ცირკის ახალი ამბები

AutoSharing Option

შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორი გუნდის - "რედ ბულის" წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ახალი ბოლიდის - RB7-ის პრეზენტაციის თარიღი გაუმხილეს. მანქანას პირველ თებერვალს ვალენსიაში, რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე წარადგენენ და იქვე დაიწყებს გუნდი წინასასეზონო ტესტებს. ღონისძიება ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ჩაივლის.

 

ავსტრიული საჯინიბოს პილოტები - სებასტიან ფეტელი და მარკ უებერი უბრალოდ შალითას გადახდიან მანქანას, რის შემდეგაც გაიმართება მოკლე ფოტოსესია. ამის შემდეგ ბოლიდს ტრასაზე გაუშვებენ.

 

ასევე პირველ თებერვალს წარადგენენ საკუთარ მანქანებს - "მერსედესი", "უილიამსი", "ტორო როსო" და "ლოტუსი", ერთი დღით ადრე კი გაიმართება "ლოტუს რენოსა" და "ზაუბერის" პრეზენტაციები.

ყველაზე ადრე თავის ახალ მანქანას "ფერარი" გაგვაცნობს - ეს 28 იანვარს მარანელოში მოხდება.

 

 

* * *
იტალიის დედაქალაქმა რომმა საბოლოოდ თქვა უარი ქალაქის ცენტრში ფორმულა 1-ის ეტაპის გამართვაზე. ამის შესახებ რომის მერმა ჯანი ალემანომ გამოაცხადა. როგორც აღმოჩნდა, რომაელთა გეგმებს ხაზი გადაუსვა ბერნი ექლსტოუნის წერილმა. ფორმულა 1-ის ფაქტობრივმა მფლობელმა დაწერა, რომ იტალიაში მხოლოდ ერთი ეტაპი გაიმართებოდა, ამიტომაც რომას მერიამ გადაწყვიტა უარი ეთქვა ლეგენდარულ მონცასთან ბრძოლაზე.


"ფორმალურად უარი ვთქვით რომის გრან-პრის ჩატარებაზე, - ამბობს ჯანი ალემანო იტალიურ გაზეთ "ლა სტამპასთან" ინტერვიუში. - ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია ჩვენსა და მონცას შორის არჩევანის გაკეთებას გადაწყვეტდა, ბრძოლას ჩამოვშორდებოდით. ახლა ჩვენს ძალისხმევას 2020 წელს რომში ოლიმპიადის ჩატარებას მივუძღვნით".


სხვათა შორის, ეს იყო რომის ქუჩებში ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარების მეორე მცდელობა და ისევ წარუმატებლად დასრულდა. პირველი პროექტი 1985 წლით თარიღდება და ის რბოლა წინასწარ კალენდარშიც კი იყო შეტანილი, მაგრამ "მწვანეების" პროტესტის გამო რომის მთავრობას განაცხადის უკან გატანა მოუწია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 1954 წელს რომის ქუჩის ტრასაზე ფორმულა 1-ის გრან-პრი ჩატარდა, რომელიც არ შედიოდა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩათვლაში.

 


* * *
საფთრხე დაემუქრა ავსტრალიის გრან-პრის ჩატარებას. ამ ეტაპის გამართვაზე თავად მელბურნის მერი რობერტ დოილი ამბობს უარს, რადგან მიაჩნია, რომ რბოლა "ალბერტ-პარკზე" ყოველ წელს მძიმე ტვირთად აწვება ქალაქის ბიუჯეტს.

 

მოქმედი კონტრაქტი ფედერაციასთან 2015 წლის ბოლომდეა გაფორმებული, ამის შემდეგ კი ჩემპიონატის კალენდრიდან, შესაძლოა, ავსტრალიის რბოლა გაქრეს. დოილის ვარაუდით, მალე ფინანსური დანაკარგი 70 მილიონ დოლარს მიაღწევს და რბოლა არ შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკურად გამართლებულ პროექტად.

 

დოილის აზრით, უახლოეს წლებში არსებობს მოვლენათა განვითარების ოთხი ვარიანტი: ფორმულა 1-ის კომერციული ბოსი ბერნი ექლსტოუნი ხაზს გადაუსვამს ავსტრალიის გრან-პრის და ეტაპს სხვა ქვეყანას მისცემს; ექლსტოუნი მოითხოვს ღამის რბოლის ჩატარებას და ამისთვის ეტაპს "ალბერტ-პარკიდან" ავსტრალიის სხვა რაიონში სპეციალურად აშენებულ ავტოდრომზე გაიტანს; მელბურნის ტრასას მოდერნიზაცია შეეხება და ის გააგრძელებს მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპის მიღებას; დაბოლოს, მელბურნის მთავრობა უარს იტყვის ავსტრალიის გრან-პრიზე. დოილი მიიჩნევს, რომ ბოლო ვარიანტი ყველაზე გამართლებული იქნება.

 

* * *
ბრიტანული ყოველკვირეულის, Autosport-ის ახალი ნომერი იტყობინება, რომ "ფერარიმ" გაახანგრძლივა სასპონსორო ხელშეკრულება თამბაქოს მწარმობელ კომპანია Marlboro-სთან.

 

ოფიციალურად ამის შესახებ ახალი მანქანის პრეზენტაციისას გამოაცხადებენ, რომელიც 28 იანვარს მარანელოში გაიმართება. ახალი კონტრაქტი 2014 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

 

ეტაპების მასპინძელ უმეტეს ქვეყანაში თამბაქოს რეკლამა აკრძალულია, ხოლო გასულ წელს Marlboro იძულებული იყო უარი ეთქვა "ფერარის" ბოლიდზე შტრიხ-კოდების გამოყენებაზე. მიუხედავად ამისა, "სკუდერიას" ფერები მაინც ამ კომპანიასთან ასოცირდება. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით Marlboro იტალიურ გუნდს ყოველწლიურად 150 მილიონ ევროს უხდის. სანაცვლოდ, ბევრი პრივილეგიით სარგებლობს - შეუძლია თავისი სტუმრები დაპატიჟოს გუნდის ბაზაზე ან გრან-პრის დროს ბოქსებში, აგრეთვე უფლება აქვს "სკუდერიას" ბრენდი თავის სარეკლამო კამპანიაში გამოიყენოს.


"ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში ვერანაირ ბარიერს ვერ ვხედავ, - განაცხადა "მარლბოროს" მფლობელმა კომპანია Philip Morris International-ის წარმამოდგენელმა. - ჩვენი პარტნიორული თანამშრომლობა უკვე 20 წელს ითვლის, ერთმანეთს ყოველთვის გვერდით ვედექით წარმატების მომენტებსა და მარცხის დროს."

 

* * *
ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ფინელი იურკი იარვილეჰტო არაგანზრახ მკვლელობისთვის სასამართლოს წინაშე წარსდგება.


გასულ წელს იარვილეჰტო არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა კატერს და ავარია მოახდინა - მდინარეზე გადებულ ხიდს შეეჯახა. ამის გამო ყოფილი პილოტის მეგობარი დაიღუპა. გარდა ამისა, იარვილეჰტო სიჩქარის გადაჭარბებისთვისაც დაისჯება - კატერი საათში 40 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა ზონაში, სადაც სისწრაფე 5 კმ/სთ-მდეა შეზღუდული.

 

იურკი იარვილეჰტო ფორმულა 1-ში 1989-94 წლებში გამოდიოდა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული