პირველ რიგში, სებასტიან ფეტელი ("ფერარი") უნდა გამოვყოთ. არანაკლებ საინტერესო იქნება "მერსედესის" დებიუტანტზე ვალტერი ბოტასზე დაკვირვება.

აგრეთვე ინტერესს იწევევს აბსოლუტური დებიუტანტის ლენს სტროლის ("უილიამსი"), "რედ ბულის" პილოტების მაქს ფერსტაპენისა და დანიელ რიკარდოს, აგრეთვე, კიმი რაიკონენის გამოსვლა, ასევე, ფერნანდო ალონსოს მოსალოდნელი წვალება "მაკლარენში".

ავსტრალიის სტატისტიკა
- ავსტრალიის პირველი ოფიციალური გრანპრი 1985 წელს, ადელაიდაში გაიმართა. ეს ქალაქი მომდევნო 11 წლის განმავლობაში მასპინძლობდა სეზონის დასკვნით რბოლას.

- მელბურნმა ადელაიდასგან ესტაფეტა 1996 წელს გადაიბარა და ამ ქალაქში 22-ედ გაიმართება გრანპრი.

- მეოცედ "ალბერტ-პარკზე" გაიხსნება ახალი სეზონი. ბოლო 22 წლის განმავლობაში გამონაკლისი იყო 2006 და 2010 წელი, როცა გახსნის ეტაპი ბაჰრეინში ჩატარდა.

- 21 შემთხვევიდან 13-ჯერ ავსტრალიის გრანპრის გამარჯვებული იმ სეზონის ჩემპიონი ხდებოდა.

- ისტორიაში 14 ავსტრალიელი პილოტი ყოფილა ფორმულა 1-ში. თუმცა, მხოლოდ რვა მათგანმა მიიღო მონაწილეობა ერთზე მეტ გრანპრიში. ორი მათგანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა: ჯეკ ბრებემი და ალან ჯონსი. კიდევ ორი ავსტრალიელი - მარკ უებერი და დანიელ რიკარდო - პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ადიოდნენ. მაგრამ, არც ერთ მათგანს არ მოუგია საშინაო რბოლა.

- ოფიციალურად, არც ერთი ავსტრალიელი არ ყოფილა პოდიუმზე საშინაო რბოლაში. დანიელ რიკარდო მეორე იყო 2014 წელს, მაგრამ შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო.

- მოქმედი პილოტებიდან ავსტრალიის გრანპრი მოგებული აქვთ - ლუის ჰემილტონს (2008, 2015), კიმი რაიკონენს (2007, 2013), სებასტიან ფეტელს (2011) და ფერნანდო ალონსოს (2006).

- წინა სამ რბოლაში დომინირებდა "მერსედესი", რომელიც იგებდა კვალიფიკაციასაც და რბოლასაც.

- უახლოეს უქმეებზე ლუის ჰემილტონი შეიძლება გაუთანაბრდეს აირტონ სენას ავსტრალიაში პოულების რაოდენობით - ექვსი.

- ბოლოჯერ "ფერარის" "ალბერტ-პარკზე ზუსტად ათი წლის წინ გაუმარჯვია - პოულიდან მოიგო კიმი რაიკონენმა, რომელიც სადებიუტო რბოლას ატარებდა "სკუდერიაში".

სავარაუდო რეკორდები 2017-ში
- მიხაელ შუმახერს ეკუთვნის არა მხოლოდ რეკორდი რბოლებში გამარჯვებების რაოდენობით (91), არამედ პოულების რიცხვითაც (68). ამ რეკორდის გაუმჯობესება წელს შეუძლია ლუის ჰემილტონს. დღეს, "მერსედესის" პილოტს 61 პოული აქვს.

- სებასტიან ფეტელი დღემდე ინარჩუნებს პოულის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის რეკორდს. ამ რეკორდის გაუმჯობესების შანსი აქვს მაქს ფერსტაპენს. მან ეს უნდა მოასწროს 2018 წლის დეკემბრამდე.

- თავისებური რეკორდი შეიძლება დაამყაროს ნიკო ჰიულკენბერგმა - პოდიუმების გარეშე სტარტების რიცხვით. ჯერჯერობით, ეს რეკორდი ეკუთვნის ადრიან სუტილს - 128 სტარტი პირველ სამეულში ფინიშის გარეშე. ნიკოს მაჩვენებელი 115 რბოლაა. გერმანელს, აგრეთვე, პიერლუიჯი მარტინიც უსწრებს - 118.

- ლუის ჰემილტონს ამ სეზონის ყველა ტრასაზე აქვს მოგებული რბოლა, ბაქოს გარდა. 20 ივნისს "მერსედესის" პილოტს ექნება შესაძლებლობა - მოაგვაროს ეს გაუგებრობა.

- კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი: ბელგიის გრანპრი მე-200 იქნება ლუის ჰემილტონის კარიერაში. ასევე მე-200 გრანპრი ექნება სინგაპურში სებასტიან ფეტელს. მე-100 გრანპრის ჩაატარებს კანადაში ვალტერი ბოტასი.

- ლენს სტროლი პირველი კანადელია ფორმულა 1-ში 2006 წლის შემდეგ, როცა კარიერა დაასრულა ჟაკ ვილნევმა.

ავსტრალიის გრანპრი
ალბერტ-პარკი

სიგრძე: 5303 მ.
წრეების რაოდენობა (დისტანცია): 58 (307 კმ)
საბურავები: მედიუმი, სოფტი, სუპერსოფტი
DRS-ის ზონა: ორი
ტრასის რეკორდი (რბოლა): 1.24,125 (მიხაელ შუმახერი, "ფერარი", 2004 წელი)
ტრასის რეკორდი (კვალიფიკაცია): 1.23,529 (სებასტიან ფეტელი, "რედ ბული", 2011 წელი)
რეკორდსმენი მოგებების რაოდენობით: მიხაელ შუმახერი - 4

ბოლო ხუთი გამარჯვებული
2016 - ნიკო როსბერგი (მარსედესი)
2015 - ლუის ჰემილტონი (მარსედესი)
2014 - ნიკო როსბერგი (მარსედესი)
2013 - კიმი რაიკონენი (ლოტუსი)
2012 - ჯენსონ ბატონი (მაკლარენი)

უქმეების განრიგი
24 მარტი, პარასკევი
04:55 - I პრაქტიკა
08:55 - II პრაქტიკა
25 მარტი, შაბათი
06:55 - III პრაქტიკა
09:50 - კვალიფიკაცია
26 მარტი, კვირა
08:50 - III პრაქტიკა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული