ფორმულა 1. სინგაპურის გრან-პრის შემდეგ: ფეტელის ფენომენი

AutoSharing Option
სინგაპურის გრან-პრიზე სებასტიან ფეტელის მოგებამ ყველას შეახსენა "რედ ბულში" გერმანელის გამარჯვებების პერიოდი, როცა პელოტონიდან ვერავინ ახერხებდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ერთი წლის წინ, ფეტელს დიდი კრიტიკა შეხვდა. დანიელ რიკარდოს წარმატებების ფონზე, გერმანელის ცუდმა გამოსვლამ ბოროტ ენებს საბაბი მისცა და მათაც სიამოვნებით დაადანაშაულეს გერმანელი იმისთვის, "რედ ბულიდან" პრობლემებს გაექცა. ისინი გვახსენებდნენ, რომ ყველა საჩემპიონო ტიტული სებმა პელოტონში საუკეთესო მანქანით მოიგო. მაგრამ, მიმდინარე სეზონში ფეტელმა ღირსეულად უპასუხა კრიტიკოსებს.

"ფენომენალურია, როგორი ენთუზიაზმით ესალმებოდნენ გულშემატკივრები ფეტელის გამარჯვებას. "მერსედესის" 18-თვიანი დომინირების შემდეგ, ფორმულა 1-ის სამყარო მონატრებული
იყო სხვების წარმატებას. დღეს, გერმანელის კრიტიკოსებს ძალიან უჭირთ არგუმენტების მონახვა იმის სასარგებლოდ, რომ ფეტელი მხოლოდ საშუალო დონის პილოტია და თავის გამარჯვებებს პელოტონში საუკეთესო მანქანას უნდა უმადლოდეს, - მიაჩნია The Telegraph-ს. - დიახ, 2014 წელი კატასტროფა იყო. ფეტელი აშკარად არ ჰგავდა თავის თავს. მამობა, გამოფიტულობა ოთხი წელი მუდმივი მოგებების შემდეგ, ავტომობილების ახალი თაობა - როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, დასახულ ამოცანებს მან ვერ მიაღწია. მაგრამ, წელს პილოტი უფრო ძლიერი დაბრუნდა. როგორც არასდროს. უნაკლოა კვალიფიკაციაში, შეცდომები წარსულს ჩაბარდა და ისევ იგრძნო მოგებების გემო".

სეზონში მესამე მოგებამ და ლუის ჰემილტონის გავარდნამ, ფეტელს საშუალება მისცა მიახლოებოდა ჩემპიონატის ლიდერს. თავად გერმანელმა ფინიშის შემდეგ განაცხადა, რომ, შესაძლოა, "ფერარიმ" შეუძლებელი გააკეთოს და ბოლო მომენტში ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლოს. ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ექვსი რბოლა რჩება და "მერსედესის" უპირატესობა უდავო ჩანს, მაგრამ იტალიურ პრესას მიაჩნია, რომ ჯერ დაკარგული არაფერია.

"სხვაობა უდიდესია. ფეტელი ჰემილტონს 49 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მხოლოდ რვა ქულას აგებს როსბერგთან. იმისთვის, რომ რეალურად ჩაებას ბრძოლაში, გუნდს სჭირდება დრამატული გარღვევა ან "მერსედესის" ჩავარდნები. ერთმა მომენტმა, შესაძლოა, ანუგეშოს "ფერარი": ბოლო ოთხ რბოლაში სებასტიანმა უფრო მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე ვინმე სხვამ - 68 ქულა ჰემილტონის 58-ის წინააღმდეგ. და ეს იმ დროს, როცა ფეტელმა ბელგიაში რბოლა ვერ დაასრულა, - წერს La Gazzetta dello Sport. - რომ არა ბოლოსწინა წრეზე საბურავის მწყობრიდან გამოსვლა, გერმანელი მესამე ადგილზე გავიდოდა, 15 ქულით მეტი ექნებოდა, შესაბამისად, ლიდერთან ჩამორჩენა მხოლოდ 34 ქულა იქნებოდა. იმედი ვიქონიოთ, რომ აბუ დაბის რბოლის შემდეგ, არ მოგვიწევს კიდევ ერთხელ ბელგიური ინციდენტის გახსენება".

* * *
არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ფეტელის გამარჯვება, დიდწილად, "მერსედესის" პრობლემების წყალობით გახდა შესაძლებელი. უკვე პარასკევიდან მოყოლებული, გერმანული საჯინიბო კონკურენტებზე გაცილებით ნელი იყო. მაშინ ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჩემპიონატის ლიდერი თავის კოზირებს კვალიფიკაციისა და რბოლის დროს გამოაჩენდა. რეალურად, ყველაფერი გაცილებით მარტივი აღმოჩნდა - "მერსედესს" მართლაც აღმოაჩნდა პრობლემები.

"იაპონიაში ჰემილტონი გაემგზავრება უსიამოვნო კითხვით: იყო თუ არა სინგაპურში ჩავარდნა ერთჯერადი შემთხვევა და რაიმე უფრო მეტი? ამას ძალიან მალე გავარკვევთ", - წერს Sky Sports.

"პარასკევს, "მერსედესმა" "რედ ბულთან და "ფერარისთან" მიმართებაში სამი წამი წააგო. და კვირა საღამოს, ტოტო ვოლფმა სიტუაციას "გაუგებარი" უწოდა. რა შეიძლებოდა მომხდარიყო? იქნებ, გუნდს უბრალოდ ტრასა არ აწყობდა? მაგრამ სამი წამი ბევრია. ორ კვირაში ასეთი ჩამორჩენა არ უნდა წარმოქმნილიყო, - აგრძელებს Sky Sports. - "მერსედესი" ვერ იგრძნობს თავს დამაჯერებლად იქამდე, სანამ გუნდი არ გაერკვევა - რა მოხდა სინგაპურში".

კაცი ტრასაზე
სინგაპურის გრან-პრის დროს უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი - რბოლის მსვლელობისას, ტრასაზე გავიდა გულშემატკივარი. ეს აღმოჩნდა ბრიტანეთის მოქალაქე, რომლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

დარღვევას ამგვარი კვალიფიკაცია მისცეს - მოქმედება, რომელიც სიცოცხლის საფრთხეს უქმნიდა გარშემო მყოფებს. ასე რომ, 27 წლის ბრიტანელს ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება, აგრეთვე მოუწევს 1.8 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა. სასამართლო გარჩევა 6 ოქტომბერს არის დანიშნული.

რბოლის დროს, გულშემატკივარი ღობეზე არსებულ ხვრელში გაძვრა და ტრასაზე აღმოჩნდა. ორგანიზატორებმა სასწრაფოდ უსაფრთხოების მანქანა გაუშვეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, ბრიტანელმა იგივე გზით დატოვა სახიფათო ზონა, რომლითაც ტრასაზე აღმოჩნდა.

უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო დამრღვევის დაკავება, რის შემდეგაც ის პოლიციას გადასცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული