ფორმულა 1: ბატონი მოწამლეს და გაქურდეს

AutoSharing Option
ბრიტანულმა ტაბლოიდმა Sun-მა დაწერა იმ უსიამოვნო ინციდენტის შესახებ, რომელიც კურორტ სან-ტროპეში დასვენებისას შეემთხვათ "მაკლარენის" პილოტს ჯენსონ ბატონსა და მის მეუღლეს ჯესიკა მიჩიბატას.

კერძოდ, ორი დღის წინ, ისინი გაურკვეველი აირით დააძინეს და გაქურდეს. ზარალი დაახლოებით 300 ათას გირვანქა სტერლინგს უტოლდება. დაკარგულ ნივთებს შორისაა ჯესიკა მიჩიბატას 250 ათასად შეფასებული საქორწინო ბეჭედი. ბატონის, მისი მეუღლისა და მათი სამი მეგობრის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ვარსკვლავური წყვილი იჯარით აღებულ სამსართულიან ვილაში ისვენებდა. საფრანგეთის პოლიცია დარწმუნებულია, რომ დასაძინებელი გაზი ვენტილაციის სისტემაში გაუშვეს. თურმე, ეს პირველი მსგავსი
შემთხვევა არ არის ამ რეგიონში. როგორც ამბობენ, სწორედ ასე ძარცვავენ მდიდარ დამსვენებლებს რუსული და რუმინული ბანდები.

"პოლიციელებმა დარწმუნებით განუცხადეს ჯენსონს, რომ ვენტილაციის სისტემაში უსუნო გაზი გაუშვეს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ასეთ ხერხს დამნაშავეები სულ უფრო ხშირად მიმართავენ. ჯენსონსაც მიაჩნია, რომ სწორედ ასე მოხდა ყველაფერი.

მძარცველებმა თავდაყირა დააყენეს ის ოთახი, სადაც ბატონსა და მიჩიბატას ეძინათ, მაგრამ შეუმჩნეველნი დარჩნენ სწორედ ძლიერმოქმედი აირის გამო. მათ ღრმად ეძინათ, ისევე, როგორც ოჯახის სამ მეგობარს, რომლებიც სხვა ოთახებში იმყოფებოდნენ. დილით, მათ ძლიერი წყურვილის გრძნობით გაიღვიძეს და დაინახეს, რომ სახლში დიდი არეულობა იყო. პოლიცია ვარაუდობს, რომ დამნაშავე ორი იყო და ძარცვამდე ისინი რამდენიმე დღე უთვალთვალებდნენ ვილას", - განაცხადა ბრიტანელი ავტომრბოლის წარმომადგენელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული