ფორმულა 1. ბარსელონას ტესტები: ახალგაზრდებისა და ბოლიდების გამოცდა

AutoSharing Option
ესპანეთის გრან-პრის შემდეგ გუნდები ბარსელონაში დარჩნენ და ორდღიანი ტესტები გამართეს. პირველ დღეს საუკეთესო დრო "მერსედესის" პილოტმა ნიკო როსბერგმა აჩვენა, რომელმაც უახლოეს კონკურენტს ორ წამზე მეტი მოუგო, თან ყველაზე გრძელი დისტანცია გაიარა - 146 წრე.

გუშინ მხოლოდ ორ გუნდში მუშაობდა ძირითადი პილოტი - ჯენსონ ბატონი "მაკლარენში" და კარლოს საინსი "ტორო როსოში". დანარჩენებმა საჭესთან ახალგაზრდა პილოტები დასვეს.

თუ პირველ დღეს წითელი დროშების გამოყენება საჭირო არ ყოფილა, ამჯერად, მუშაობა სამჯერ შეწყდა. დილით რაფაელე მარჩელომ დააზიანა "ზაუბერი", როცა ტრასიდან გადავიდა. კიდევ ორჯერ პაუზა გამოცხადდა
"ტორო როსოსა" და "რედ ბულის" მანქანებზე ტექნიკური პრობლემების გამო.

"ფერარის" საჭესთან ესტებან გუტიერესი იჯდა. ის ინჟინრებთან ერთად ამოწმებდა აეროდინამიკურ სიახლეებს, რომელიც ესპანეთის ეტაპისთვის იყო მომზადებული, მაგრამ ისე ეფექტურად არ იმუშავა, როგორც ამას "სკუდერიაში" იმედოვნებდნენ.

პირველად ვიხილეთ "უილიამსის" საჭესთან ალექს ლინი - GP3-ის შარშანდელი ჩემპიონი, ხოლო "მერსედესში" მუშაობდა 20 წლის გერმანელი პასკალ ვერლაინი. მან გუშინ 137 წრე გაიარა და ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო ტესტების მეორე დღეს.

საუკეთესო დრო აჩვენა GP2-ის ჩემპიონმა ჯოლიონ პალმერმა, რომელმაც "ლოტუსით" წრე წუთსა და 26.080 წამში დაფარა. შედარებისთვის, წინა დღის ლიდერის, როსბერგის დრო იყო - წუთი და 24.374 წამი.

ბარსელონას ტესტები დასრულდა. დაახლოებით კვირანახევარში მონაკოს გრან-პრი გაიმართება, ხოლო ტესტების მორიგი ორდღიანი სესია 23-24 ივნისს, ავსტრიის გრან-პრის შემდეგ არის დაგეგმილი.

II დღე
1. პალმერი (Lotus) 1:26.080 (87 წრე)
2. ვერლაინი (Mercedes) +0.417 (137)
3. გასლი (Red Bull) +0.603 (75)
4. ბატონი (McLaren) +0.847 (100)
5. ლინი (Williams) +0.887 (52)
6. ოკონი (Force India) +1.440 (94)
7. გუტიერესი (Ferrari) +1.850 (119)
8. საინსი (Toro Rosso) +1.917 (126)
9. მარჩიელო (Sauber) +2.749 (75)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული