ფორმულა 1. კანადის გრანპრი. მიმოხილვა

AutoSharing Option
კანადის გრანპრის მთავარი მოვლენები იყო "მერსედესის" მეოთხე დუბლი, "უილიამსის" პირველი პოდიუმი და პასტორ მალდონადოს პირველი ქულები - ასეთია გასული უქმეების მთავარი მოვლენები.

გარდა ამისა, ლუის ჰემილტონმა მიმდინარე სეზონში მეოთხე ეტაპი მოიგო და ისევ გაიმყარა ლიდერობა ჩემპიონატში. და კიდევ ერთი გმირი გახდა ვალტერი ბოტასი. მან ტაქტიკურად აჯობა კიმი რაიკონენს და წელს "უილიამსს" პირველი პოდიუმი მოუტანა...

მერსედესი
მონრეალში "მერსედესი" ისევ მიუღწეველი გახდა კონკურენტებისთვის. ლუის ჰემილტონმა და ნიკო როსბერგმა ამ სეზონში უკვე მეოთხე დუბლი მოუტანეს "მერსედესს". თანაგუნდელებს შორის ბრძოლა, ფაქტობრივად, სტარტზე გადაწყდა, როცა ბრიტანელმა
შეინარჩუნა პირველი ადგილი. მოგვიანებით, როსბერგი ცდილობდა ლიდერზე ზეწოლას, მაგრამ შესატევ პოზიციაზე ვერ გავიდა.

შვიდი რბოლის შემდეგ ჰემილტონის უპირატესობა გენერალურ კლასიფიკაციაში 17 ქულას შეადგენს. როსბერგის ბედი კვლავაც მის ხელშია, მაგრამ ის ზედიზედ მეორე რბოლაა, პარტნიორზე ნელია.

წინ არის ავსტრიის გრანპრი - ერთადერთი რბოლა შარშან, რომელზეც "მერსედესმა" კვალიფიკაცია ვერ მოიგო.

ფერარი
"ფერარიმ" მონრეალი გაორებული გრძნობით დატოვა. ერთი მხრივ, სებასტიან ფეტელს ლამაზი გარღვევა გამოუვიდა ბოლო რიგებიდან მეხუთე პოზიციამდე, მაგრამ, მეორე მხრივ, კიმი რაიკონენმა დაკარგა პოდიუმი.

ბოლო დროს პადოკში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ მარანელოში ეძებენ კიმის შემცვლელს. მართალია, კანადაში ფინელმა მესამე ადგილი პიტსტოპებზე დაკარგა, მაგრამ რბოლა დაგვამახსოვრდა რაიკონენის უცნაური მოცურებით.

უილიამსი
კანადის გრანპრი საუკეთესო რბოლა იყო "უილიამსისთვის" წელს. სეზონის წინ ბრიტანულმა გუნდმა დაკარგა სისწრაფე "ფერარისთან" მიმართებაში, მაგრამ ამჯერად, "სკუდერია" უკან დარჩა. ორივე პილოტი თავის შედეგს ტაქტიკოსების კარგ მუშაობას უნდა უმადლოდეს. მაგალითად, ბოტასმა რაიკონენს უფრო გვიანი პიტსტოპის ხარჯზე გაუსწრო.

ლოტუსი
კანადაში "ლოტუსმა" მოულოდნელად და ძალიან სერიოზულად მოუმატა - გუნდის პილოტები ისევ იბრძოდნენ პირველ ხუთეულში მოსახვედრად. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე მსჯელობა - რეალურია თუ არა მანქანის ეს ტემპი. შესაძლოა, თავისი როლი ითამაშა ძრავის სიმძლავრემ, რადგან ამ უქმეებზე "მერსედესის" სხვა კლიენტებიც ძლიერად გამოიყურებოდნენ. თუმცა, ცხადია, რომ რომენ გროსჟანს მოუწევს სერიოზული საუბარი ხელმძღვანელობასთან: ფრანგი მინიმუმ 10 ქულაზე მიდიოდა, მაგრამ უილ სტივენსს შეეჯახა. მიუხედავად ამისა, "ლოტუსმა" შვიდი ქულა მიიღო და ორი საფეხურით მაღლა ავიდა კონსტრუქტორთა თასზე.

რედ ბული
"რედ ბულმა" კანადიდან მხოლოდ ორი ქულა წაიღო - 11-ით ნაკლები, ვიდრე მონაკოში. ამ უქმეებზე "რენოს" ძრავები არაკონკურენტუნარიანი იყო და ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი მათი მწყობრიდან გამოსვლა. ასევე, არ შეიმჩნეოდა პროგრესი შასის მუშაობაში - გუნდს აქვს განახლებები, მაგრამ ამაოდ. დანიელ რიკარდომ ფინიშის შემდეგ, უბრალოდ, ხელები გაშალა: რბოლაში სიჩქარე საერთოდ არ იყო.

მაკლარენი
კანადის გრანპრის წინ ცნობილი გახდა, რომ "ჰონდამ" იზრუნა ძრავის საიმედოობაზე, მაგრამ საინტერესოა, რას იტყვიან იაპონური კონცერნის წარმომადგენლები ორმაგი გამოთიშვის შემდეგ. თუმცა ტექნიკურ პრობლემებამდეც საქმეები ცუდად იყო და ამან კამათი გამოიწვია რადიოთი. ფერნანდო ალონსომ დაიჩივლა: "მომეცით საშუალება ვირბოლო, ოდნავ მაინც მივიღო სიამოვნება. შემდეგ ვიფიქროთ საწვავზე".

საერთო ჩათვლა
1. ჰემილტონი (მერსედესი) - 151
2. როსბერგი (მერსედესი) - 134
3. ფეტელი (ფერარი) - 108
4. რაიკონენი (ფერარი) - 72
5. ბოტასი (უილიამსი) - 57
6. მასა (უილიამსი) - 47
7. რიკარდო (რედ ბული) - 35
8. კვიატი (რედ ბული) - 19
9. გროსჟანი (ლოტუსი) - 17
10. ნასრი (ზაუბერი) - 16

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული