ფორმულა 1. სინგაპურის გრან-პრის შემდეგ

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-13 ეტაპის - სინგაპურის გრან-პრის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი შემოგვთავაზა...

კვალიფიკაცია
- სებასტიან ფეტელმა კარიერაში 46-ედ მოიგო კვალიფიკაცია, რითაც შეწყვიტა პოულის გარეშე გრძელი სერიები - საკუთარი (31 გრან-პრი) და "ფერარის" (60). სებასტიანისთვის ეს იყო 70-ე სტარტი პირველი რიგიდან.

- სინგაპურის გრან-პრიმდე, ზედიზედ 31 პოული მოგებული ჰქონდა "მერსედესის" ძრავებით აღჭურვილ მანქანებს. ეს სერია "ფერარიმ" შეწყვიტა.

- კვალიფიკაციაში მეორე ადგილზე გასვლით, დანიელ რიკარდომ გაიმეორა საუკეთესო სტარტი კარიერაში. შარშან, ის მეორე იყო ავსტრალიასა და
ჩინეთში.

- ლუის ჰემილტონმა შეწყვიტა ორი სერია - ზედიზედ შვიდი პოული და ზედიზედ ოცი სტარტი პირველი რიგიდან. ბრიტანელს ერთი პოული არ ეყო იმისთვის, რომ გაემეორებინა აირტონ სენას რეკორდი. "მერსედესისთვის" შეწყდა სერია - ზედიზედ 23 პოული. გერმანული გუნდი ვერ გაუთანაბრდა "უილიამსის" რეკორდს - ზედიზედ 24 პირველი ადგილი.

- შეწყდა ნიკო როსბერგის სერია - გერმანელი ზედიზედ 32 რბოლაში იღებდა სტარტს პირველი ოთხეულიდან. სინგაპურში კვალიფიკაცია ყველაზე უარესი იყო "მერსედესისთვის" აშშ-ის 2013 წლის გრან-პრის შემდეგ, სადაც ჰემილტონმა მეხუთე დრო აჩვენა, როსბერგმა - მე-12.

- ფერნანდო ალონსოს ზედიზედ 60 რბოლაა სტარტი არ აუღია პოულიდან და პირველი რიგიდან. პირველად სინგაპურის გრან-პრის ისტორიაში, პირველ ათეულში არ აღმოჩნდა "მაკლარენის" არც ერთი მანქანა.

რბოლა
- ტრადიცია შენარჩუნდა - რბოლას სინგაპურში მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონები იგებენ. და ფეტელს ამ გამარჯვებების ნახევარი აქვს - რვიდან ოთხი. სინგაპური ერთ-ერთია იმ ორი ტრასიდან, სადაც სებასტიანი ზედიზედ ექვსჯერ ასულა პოდიუმზე (2010-15). მეორე ტრასაა
- "სუზუკა" (2009-14), სადაც უახლოეს კვირას მორიგი ეტაპი გაიმართება.

- ფეტელი პირველი მრბოლელია ისტორიაში, რომელმაც კარიერაში 1800 ქულის ზღვარს გადააჭარბა. ახლა, გერმანელს 1821 ქულა აქვს. სებასტიანმა კარიერაში 42-ე რბოლა მოიგო, 75-ჯერ ავიდა პოდიუმზე და 70-ედ ლიდერობდა რბოლაში.

- კარიერაში მეცამეტედ, ფეტელი ლიდერობდა რბოლაში სტარტიდან ფინიშამდე. ამ მაჩვენებით გაუთანაბრდა ჯიმ კლარკს, რომელიც მეორეა საერთო რეიტინგში. პირველია - აირტონ სენა (19). ფეტელი სამჯერ სტარტიდან ფინიშამდე ლიდერი სწორედ სინგაპურში იყო (2011, 2013, 2105).

- პირველად ესპანეთის 2013 წლის გრან-პრის შემდეგ, "ფერარის" ორივე პილოტი ვიხილეთ პოდიუმზე.

- დანიელ რიკარდო კარიერაში მეათედ და ამ სეზონში მეორედ ავიდა პოდიუმზე. ავსტრალიელი პირველად გავიდა მეორე ადგილზე - აქამდე, სამჯერ რბოლა მოიგო და ექვსჯერ მესამე მივიდა ფინიშთან.

- მესამედ ამ სეზონში, დანიელ რიკარდომ რბოლის საუკეთესო წრე გაიარა. ყოველ ჯერზე ეს ხდებოდა დაბალი სიჩქარის ტრასებზე - მონაკოში, უნგრეთში და სინგაპურში.

- ნიკო როსბერგმა ახალი რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 179-ე რბოლაში მიიღო მონაწილეობა. 2006 წელს, ბაჰრეინში დაიწყო მისი კარიერა და მას შემდეგ, არც ერთი კვალიფიკაცია ან რბოლა არ გამოუტოვებია.

- პირველად 2013 წლის შემდეგ, როსბერგმა ვერ შეძლო ზედიზედ ორ რბოლაში პოდიუმზე ასვლა.

- სერხიო პერესმა გააგრძელა თავისი წარმატებული სერია სინგაპურში. ის გახდა ერთადერთი მრბოლელი, რომელიც ამ ქვეყანაში ყველა რბოლაში აგროვებდა ქულებს - ზედიზედ ხუთჯერ, არადა, არასოდეს პირველი ათეულიდან სტარტი არ აუღია.

- პირველად "ტორო როსოს" ისტორიაში, ორივე პილოტმა სინგაპურში ქულები აიღო.

- ლუის ჰემილტონმა ვერ დაასრულა რბოლა - პირველად ბელგიის შარშანდელი გრან-პრის შემდეგ. ბრიტანელმა შეწყვიტა 19-რბოლიანი სერია, როცა ქულათა ზონაში შედიოდა.

- პირველად სინგაპურის გრან-პრის ისტორიაში, "მაკლარენმა" ვერ შეძლო ქულების დაგროვება. პირველად ამ გუნდის ორივე მანქანა ფინიშამდე ვერ მივიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული